logo_geo
eng_logo
გიგა ბოკერია: თუ ძალადობას არ შეეშვებიან, ამ ადამიანებს თავისუფლება შეეზღუდებათ
- +

26 სექტემბერი. 2016. 11:20



გიგა ბოკერიამ  21 სექტემბერს სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვის რეჟიმში ინტერნეტ მომხმარებელთა კითხვებს უპასუხა. მაყურებელთა კითხვებს თამარ ჩერგოლეიშვილი აჟღერებდა. სხვა თემებთან ერთად, დაისვა კითხვები უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასა  და ეკლესიის უფლებებზე საქართველოში.


თამარ ჩერგოლეიშვილი: უმცირესობებზე შემოვიდა კითხვა,  ლგბტ თემის უფლებებზე, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების მიმართ რა ნაბიჯები გადაიდგმება და ზოგადად სად ვართ ახლა?


გიგა ბოკერია: თუ 90-იან წლებში რელიგიური უმცირესობები იყო მთავარი მსხვერპლი, ახლა ეს ჯგუფია. ნებისმიერი ხელისუფლების მთავარი ფუნქცია მათი ძალადობისგან დაცვაა. ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტი ყოველთვის იყო ( მეტ-ნაკლებად წარმატებით შესრულებული), რომ ძალადობა და მოძალადე ჯგუფები იყვნენ აღკვეთილნი. თუნდაც დისკუსიები და შავრაზმული დისკუსიებიც  კი, თუკი მიმდინარეობს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ დისკუსიის მონაწილეები ძალადობის მსხვერპლნი არ გახდებიან. ამ ჯგუფებს ვპირდებით ძალადობის აღკვეთას, იმ ლეგიტიმური გზით, რაც ხელისუფლებას აქვს, ამ ადამიანების თავისუფლების შეზღუდვით, თუ ძალადობას არ შეეშვებიან.


თამარ ჩერგოლეიშვილი: 2011 თუ 2012 წლის მაისში ვიცით, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და პოლიციამ ისინი მანამდე არ დაიცვა, სანამ 5-6 ადამიანის ყურამდე არ მიაღწია ინფორმაციამ. როგორ უნდა გახდეს რუტინა და არ იყოს პოლიტიკური ნების საგანი, რომ ადამიანი რომ მანიფესტაციას ატარებს, არ სჭირდებოდეს პოლიციას მითითება, რომ დაიცვას?


გიგა ბოკერია:  ისევე, როგორც მოხერხდა იმის მიღწევა, რომ 90-იან წლებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სახლში უვარდებოდნენ და ამის მოგვარება მოხერხდა იმით, რომ სახელმწიფომ გაატარა შესაბამისი ზომები და ყველამ გაიგო, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას მოყვებოდა სახელმწიფოსგან შესაბამისი ლეგიტიმური ზომები. ხელისუფლების მთავარი ფუნქცია ძალადობის აღკვეთაა და პოლიტიკური გზავნილებიც მნიშვნელოვანია. ვინც ასეთ სიძულვილს ქადაგებს და ასეთ ჯგუფებს პოლიტიკურად ხელს აფარებს, პოლიტიკურად კეთროვანია და  მიუღებელი უნდა იყოს  ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური ძალისთვის.


თამარ ჩერგოლეიშვილი:  თქვენი აზრი პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის გავლენაზე.


გიგა ბოკერია: კონსტიტუციაშიც ასეა,  რომ ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია და ეს ასეც უნდა იყოს. ხშირად ეს ასე არ არის და ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არასწორად არ უნდა გაიგოს ვინმემ, ნებისმიერ ეკლესიას და მითუმეტეს, ყველაზე დიდ ეკლესიას საქართველოში, ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს უფლება, ჰქონდეს ფუნდამენტური  შეხედულებები  ცხოვრების მრავალ საკითხზე და ეს გავლენას ახდენს მოქალაქეეზე და მოქალაქეები  პოლიტიკოსებზე - ეს საფრთხე არაა. საფრთხე ისაა, როცა ინსტიტუციონალურად ცდილობს ვინმე ამ როლის მინიჭებას ნებისმიერი სარწმუნოებისთვის. დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ თემაზე სპეკულაციით ატარ საარჩევნო კამპანია და დღემდე აგრძელებენ ამ თემით სპეკულირებას და ამ პოზიციებიდან და ზოგიერთი სასულიერო პირის ქადაგებით სიძულვილის და ძალადობის დაშვებას. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, მყარად სეკულარული სახელმწიფო იყოს საქართველო, ეს არ ნიშნავს რომელიმე კონფენსიის უფლების შელახვას და მათ დარჩებათ უფლება, ჰქონდეთ შეხედულებები საზოგადოებრივ თემებზე, რომელიც პოლიტიკურ თემებს ესაზღვრება.


თამარ ჩერგოლეიშვილი: დაფინანსება თუ უნდა ჰქონდეთ  სახელმწიფოსგან?


გიგა ბოკერია:  არა, ზოგადად,  რელიგიური ორგანიზაციები არ უნდა ფინანსდებოდნენ გადასახადების გადამხდელების ფულით. ვთვლი, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის გამო მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვებსაც სახელმწიფოსგან ეკუთვნით კომპენსაცია, მაგრამ ბიუჯეტიდან დაფინანსება არასწორია. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ვიცი, რომ სხვანაირად ფიქრობს.

 

თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის დაბრუნება შესაძლებელია?


გიგა ბოკერია: ყველა პოლიტიკური დევნილი და მათ შორის ისეთი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, საქართველოში დაბრუნდება მას შემდეგ, რაც შეიცვლება ეს ხელისუფლება და შეწყდება პოლიტიკური შურისძიების ეპოქა ივანიშვილის მარცხის შემდეგ. სააკაშვილი დაბრუნდება, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner