საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებმა კახა კოჟორიძემ და სოფიო შამანიდმა დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს.
როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება.
„ჩვენიაქ მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის და ის გარემო, რომელიც შეიძლება რაღაც გარკვეულ რისკებს ქმნიდეს გარკვეული დაპირისპირებების, დიალოგის რეჟიმში გადაიზარდოს. ასევე დამატებით ვიტყვი, რომ უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ ცხადია იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სტუდენტების ორივე ჯგუფს აქვს მთელი რიგი საერთო საკითხები. მაგალითად ის რომ მიუღებელია ოდეერის ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო პოზიციაა. ამიტომ, კარგი იქნება თუ ისინი შეეცდებიან მონახონ არა ის საკითხები რაც ერთმანეთისაგან განასხვავებს, არამედ ის საკითხები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
სოფიო შამანიდის განცხადებით ის რჩება აქციაზე და დააკვირდება პროცესს, პრეზიდენტის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ აქცია მშვიდობით დასრულდება და სტუდენტებს შორის მოხდება შეთანხმება.
პრეზიდენტის მრჩევლები გასულ კვირას უკვე შეხვდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატურად გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას აპროტესტებენ.