„ამ გადაცემაშიც ნათელი იყო - გიორგი გაბუნია და სანდრა რულოვსი ებრძოდნენ დანარჩენებს..." - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში. არეშიძის თქმით, გაბუნია არის ადამიანი, რომელსაც არც ჟურნალისტური და არც ეთიკური ნორმები არ გააჩნია და დასძენს, რომ მასთან გადაცემაში არასდროს მივა.
„რამდენიმეჯერ იყო მცდელობა, მივეწვიე მსგავსი ტიპის გადაცემაში, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვეუბნები, რადგან ჩემთვის ეს არის კლასიკური პარტიული, ტენდენციური ტელევიზია. შეიძლება, ინტერვიუ მივცე „რუსთავი 2"-ს იმ თემებზე, რომელზეც ვმუშაობ, მაგრამ სტუდიაში არ მივალ გაბუნიასთან, კაცთან, რომლის მშობლები ხელისუფლების შეცვლისთანავე მაშინდელი პირველი არხიდან გამოყარეს, მაგრამ მან ეს ყველაფერი დაივიწყა და ემსახურება პარტიულ კონიუნქტურას. მისთვის არ არსებობს არც ჟურნალისტური და არც ეთიკური ნორმები. მისი თოქშოუს სტუმრები ყოველთვის არათანაბარ მდგომარეობაში არიან და ამ გადაცემაშიც ნათელი იყო - გიორგი გაბუნია და სანდრა რულოვსი ებრძოდნენ დანარჩენებს... მე რომ ექსტრემალურ პირობებში მუშაობის გამოცდილება მაქვს, ასეთი ვერც ექნებათ... ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობაც მიწევდა, რომელთა პოლიტიკური მრწამსი ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ ყოველთვის კარგად ვართმევდი თავს, როგორც წამყვანი. დარწმუნებული იყავით, არც ზვიად გამსახურდიასთან იყო ადვილი ურთიერთობა, არც მერაბ კოსტავასთან და არც მათ მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ ვახერხებდი ამ პარიტეტის დაცვას", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.