logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია ...
- +

26 სექტემბერი. 2016. 04:58


 

ალექსანდრე ახალკაცის ცხოვრების უმძიმესი წლებია გადაღებული გოგა ხაინდრავას ტელესერიალ "ჰეროკრატიაში".


ამ ახალგაზრდის გავლილ გზაზე წლების წინ ვწერდით. სწორედ ჩვენს რედაქციაში მოვიდა პირველად ალექსანდრე, ხელში რვეულები ეჭირა და გვითხრა, რომ ამ ფურცლებზე ის ტკივილია აღწერილი, რაც მე ციხეში 5 წლის მანძილზე გადავიტანე. ისიც დაამატა, უფლის სასწაულია, იქიდან ცოცხალი რომ გამოვედიო. გულისყურით მოუსმინა ამ პატარა ბიჭს ჩვენმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ. მე სტატიის მომზადება მთხოვა და ამ სულისშემძვრელი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ბატონმა ზურაბმა გადაწყვიტა, ჩვენს ჟურნალში გაგრძელებებით გამოგვექვეყნებინა ამ ბიჭის ჩანაწერები, სადაც საინტერესოდ იქნებოდა აღწერილი ის ამბები, რომლებიც თავს გადახდა. შემდეგ სწორედ "პალიტრა L-ის" დახმარებით გამოიცა ალექსანდრე ახალკაცის რომანი - "გამოცდა ხელბორკილით",- წერს გაზეთი „გზის" ჟურნალისტი.


თეა ხურცილავა:

 

„18 წლის იყო, სამართალდამც­ველებმა ტელეფონის ქურდობის ბრალდებით რომ დააკავეს. ამბობს, ბრალი შემითითხნეს და 6 წელი მომისაჯესო. ციხიდან ამნისტიის შემდეგ, 2013 წლის თებერვალში გამოვიდა, სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი."


- ალექსანდრე, სერიალის გადაღების პროცესში თქვენც იყავით ჩართული? მოგეწონათ თქვენი პერსონაჟი?


- ვერ ვადევნებდი თვალს სერიალის გადაღებას, გოგა ხაინდრავასთან მქონდა რამდენჯერმე კომუნიკაცია. სცენარი ერთხელ წავიკითხე, მერე დაკორექტირდა და პრემიერამდე არაფერი მინახავს. ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა. ბუნებრივია, რაც მე გადავიტანე, ეს ფილმში ვერ აისახებოდა. მიუხედავად ამისა, კადრებმა ჩემზე ემოციურად იმოქმედა.


- ალბათ ცოტათი განელებული გქონდათ ის ტკივილი. ახლა ისევ გაგიახლდათ?

 

- ეს არ არის ტკივილი, რომელიც მოვიდა და წავა, ეს ტკივილი მუდამ ჩემთან დარჩება. ზოგადად, რეჟიმზე მაქვს ლაპარაკი და არა - კონკრეტულად ჩემზე. მე გადავრჩი, დღეს ცოცხალი ვარ, ჩემი საქმეები მაქვს, რეალიზებული ვარ, მაგრამ ჩემ თვალწინ იმდენი ახალგაზრდა განადგურდა სრულიად უმიზეზოდ, შეუძლებელია, ეს ტკივილი განელდეს. მე რომ ვარ ცოცხალი, ეს უფლის საჩუქარია. ლოგიკურად არ უნდა გადავრჩენილიყავი, იმდენი გადავიტანე, მაგრამ დღეს მორალური უფლება არ მაქვს, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე არ გამოვიყენო.

ფაქტობრივად, ციხეში დაიწერა ჩემი წიგნი. იმ ხელნაწერებს ვინახავ და მახსოვს, ამ ჩანაწერებს როგორ ვაკეთებდი. პირველად სწორედ თქვენი ჟურნალის მკითხველი გაეცნო ამას. თითოეულ ფურცელზე დაწერილია თარიღი. ამით დასტურდება, რომ ეს ნამდვილად იქ მაქვს დაწერილი. თქვენი რედაქტორის, ბატონი ზურაბ აბაშიძის დამსახურებით მოხდა ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდის ასახვა სერიალში. მინდა დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მას. რომ არა ბატონი ზურაბის დახმარება, ეს ფილმი სხვანაირი იქნებოდა. არ იქნებოდა ეს ალექსანდრე ახალკაცის ცხოვრებაზე. ბატონმა ზურაბმა დიდი დახმარება გამიწია და "პალიტრა L"-ში წიგნი დაიბეჭდა. ადვილი არ არის წიგნის გამოცემა საქართველოში, ეს მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მისი დახმარებით ეს მე შევძელი.


