logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე ხუნწის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნობა
- +

25 სექტემბერი. 2016. 21:28


 

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად ხუნწის ციხეს ეწვევა და  პირველ ეტაპზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა.


ხუნწის ციხეს ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა - იმავდროულად დაიწყო სოფელ ხუნწის ქუქითის გორაზე არსებული ნაციხარის შესწავლაც.  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სამუშაოები აწარმოა ნოქალაქევის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ქართველი, ინგლისელი და ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობით.


ნაციხარის ხუთი მონაკვეთის შესწავლისას გამოვლინდა და გაიწმინდა გალავნის 25 მეტრიანი მონაკვეთი. ციხის ციტადელის გათხრებისას აღმოჩნდა უცნობი დანიშნულების ნაგებობის ნაშთი, სადაც დაფიქსირდა ჰიდრავლიკური ხსნარით მოლესილი და კერამიკული ფილებით მოკირწყლული იატაკი. ასევე, იატაკის ქვეშ მიაკვლიეს თაღოვანი გადახურვის ოთახს, რომელიც, სავარაუდოდ, აკლდამა უნდა იყოს. აღნიშნული სივრცის კედლები და ჭერი თიხითაა მოლესილი.


ძეგლზე ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად, მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს აღმოჩენასთან. კერძოდ, ბიზანტიური წყაროებიდან კარგად ცნობილ ონოგურისის ციხესთან, რომელიც VI ს-ში ეგრისში მიმდინარე ბიზანტია - სასანიდური ირანის ომების დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა და რომელსაც ქართველი მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური გათხრების გაგრძელებასა და გამოვლენილი არქიტექტურული ნაშთების საკონსერვაციო პროექტის მომზადებას გეგმავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner