logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებია დღეს, ვიდრე მარიხუანას აფთიაქში გაყიდვა-არგაყიდვა
- +

24 სექტემბერი. 2016. 11:07



პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მარიხუანა გაიყიდება აფთიაქებში. ამ განცხადებას „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე გადაცემაში „360 გრადუსი" ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი.


„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, დაბოლილებმა ვუყუროთ ამ სამყაროს. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, გაცილებით უფრო მეტ რეალობაში ვართ და გაცილებით მეტად ადეკვატურები უნდა ვიყოთ, ვიდრე მარიხუანას აფთიაქში გაყიდვით. მე შეიძლება ვისაუბრო იმაზე, რომ გადაცდომები თუ ავადმყოფობა ნარკომანია იყოს სახელმწიფოს მხრიდან ლოიალური პოზიციისა და მიდგომის საფუძველი, მაგრამ არანაირად გადამყიდველებზე. მე არ მიმაჩნია, რომ პრიორიტეტი დღეს არის მარიხუანას აფთიაქში გაყიდვა-არგაყიდვა. როდესაც ქვეყნის 25%-მდე არის ოკუპირებული, როდესაც საკმაოდ მერყევი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს ჩვენს ქვეყანას, გაცილებით უფრო ადეკვატურები უნდა ვიყოთ. ხუთი შვილი მეზრდება და უფრო რეალური, თუნდაც მეტად მკაცრი რეალობისთვის მემეტება ჩემი შვილები, ვიდრე გაბრუებული სამყაროსთვის. განათლებისა და განვითარების მიმართულებას მე უფრო ვხედავ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მიმართულებით. იმ მიმართულებით, სადაც მის სხეულს ჯანმრთელი სული დაამშვენებს. აქედან გამომდინარე, არის საკითხი, რომელიც შეიძლება წამოსწიო წინა პლანზე, და არის საკითხი, რომელიც უნდა წამოსწიო მეორე პლანზე. დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანაში გაცილებით უფრო მეტი ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი, თუნდაც ვეტერანების მხრივ, თუნდაც სოციალურად დაუცველების მხრივ, ვიდრე მარიხუანას აფთიაქებში გაყიდვაა", - განაცხადა კობა კობალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner