„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წნორში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარუდგინა და განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა დარგის მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
„თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ და მოვახერხეთ. კი გვესმის, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა დარგის მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად თქვენი დახმარებით, სრულიად საქართველოს დახმარებით, ყველას ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია, მივიდეთ ყველა საარჩევნო უბანზე და მივიღოთ გადაწყვეტილება: თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გუნდს, ერთადერთ ძალას ქვეყანაში და ეს არის პარტია „ქართული ოცნება" გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, თითოეული ჩვენთაგანისთვის იყოს ბედნიერი",-განაცხადა კალაძემ.