logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ამ ყოველივეს უკან წინა ხელისუფლება დგას!
- +

14 მარტი. 2016. 13:32



პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ხელისუფლებისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემას უწოდებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. მისი თქმით, ყოველივეს უკან წინა ხელისუფლება დგას.


„რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს უკან წინა ხელისუფლება დგას. დღეს ეს ფირები ვიღაცამ ბიზნესისთვის გამოიყენა, გაყიდა და მერე მყიდველმა დადო, თუ თავად ისინი დებენ, ამას ვინ გაარკვევს. ეს არის ლახვარი ხელისუფლებისთვის", - განუცხადა „რეპორტიორს" კაკაბაძემ.


უფლებადამცველის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება არამიზანშეწონილი იყო. კაკაბაძის განმარტებით, აღნიშნული მასალები მას შემდეგ უნდა განადგურებულიყო, რაც გამოძიება დასრულდებოდა, დამნაშავეები გამოვლინდებოდნენ და სასამართლო მათ მიმართ მკაცრ სასჯელს დააწესებდა.


„სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომა იყო არასწორი. უნდა გამკაცრებულიყო ამ მიმართულებით კანონმდებლობა. გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნელებზე და ისინი უმკაცრესად უნდა დასჯილიყვნენ. მაშინ, როცა გამოძიება არ დაწყებულა, მიიღეს გადაწყვეტილება გაენადგურებინათ კადრები. ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა კახა კახიშვილი, რომელსაც გააჩნდა სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან და რომელიც ამბობდა, რომ ამ კადრების განადგურება არ შეიძლებოდა. ეს კადრები უნდა განადგურებულიყო მას შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდებოდა და იქნებოდნენ კონკრეტული პირები დაპატიმრებულები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განადგურებულიყო ფარული ჩანაწერები.

 

პირი რომ გაასამართლო, გჭირდება მტკიცებულება. დღეს ვის გაასამართლებენ, როდესაც სახელმწიფოს მტკიცებულება აღარ გააჩნია? ამ მტკიცებულებების განადგურებაში ადამიანის უფლებების დაცვის მეტრებმა მიიღეს მონაწილეობა არასათავრობო ორგანიზაციების სახით და დღეს კიდევ აქციებს აანონსებენ, იმის მაგივრად, რომ პასუხი გასცენ საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებაზე - არის თუ არა მათი გადაწყვეტილების მიზეზი, რაც დღეს ხდება საჯარო სივრცეში; იყო თუ არა მათი დანაშაულებრივი გადაწყვეტილების შედეგი დღეს არსებული რეალობა?", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner