უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, სოფელ ციხისძირში არსებული მიწა ოფშორულ კომპანიას 1 ლარად ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. ბაკურიძემ ეს განცხადება ბათუმში, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ოფისში ბრიფინგზე გააკეთა და ამის დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერიც წარმოადგინა. უფლებადამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხი.
„ის ტერიტორია, სადაც ახლა „ნაცებს“ კარვები უდგას და ვითომდა ხეებს იცავენ, მიხეილ სააკაშვილმა 1 ლარად გაასხვისა დაუდგენელ პირზე. იმ ტერიტორიაზეა საუბარი, რომლის გამო კომპანია არ არის უფლებამოსილი, გაატაროს ტვირთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებები. კერძოდ, შპს „ზიმოს“ მიერ შესყიდული ხეების ტრანსპორტირების ერთადერთი შესაძლო მარშრუტი გადის კერძო საკუთრებაზე 90 000 კვ/მ ნაკვეთზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წლის 3 აგვისტოს გაცემული განკარგულების საფუძველზე, გაურკვეველ, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია „REDMAD FEDERATION INC“-ს 1 ლარად გადაეცა. დოკუმენტებში არ ჩანს არც ამ კომპანიის წარმომადგენელი, არც ხელმომწერი მხარე და საერთოდ არცერთი საკონტაქტო პირი, ვისთანაც შესაძლოა, რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა დამყარდეს. სავარაუდოდ, სწორედ 1 ლარად გაცემული 9 ჰექტარი მიწის მაქინაცია ადარდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შიშით ატეხეს სკანდალი ხეების გადატანაზე, რადგან გადატანის შემთხვევაში, აუცილებლად გაიშიფრებოდა სახელმწიფო ქონების მიტაცების ეს სკანდალური ფაქტი. მაშინ სად იყო გივი თარგამაძე, როცა ანიავებდნენ ტყის ფართობებს?“ - აცხადებს ბაკურიძე.