- ის კადრები რეალობას ასახავს?


- 20 პროცენტით ასახავს რეალურ სცენას. იქ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო. თუნდაც მორგის სცენა ავიღოთ: იქ მკვდარ ადამიანზე ზედ გაბამდნენ მომაკვდავ, ნაცემ-ნაბეგვ ადამიანს და ასე გტოვებდნენ რამდენიმე დღე, მიცვალებულზე დაბმულს. ეს იყო მწარე რეალობა. კარცერშიც ბევრად უარესი ვითარება იყო, ვიდრე ეს ფილმშია. ჩემს წიგნში გადმოცემულია ჩემი ციხეში ყოფნის 4 წელიწად-ნახევარი, აქ ალბათ ერთი წელია ასახული. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის დეტალი, ციხიდან რომ ჩავაბარე გამოცდა ხელბორკილდადებულმა. თან ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მე ტუბზონაში გამიშვეს. საშინელება იყო ტუბზონაში ჩემი გადაყვანა, იქ დაავადებულებთან ვიყავი და ჩემი გადარჩენა წარმოუდგენელი იყო, ყველა კვდებოდა, მე კი სასწაულებრივად გადავრჩი. როცა 2010 წელს ციხეში გამოკეტილი ამ ჩანაწერებს ვაკეთებდი, მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა, ციხიდან როგორმე გამომეგზავნა ეს ნაწერები და ოდესმე ვიღაცას გაეგო რეალურად, რა ხდებოდა იქ. მაშინ რისკზე წავედი და ეს ჩანაწერები გამოვაპარე იქიდან, რომ ხალხს სცოდნოდა, რა დღეში ვიყავით. თავის გადარჩენაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, შეგუებული ვიყავი, რომ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. ერთადერთი საზრუნავი იყო, როგორმე ჩანაწერებში ამესახა სიმართლე. შიდსიან ნემსებს უკეთებდნენ პატიმრებს, რომ დაავადებულიყვნენ, ამის თვითმხილველი ვარ. წარმოიდგინეთ, კარცერში სრულიად შიშველს ცივ წყალს რომ გასხამენ... ამ ფილმში რამდენიმე ადამიანის ამბავია ასახული და მათგან მხოლოდ მე და ვახო მაისაია ვართ ცოცხლები, დანარჩენი სამი გარდაცვლილია. ციხის უფროსიდან დაწყებული, ბადრაგით დამთავრებული, ყველა ჯალათი იყო. ამ ჯოჯოხეთში ხუთწელიწად-ნახევარი გავატარე.


- მორგში რატომ შეგაგდეს?

 

- მორგში ფაქტობრივად, მკვდარი შემიყვანეს. იქ შესული ადამიანები ჭკუიდან იშლებოდნენ, ბევრს ფსიქიკური პრობლემა გაუჩნდა. ბევრი ხონის ფსიქიატრიულში წაიყვანეს, რადგან ვერ უძლებდნენ ამ სადიზმს. ეს იყო ჩვეულებრივი კარცერის ოთახი, სადაც გვამები ეყარა. მერე მიჰქონდათ გვამები საავადმყოფოებში და იქ აფორმებდნენ მიცვალებულებს, თითქოს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. მარტო დამტოვეს ცხედრებთან. ეგონათ, მეც მკვდარი ვიყავი. რომ გაიგეს ცოცხალი ვიყავი, მაინც იქ დამტოვეს. ეს საშინელება იყო. ერთხელ ხელის თითი დამადებინეს საწოლის რკინაზე და ისე დამიმსხვრიეს თითი. ეს იარა ახლაც მეტყობა. განცხადების დაწერის გამო მოხდა: რომელი ხელით დაწერე განცხადებაო და ის თითები მომამტვრიეს. თვითონ იდგნენ და ხარხარებდნენ. ჩემმა მეგობრებმაც არ იცოდნენ, სიგარეტით რომ დამიწვეს სხეული, ეს არ ჩანს ფილმში, მაგრამ რეალობაა. არ მიყვარს ამ ყველაფერზე საუბარი და საჯაროდ აღიარება, მაგრამ იმიტომ დავთანხმდი გადაღებას, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს ქვეყანაში. საზოგადოებამ ამ სერიალით უნდა დაიმახსოვროს, რა გადაიტანა ხალხმა. ვთვლი, რომ ეს ფილმი უნდა გადაღებულიყო.

 

- ვინც გაწამებდათ, ისინი დღეს დასჯილები არიან?

 

- დასჯილი არავინ არის. ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია. ციხის დირექტორი, გაგა მკურნალიძე პირადად ხედავდა ჩემს წამებას, თვითონაც მცემდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ცივსისხლიანი ლევან პაჭკორია, რომელიც ყველაზე სადისტი იყო იმ მწამებლებს შორის. ვინ იცის, რამდენჯერ ვყავარ გალახული, ხერხემალი მან დამიზიანა, მალები დაშორებული მაქვს, მათგან კი არც ერთი დასჯილა. საქმის პროკურორი დღემდე მუშაობს. იცით, უკვე აღარც ვკითხულობ მათ. რომ გამოვედი ციხიდან, პირველივე დღეს მივუტევე. მქონდა მოლოდინი, რომ ეს რეჟიმი გასამართლდებოდა... ვხვდები კიდეც ამ ადამიანებს, რადგან როგორც უფლებადამცველს, მიწევს ციხეში შესვლა და მისალმება. უკვირთ. თუ ადამიანობის ნატამალი აქვთ დარჩენილი, ალბათ ძალიან ცუდად იქნებიან. ლევან პაჭკორია იმდენად ამაზრზენი და მკვლელი იყო, მისი დავიწყება არ შემიძლია. ის ცემით კლავდა ადამიანს. პირიდან სისხლს ანთხევდი, ის კი არ ჩერდებოდა, მაინც გირტყამდა. ჩვენ თვალწინ იღუპებოდნენ ბიჭები. ისეთი დღეები მაქვს გადატანილი, მაშინ მეც გაბოროტებული უნდა ვიყო და ქუჩა-ქუჩა ვხოცავდე ადამიანებს.


- როგორ მოახერხეთ ამის გადატანა?

 

- დიდი ნებისყოფა მაქვს. გვერდით მედგა დედაჩემი და ჩემი შეყვარებული, სოფო ოსაძე, რომელიც 5-წელიწად-ნახევარი მელოდებოდა. ყოველ ხუთშაბათს ველოდებოდი მის წერილს, სადაც მწერდა, - შენ უნდა გადარჩე. აუცილებლად უნდა გაუძლოო. ამ ძალამ გადამარჩინა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ დავშორდით, მაგრამ ციხეში მან გადამარჩინა. როცა ხელისუფლებამ სწავლის მსურველ პატიმრებს ეროვნული გამოცდების ჩაბარების შანსი მისცა, მეც ვცადე ბედი. 2010 წელი იყო. წინა წელს ვინც ჩააბარა, ყველა გაუშვეს. ეს ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ის წამლები, რომელსაც გვაძლევდნენ, მეხსიერებას აქვეითებს, ამიტომ სულ ვცდილობდი, წიგნები მეკითხა. გამოცდებზე გასვლის ნება დამრთეს, მაგრამ ქართულის ჩასაბარებლად არ გამიყვანეს. მითხრეს, უსაფრთხოების ზომები არ არის დაცულიო. ოჯახის წევრებს ეს ამბავი შევატყობინე. მალე პრესაში გაჩნდა სტატიები, გაკეთდა სიუჟეტები, რომ ტყუილად დამბლოკეს. ამ ხმაურის მერე, მეორე გამოცდაზე გამიყვანეს. მეუბნებოდნენ, - რა ინტრიგანი ყოფილხარო. უნარებში მაღალი ქულა მივიღე. ჩემი გათავისუფლების მცირე შანსი იყო, მაგრამ მაინც ვიბრძოდი. ძალიან მძიმე იყო, როცა რამდენიმე პატიმართან ერთად ბორკილდადებული მიმიყვანეს გამოცდების ჩასაბარებლად. მიხაროდა, აქედან ახლა მაინც დავაღწევ თავს-მეთქი, მაგრამ ხელისუფლებამ დადებული პირობა არ შეასრულა და ციხის კარი ჩვენთვის არ გაიღო. ისევ პატიმრობაში დამტოვეს.

 

- როგორ წარიმართა ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვენი ცხოვრება?

 

- ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე. გული მწყდება გიორგი მარგველაშვილზე. მაშინ ის განათლების მინისტრი იყო. 100-პროცენტიანი გრანტი მქონდა მოპოვებული, როცა დამიჭირეს და ციხეში ყოფნის დროს ეს გრანტი მომიხსნეს. მინისტრს ვთხოვდი გრანტის აღდგენაში დახმარებას, მაშინ მისი მოადგილე დავით ზურაბიშვილი იყო და სწორედ მისი ხელმოწერილი წერილი მივიღე, - 5 წელიწადზე მეტი იყავით პატიმარი და გრანტს ვერ აღვადგენთო. ამ წერილს დღემდე ვინახავ. თუ ოდესმე შევხვდი მარგველაშვილს, ამას გავახსენებ. როგორ შეიძლება უსამართლოდ გამოგკეტონ ციხეში, ამდენი გადაიტანო, გადარჩე და სახელმწიფომ ასეთი პასუხი გაგცეს. 3-4 ათასი ლარის წამალს მიგზავნიდნენ ციხეში ჩემი ოჯახის წევრები. ბებია და ბაბუა ჩემზე დარდით გარდაიცვალნენ... მათ გული გაუხეთქეს, რეკავდნენ და ეუბნებოდნენ, შვილიშვილს მოგისვენებთო. ოჯახს არ ჰქონდა სახსრები, მაგრამ მე შევძელი ჩემს თავში მომეძებნა ძალა და გამეგრძელებინა სწავლა და ცხოვრება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შექმნას დაპატიმრებამდეც ვაპირებდი - "ახალგაზრდები, ახალგაზრდობისა და მომავლისთვის". საჯარო ლექციებსაც ვკითხულობ ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა უნივერსიტეტში. სერიალის გასვლის შემდეგ ასობით გამოხმაურებაა, - როგორ არ მოკალი, რატომ არ იძიე შურიო? ასე არ შეიძლება. აღელვებისა და ემოციის ნიადაგზე შეიძლება ჩაიდინო დანაშაული. მთავარია, არ გაბოროტდე. ძალიან კარგი ადამიანია დირექტორის როლში მყოფი მსახიობი. თურმე 4 შვილის მამაა და შვილს უკითხავს, - მამა, რატომ დათანხმდი ასეთ უარყოფით როლზე, ხალხი ქუჩაში შეგაგინებსო. - იმიტომ დავთანხმდი, რაც ალექსანდრემ გადაიტანა, ის შენ არასოდეს დაგემართოსო.

 

- აღნიშნეთ, ციხეში ვხვდები იმ ადამიანებს, ვინც მცემდაო. თუ ნანობენ ისინი ამას?

 

- ერთხელ, ღამით რუსთაველზე შევხდით მე და ჩემი მეგობარი ლევან პაჭკორიას. დავუძახე - ვა, ლევან, ეს შენ ხარ? აგრესია არ გამომიხატავს, მინდოდა, მეკითხა - არ გრცხვენია, შენი ჩადენილის გამო-მეთქი? მაგრამ როგორც კი დამინახა, ამხელა კაცი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ალბათ იფიქრა, შური არ იძიოსო. ჩვეულებრივი კრიმინალები იყვნენ ასევე ციხის ექიმები. ისინიც ჩვეულებრივ ურტყამდნენ პატიმრებს. "ნაციონალებს" დღეს პირველ ათეულში ჰყავთ მაშინდელი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში. ის ჩვეულებრივი კრიმინალია, თვითონაც შემოდიოდა და მისი თანამშრომლებიც. გვეუბნებოდნენ, - რასაც ითხოვს რეჟიმი, ის გააკეთეთო. წერილებს ვწერდით და მათ რომ გადავცემდით, ის წერილები არც კი მიჰქონდათ, იქვე, ადმინისტრაციაში ტოვებდნენ, შემდეგ ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ წერილების გამო სასტიკად გვცემდნენ. სამარცხვინოა, რომ ეს ადამიანი დღეს უფლება დამცველად გვევლინება. ბოდიშის მოხდა უშველის იმ ოჯახებს, რომლებსაც შვილები დაუხოცეს? მე კი გადავრჩი, მაგრამ სხვებმა ხომ შვილები დაკარგეს.

 

- ვის ინტერესში შედიოდა თქვენი დაკავება?

 

- ხმამაღლა ვლაპარაკობდი იმ პრობლემებზე, რაც ხდებოდა უნივერსიტეტში და ზოგადად, ქვეყანაში. დავით კირკიტაძის დეიდაშვილთან, გიორგი ავალიანთან ვიყავი დაპირისპირებული. ის მერე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. ჩვენ შორის დაპირისპირების მიზეზი უნივერსიტეტის თვითმმართველობის მაშინდელი ბიუჯეტის - ერთი მილიონი ლარის უკანონოდ ხარჯვა იყო. ეს თანხები ავალიანისა და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების "გასტროლებში" იფლანგებოდა. ჩემი ხმაურიანი განცხადებების გამო, ტელეფონზე მუქარის ზარები არ წყდებოდა. საბოლოოდ, ყაჩაღობის მუხლით დამაპატიმრეს. თითქოს მეგობართან ერთად დავაყაჩაღე გოგონა და წავართვი მობილური ტელეფონი. ვითომ დაზარალებული "ნაცმოძრაობის" აქტივისტი აღმოჩნდა. პროკურორი მედავებოდა: დანაშაული დაკავებამდე 9 თვით ადრე, 2007 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას ჩაიდინე და მერე ნაყაჩაღარი გაყიდეო. არადა, რომ მედავებოდნენ დანაშაული ჩაიდინეო, იმ დღეს დედაჩემთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, სადაც ჩემი მოთხრობის გამო დიპლომი და ფულადი თანხა კახა ლომაიამ გადმომცა. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენს ჟურნალს. "გზა" იყო პირველი, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ჩემი ამბავი. ჩემი ჩანაწერების ნაწილი ციხეში განადგურდა. მაშინ ტუბზონაში ვიჯექი. ციხის ადმინისტრაციამ შეიტყო, ნაწერების ნაწილი საკანში იპოვა. დირექტორის კაბინეტში შემიყვანეს და სათითაო ფურცელი თავზე გადამახიეს, მერე სადისტურად გამისწორდნენ. მესმოდა, როგორ დაურეკეს ხათუნა კალმახელიძეს. მისი ხმა არასოდეს დამავიწყდება. ეუბნებოდნენ, - ახლა მოგასმენინებთ მის ყვირილს და ნახოს, წერა როგორ უნდაო. ხათუნა კალმახელიძე ჩვეულებრივი კრიმინალია, ის არ დასჯილა. სულ სამი ადვოკატი მიცავდა, აქედან ორი "ნაციონალების" კაცი იყო. ერთმა ცოტა ხნის წინ ბოდიში მომიხადა და მითხრა, ძალიან ვნანობო. თურმე მას მიხეილ სააკაშვილთანაც ჰქონდა ჩემზე საუბარი. მიშას უთქვამს, ცოტა ხანში ამ თემას ჩავფარცხავთ, ახალკაცს მოვიშორებთო. ასე უკვეთდა პირადად სააკაშვილი ადამიანების მკვლელობას. იქ გატარებული ყველა დღე საშინელება იყო. ვერც ერთ ფილმში ვერ აისახება და ვერ დაიტევს იმ რეალობას, რაც ჩვენ გადავიტანეთ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner