„ეს ფილმი იქნება პასუხი იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნების" კურსი პრორუსულია", - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კასპში ირაკლი მეზურნიშვილი გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, ფილმში „მეოთხედი საუკუნე" გადმოცემულია საქართველოში ამერიკის ყველა ელჩის თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია.
„წელს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 25 წელი სრულდება. ვგულისხმობ 1991 წლის 25 დეკემბერს, თარიღს, როცა აშშ-მ, ერთ-ერთმა პირველმა გვაღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. დიპლომატიური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს აღიარება, ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო. დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა სწორედ ამიტომ დაიბადა და „მეოთხედი საუკუნეც" სწორედ ამიტომ დავარქვი. ფილმში გადმოცემულია საქართველოში ამერიკის ყველა ელჩის თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია, განვითარების გზა, მათი ემოციები საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მეზურნიშვილის თქმით, ფილმის გადაღება არ ნიშნავს, რომ ის სუბიექტურია და დასძენს, რომ როდესაც ამ ფილმზე მუშაობა დაიწყო, „ქართული ოცნების" წევრი საერთოდ არ ყოფილა.
„სწორედ ეს ფილმი იქნება პასუხი იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნების" კურსი პრორუსულია და „ევრაზიული კავშირის კარს ვამტვრევთ". მიხარია, რომ ვერავინ დამწამებს, თითქოს სუბიექტური ვარ ან მხარეს წარმოვადგენ. ეს ჩემს კითხვებშიც არ იგრძნობა. მითუმეტეს, რომ მაშინ, როცა ფილმზე მუშაობა დავიწყე, „ქართული ოცნების" წევრი არ ვიყავი და არც ამ გუნდის პროპორციულ თუ მაჟორიტარულ სიებში მოვიაზრებოდი. ასეც რომ არ ყოფილიყო, მერწმუნეთ, როგორ სუბიექტურადაც არ უნდა დამესვა კითხვები, თითოეული ელჩი მაინც იმას იტყოდა, რასაც ფიქრობს", - განაცხადა მეზურნიშვილმა გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში.