ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქვეყანაში არეულობის სიო ქრის, სიო, რომელიც ქარიშხალში უნდა გადაიზარდოს", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორთან" საუბრისას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, კრიმინალების გააქტიურება, სტუდენტების დაპირისპირება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დაძაბვა, შეტევა ეკლესიაზე - ამ პროცესებს, როგორც ბრეგაძე ამბობს, მართავენ ის ძალები, რომლებსაც შანსი არ აქვთ არჩევნების გზით ხელისუფლება შეცვალონ.
„არ ჭირდება არანაირი გამოძიება იმას, თუ ვისი უჩინარი ხელი მართავს მთელს ამ საშინელებას. ვისი ხელი და იმის ხელი, ვისაც შანსი არ აქვს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას შეცვლის და რევანშს განახორციელებს. 2016 წლის არჩევნები ბოლო შანსია პოლიტიკური რევანშისა, რევანშისა, რომელიც 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებმა უნდა განახორციელონ. მართვადი ქაოსის დანერგვა, ქაოსის, რომელიც უკრაინის ზღვისპირა ქალაქიდან იმართება. ამის შესახებ დიდი ხანია გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები, ამის შესახებ ჩვენც დიდი ხანია ვაფრთხილებთ საზოგადოებას, მაგრამ სიტუაცია მაინც აქამდე მივიდა. ეშმაკის მანქანა საგაზაფხულოდ უკვე დაიქოქა, ეს დასაწყისია, პროცესები მეთოდურად უფრო და უფრო გართულდება, გამწვავდება, აპოგეას კი არჩევნების წინ მიაღწევს. სამწუხაროდ წინ საკმაოდ ბნელ პერსპექტივას ვხედავ, ძალიან საშიშ პროცესებს. მერწმუნეთ, რომ მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, მის ერთიანობას შეუძლია მართვადი ქაოსის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან ახალ უკრაინას მივიღებთ, თავისი მაიდნით და შემდგომი პროცესებით", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ბრეგაძემ.