„ცეზარ ჩოჩელის ახლო ნათესავმა "ქართული ოცნების" კოორდინატორს ავტომობილი განზრახ დააჯახა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
ხუნდაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" წევრი წეროვანის დასახლებაში „კარდაკარს" ატარებდა, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის ბიძაშვილი გამოელაპარაკა და როდესაც გაიგო, რომ ის "ქართული ოცნებიდან" იყო, ავტომობილი განზრახ დააჯახა.
„ქალბატონი, რომელიც "ქართული ოცნების" კოორდინატორია, „კარდაკარს" ატარებდა. ჩემი ინფორმაციით, მას ცეზარ ჩოჩელის ახლო ნათესავმა, საკრებულოს წევრმა ვინმე ჩიტიშვილმა გაუჩერა მანქანა. ირონიულად ჰკითხა, თუ რატომ დადიოდა. შემდეგ უკან დაწია მანქანა და ქალბატონს დაეჯახა. ეს ქალბატონი ახლა იმყოფება მცხეთის საავადმყოფოში და მას, სავარაუდოდ, დილამდე დატოვებენ", -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ცნობით, წეროვნის ჩასახლებაში შიში და ფსიქოლოგიური ზეწოლა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღემდე შეინიშნება, ხოლო დღევანდელი ფაქტი ამის დასტურია.