მსოფლიო ბანად აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვამ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია.
კერძოდ, საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თავიდანვე მიხვდა და დარწმუნდა, რომ ბურჭულაძის გაპოლიტიკოსება სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" შემოგდებული პროექტი იყო, მსოფლიო ბანისადმი აგრესიულად განეწყო, რადგან ერთბაშად გაახსენდა, ბურჭულაძე სააკაშვილთან როგორ იყო ჩახუტებული და როგორ დუმდა მაშინ, როცა ნაცრეჟიმი ქვეყანას აუბედურებდა.
საზოგადოების მეორე ნაწილს ცოცხალი თავით არ სურდა იმის დაჯერება, რომ მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი სააკაშვილის ხელში პოლიტიკურ ტიკინად გადაიქცა. ფიქრობდნენ - პაატა ბურჭულაძე - ამხელა ხელოვანი კაცი - ნაცების სათამაშო როგორ გახდებოდაო?
მერე და მერე, როცა პაატა ბურჭულაძემ „ნაცმოძრაობის" განაყოფებთან - „გირჩებთან" და ვაშაძის პარტიასთან „შეკრა კავშირი ძლიერი", „ურწმუნო თომებმაც" ირწმუნეს, რომ მსოფლიო ბანი სააკაშვილის შეკვეთილ არიას მღეროდა!
ის კი არა, პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პარტიის ლიდერები, წევრები და აქტივისტებიც განუდგნენ, „ნაციონალური მოძრაობის" ფილიალში არაფერი გვესაქმებაო.
მოკლედ, ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში გაახერხა, რომ მთელ ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები და ნაკოწიწები ავტორიტეტი საკუთარი ხელით გაესწორებინა მიწასთან.
ჰოდა, დგას ახლა ქართველი საზოგადოების წინაშე პოლიტიკურად და მორალურად გაშიშვლებული მსოფლიო ბანი, რომელსაც წყევლა-კრულვას უგზავნიან, თავლაფს ასხამენ, ატრიზავებენ, დასცინიან და სამარცხვინო პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
თუმცა, საზოგადოებაში პაატა ბურჭულაძის მიმართ არსებულ სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებასა თუ ემოციას, რამდენიმე დღის წინათ, კიდევ ერთი დაემატა - შეცოდების განცდა!
დიახ, ვინც გასულ კვირას ბურჭულაძისა და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი მოისმინა, შეუძლებელია, არ შეეცოდოს და გულითადად არ შეებრალოს ერთ დროს პატივცემული საოპერო მომღერალი, რომელიც დღეს სააკაშვილის ერთ-ერთი დამღიანი მონის, ნაპროკურორალი გვარამიას წინაშე შეშინებული თრთის და სამკეცად არის მოკუნტული.
თუ ვინმეა ისეთი, ვისაც გასულ კვირას ინტერნეტით გავრცელებული ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ მოუსმენია, სტენოგრაფიული სიზუსტით გაშიფრულ ტექსტურ ვარიანტს აქვე გთავაზობთ და მას ბოლომდე რომ ჩაიკითხავთ, ჩვენი საუბარიც მერე განვაგრძოთ, პატივცემულო მკითხველო!
მაშ ასე, ნიკა გვარამია ურეკავს პაატა ბურჭულაძეს:
პაატა ბურჭულაძე: - მოგესალმებით, ნიკა, გენაცვალე.
ნიკა გვარამია: - როგორა ხართ, პატივცემულო?
პაატა ბურჭულაძე: - კარგად. როგორ გიკითხოთ?
ნიკა გვარამია: - არა ხართ აქეთ, ხო, როგორც მივხვდი.
პაატა ბურჭულაძე: - არა, არა, მე იმაში ვარ, რა ჰქვია, ვაშინგტონში ვარ, ამერიკაში.
ნიკა გვარამია: - ხო, ვნახე დღეს. ძალიან ნირწამხდარი ვარ, რომ არ დაგიმალოთ.
პაატა ბურჭულაძე: - ცოტა ხმამაღლა, თუ შეიძლება, რა.
ნიკა გვარამია: - ძალიან ნირწამხდარი ვარ, რომ არ დაგიმალოთ-თქო, იმიტომ, რომ თქვენი „გირჩელები" დღეს გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რო „ოცნებასთან" აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ უნდა იყოს...
პაატა ბურჭულაძე: - ვინა თქვა ეგა?
ნიკა გვარამია: - ვახტანგ მეგრელიშვილმა და აყვა მთელი „გირჩი", ძალიან დიდი ბოდიში და ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა, ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო, ძალიან ვწუხვარ მართლა.
პაატა ბურჭულაძე: - ვერ გავიგე, ხუმრობაა თუ სერიოზულად მეუბნები?
ნიკა გვარამია: - რას ჰქვია ხუმრობა. ჩემ „ვოლზე" „ფეისბუქზე" ვინმე შევიდეს, თუ ვინმეს იცნობთ და ნახავთ, ხვალ ვაკეთებ მაგაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის", ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არც უარყო და მითხრა, ხო, აბა, რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო და ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა.
პაატა ბურჭულაძე: - ჩემთვისაც არ არის სულერთი, მეც პირდაპირ გეუბნები. მე თუ სწორად გავიგე, ახლა, ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან...
ნიკა გვარამია: - ეს ის არის, რაც თქვეს და აყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ის ბიჭი, რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძაან მესიმპათიურებოდა - პაპავა, რომელმაც თქვა, რო ხო, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რო საქმე ვაკეთო... ახლა ივანიშვილთან ერთად საქმის კეთებას თუ საქმის კეთება ჰქვია, კი ბატონო, მაშინ ჩვენც გვექნება ჩვენი შეფასებები, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული ღირებულებითად. ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის ჩვენ არა ვართ ღია თანამშრომლობისთვის. რომ არ გეწყინოთ მერე, მე თქვენ ძაან მიყვარხართ და პირადად გცემთ პატივს.
პაატა ბურჭულაძე: - რა უნდა მეწყინოს, მაგაზე მეტი საწყენი, რაც თქვენ მითხარით, ახლა მე მეტს ვერაფერს ვეღარ ვიგებ. მე გავარკვევ ახლა იმას ყველაფერს, იმიტომ, რომ მე წამოვედი...
ნიკა გვარამია: - კი ბატონო, მე თქვენ დაგელოდებით. ახლა მე თქვენებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა. „გირჩი" ჩემთვის არის მეასეხარისხოვანი, მარა ეხლა სადაც ჯანდიერია, სადაც თქვენ ხართ და ასე შემდეგ, ახლა იმ ხალხთან დაკავშირებით, ეგეთი ხალხი როა, რომელიც იძახის, რო ბიძინასთან ერთად ერთ მთავრობაში უნდა ვიყო, იმიტომ, რომ მინისტრობა მინდა, ნუ, ეგ ჩვენთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე.
პაატა ბურჭულაძე: - ნიკა, მე გთხოვთ ერთ რამეს. ეხლა ჩემთვის ძაან მოულოდნელი იყო. ჩემი განცხადებები თქვენ იცით, როგორც რას ვიძახი.
ნიკა გვარამია: - მე ვიცი, ბატონო პაატა, მე თქვენთან ჩემი დამოკიდებულებაც იცით თქვენ, იმიტომ გირეკავთ თქვენ ჯერ.
პაატა ბურჭულაძე: - ჰოდა, ამიტომაც, მოდი, ნუ იჩქარებ, მაცალეთ მე დღეს, ყველაფერი ის ვქნა და...
ნიკა გვარამია: - დღეს მე არაფერს არ ვაკეთებ, ვაპირებ ხვალ ამის გაკეთებას, რო იცოდეთ და თქვენც დაგირეკავთ და სატელეფონო ჩანაწერი მაშინ მოგვეცით თქვენც, იმიტომ რომ, ეხლა ასე კოალიცია ივანიშვილთან იქნება და მეორე ნაწილი არა, ეგრე არ ხდება არსად, ამიტომ ჩვენ თქვენი აზრიც გვაინტერესებს და დამირეკეთ, ოღონდ თქვენ თვითონ პირადად.
პაატა ბურჭულაძე:- აუცილებლად, აუცილებლად.
ნიკა გვარამია: - კარგით, მადლობა.
პაატა ბურჭულაძე: - დიდი მადლობა, რომ მითხარით, ჩემთვის არავის ეს არ უთქვია, არც ჩემი გუნდის წევრებს, არც არავის, ძაან საინტერესოა, რა ხდება მართლა.
ნიკა გვარამია: - კი ბატონო, დროებით.
პაატა ბურჭულაძე: - აბა, დიდი მადლობა.
ნიკა გვარამია: - კარგად.
ამ საუბრიდან 20 წუთის შემდეგ პაატა ბურჭულაძე თავად ურეკავს ნიკა გვარამიას და მათი დიალოგი ასე გრძელდება:
პაატა ბურჭულაძე: - ნიკა, გენაცვალე, პაატა ვარ.
ნიკა გვარამია: - ხო, ბატონო პაატა.
პაატა ბურჭულაძე: - მომისმინე, მე ახლა გადავრეკე იქით, გადმოვრეკე. არაფერი მაგის მაგვარი, რაღაც კონტექსტიდან ამოაგდესო, მიაწვნენო და ათქმევინესო თუ რაღაცა მოხდა და თუ დაიწვა ქვეყანა... მე ვუთხარი, არც მაგის თქმა არ შეიძლებოდა, თუ დაიწვა ქვეყანა და გადაიწვა, მერე რაღად გინდა.
ნიკა გვარამია: - არა, ეგ არ არის სიმართლე. მე ჩვეულებრივად, ეს ამბავი რომ დაიდო, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი საარჩევნო სუბიექტი, ჩვეულებრივად დავპოსტე, ჩემს ფეისბუქ-გვერდზე და ვკითხე მეგრელიშვილს, ეს მართლა თქვი-თქო? რაზეც სამჯერ გამცა პასუხი, რო დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რო მე მქონდეს ჩემი იდეების გახორციელების შესაძლებლობა და ჩემთვის დასაშვებია „ოცნებასთან" ერთ კოალიციაში ყოფნაო. არც ქვეყნის დაქცევაზეა ლაპარაკი და არც დაწვაზე, ბატონო პაატა, მე ეგენი არ მეშლება.
პაატა ბურჭულაძე: - მაშინ მე რომ ჩამოვალ, მაშინ გავარკვევ.
ნიკა გვარამია: - იცით, რომ მე თქვენ არ გაგიჩალიჩებთ, ხომ იცით, რო ეგრეა. გამორიცხულია ეგ და იქაც ყველა ისეთი ადამიანია, ვისთანაც მაკავშირებს დიდი ხნის ურთიერთობა და მაგათ მე თავს არ დავესხმები ტყუილად, გამორიცხული ამბავია ეს, მაგრამ ივანიშვილს, რომელსაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ჰყავს და რომელიც ჩემ ტელევიზიას ახევას უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმათთან ერთად მე არა მაქვს გზა. ეს უკვე ჩემი არჩევანია.
პაატა ბურჭულაძე: - მართალია, კაი.
ნიკა გვარამია: - ნუ გეწყინებათ, ძალიან გთხოვთ.
პაატა ბურჭულაძე: - მე რა უნდა მეწყინოს? მე არაფერი არ მეწყინება, მარა ის არის, მოდით, გავარკვიოთ ერთი რამე...
ნიკა გვარამია: - ჩემთვის არის გამაოგნებელი, დათო ჯანდიერთან ერთად რანაირად შეიძლება, მაგალითად, წულუკიანი იყოს ერთ მთავრობაში. ჩემთვის ეს გაუგებარია და ვახო მეგრელიშვილი ჩემთვის ფასეულობას არც მანამდე წარმოადგენდა, არც ახლა არ წარმოადგენს და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად... ნაგვის ყუთიდან ამოიღო კახა ბენდუქიძემ და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად ერთ მთავრობაში ყოფნას თუ აპირებს, ეს ისეთი მორალური კომპრომისია, რომელსაც მე არანაირად არასოდეს არ შევხედავ „სკვოზ პალცი". ეგ არი გამორიცხული, რაც არ უნდა მოხდეს, ძაან დიდ ბოდიშს ვიხდი ამისთვის, რა თქმა უნდა.
პაატა ბურჭულაძე: - კარგი. ეხლა, ნიკა, მეც მათქმევინეთ ერთი რამე.
ნიკა გვარამია: - კი ბატონო.
პაატა ბურჭულაძე: - რამდენადაც მე გავარკვიე და გავიგე, რომ მერე სულ თავს იმართლებდა, რომ ესე არ ყოფილა, ესე არ ყოფილა, ესე არ ყოფილა... პაპავა საერთოდ საქმის კურსში არ იყო არაფერში. მე რატომ მდებენ ბრალს, მე ვერ ვხვდები, ხმა არ მქონდა ამოღებულიო, პაპავამ თქვა და ამიტომაც, მოდით რა, მე ჩამოვალ და მერე გავარკვიოთ.
ნიკა გვარამია: - კი ბატონო, თქვენ როდისთვის ჩამობრძანდებით, ბატონო პაატა?
პაატა ბურჭულაძე: - მე ხვალ ღამე გამოვდივარ, ზეგ ღამე ვიქნები მიუნხენში და მაზეგ დილით ვარ უკვე თბილისში.
ნიკა გვარამია: - კი ბატონო, მადლობა.
პაატა ბურჭულაძე: - მე თვითონ გამიკვირდა, რომ ჩემთან გუნდში ეგეთი რამე თქვა ვიღაცამ. ჰოდა, თუ თქვა, უნდა ჭკუაზე მოვიყვანო, მეტი კი არაფერი არ მინდა და ხვალე ნუ ვიჩქარებთ, რა...
ნიკა გვარამია: - კარგით, ბატონო პაატა, დაგემშვიდობებით.
პაატა ბურჭულაძე: - კაი, გენაცვალე, დიდი მადლობა.
***
აი, ახლა გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ძვირფასო მკითხველო, პაატა ბურჭულაძე არ შეგეცოდათ?!
არ შეგებრალათ კაცი, რომელსაც სააკაშვილის თხუნელა გვარამიამ ჯერ საქმე გაურჩია, მერე, როგორც იტყვიან, კულტურულად „თავზე დაახურა" და ლამის ბოდიშები ახდევინა?!
არ შეგებრალათ კაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ქართველი საზოგადოება პატივს სცემდა, დღეს კი ნაცემი ლეკვივით დგას არარაობიდან ამორუსთავიორებული გვარამიას წინაშე და აღარც იცის, თავი როგორ გაიმართლოს?!
ნუთუ არ გეცოდებათ სახელმოხვეჭილი ხელოვანი, რომელსაც უკვე არამარტო „სააკაშვილის მონას", არამედ „გვარამიას ყმასაც" ეძახიან?!
ვფიქრობ, რომ ასეთი კაცი საცოდავია და პირადად მე პაატა ბურჭულაძე ადამიანურად მეცოდება!
საერთოდ, ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან, პოლიტიკური თვალსაზრისით, ახალი არაფერი გარკვეულა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის - პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ დღის წესრიგს ნაციონალები კარნახობენ და ისინი აძლევენ მითითებებს, ვისთან გაერთიანდეს, კოალიციაში ვისთან შევიდეს, რა განცხადებები გააკეთოს და რა გზით იაროს!
დიახ, კიდევ ერთხელ ყველამ დაინახა, რომ პაატა ბურჭულაძეს ნაციონალები მათ მიერ დასახული გეზიდან გადახვევას არ აპატიებენ და თუ მსოფლიო ბანი სააკაშვილის ფარვატერიდან ოდნავ გვერდზე გაცურავს, განაჩენსაც მაშინვე გამოუტანენ - პოლიტიკური ასპარეზიდან ისე გააქრობენ, როგორც გააჩინეს!
აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენია, როცა „დამოუკიდებელი ტელეკომპანიის" დირექტორი „დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის" ლიდერს საქმეს ურჩევს და აშანტაჟებს - თუ ისე არ მოიქცევი, როგორც ნაცებს გვინდა, შავ პიარს აგიგორებთ და „დაგმარხავთო"!
ეს არავის უკვირს, რადგან ასეთია „რუსთავი 2"-ის „ჟურნალისტური სტანდარტი" და ასეთია გვარამია-სააკაშვილის ნაცური „მორალი"!
გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ლოგიკურად ჩნდება ეჭვი - ნაციონალებს ბურჭულაძეზე რაღაც ძალიან მძიმე კომპრომატი ხომ არა აქვთ და მისი გამოქვეყნების მუქარით ხომ არ აიძულეს პოლიტიკაში ჩაბმა?!
თუ ეს ასეა, მაშინ პაატა ბურჭულაძე ორმაგად საცოდავი და საბრალოა!
ძვირფასო მკითხველო, რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ვფიქრობ, ასეა - ნაციონალების კლანჭებიდან პაატა ბურჭულაძის დახსნა და მისი საცოდაობისთვის წერტილის დასმა მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია იმით, რომ ბურჭულაძის კოალიციას ხმა არ მისცეს და პარლამენტს გარეთ დატოვოს!
ძვირფასო ამომრჩეველო, შეიცოდეთ პაატა ბურჭულაძე და არ მისცეთ ხმა მის კოალიციას!
ეს არის ერთადერთი გზა და საშველი, რომ მსოფლიო ბანი სააკაშვილ-გვარამიას შანტაჟისაგან გათავისუფლდეს და პოლიტიკიდანაც გაუჩინარდეს!
როგორც ვხედავთ, ამის გაკეთება პაატა ბურჭულაძეს თვითონ არ ძალუძს!
მას ქართველი ხალხის დახმარება სჭირდება, დახმარება - ხმის არმიცემით!
ჯაბა ხუბუა