logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურაძე: თურქეთში არსებობენ რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც აჭარაში ნაცების გამარჯვებას ლობირებენ!
- +

26 სექტემბერი. 2016. 12:46



გასულ კვირას საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სარფის საბაჟოსთან თურქების მიერ გამართულმა აქციამ, რომელზეც ისინი ამტკიცებდნენ, სარფი საქართველო კი არა, თურქეთიაო! გვესაუბრება აჭარის მკვიდრი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.


- ბატონო თამაზ, რაღაც ძალიან ჰარმონიულად დაემთხვა: ჯერ ნაცების აჭარელმა ფავორიტმა ლევან ვარშალომიძემ თურქულ მედიას განუცხადა, ქართველები და თურქები ერთი ხალხია, მაგრამ ორი სახელმწიფო გვაქვსო, რამდენიმე დღეში კი თურქებმა სარფი თურქეთად გამოაცხადეს...


- ლევან ვარშალომიძე არასოდეს გამოირჩეოდა საქართველოს პატრიოტობით - ის სააკაშვილის ერთი ყურმოჭრილი მონაა! დიახ, ლევან ვარშალომიძე სააკაშვილის ტექსტებით ლაპარაკობს და ეს არის საქართველოს ღალატის იდეოლოგია! მე თუ არა, აბა, ვინ იცის, რაც აჭარას დამართეს სააკაშვილმა და მისმა მონებმა!


ლევან ვარშალომიძე ახლა რომ დადის კარდაკარ და ეკომიგრანტებს წინასაარჩევნოდ ატყუებს, ხმა მომეცით და ყველა უსახლკაროს ბინები დაგირიგდებათო, აჭარის მმართველი რომ იყო, მაშინ რატომ არ დაფიქრდა ამ გაუბედურებულ ხალხზე?!


ლევან ვარშალომიძე ახლა, წინასაარჩევნოდ რომ ჩავიდა წალკაში და იქ ჩასახლებულ აჭარლებს თავი მოაწონა, სწორედ მისი აჭარაში მმართველობის დროს არ განხორციელდა აჭარლების მასობრივი გადასახლება საკუთარი მამაპაპეული მიწიდან?!


მთელი აჭარა რომ თურქებს მიჰყიდეს ნაცებმა, მაშინ რატომ არ ახსოვდათ აჭარელი ხალხის სვე-ბედი?!


სწორედ სააკაშვილისა და ვარშალომიძის ზეობის დროს მოხდა ის, რომ აჭარაში ბიზნესის 80 პროცენტი თურქებს გადაულოცეს! მთელი სასტუმროების, კაფე-ბარების, ქარხნების აბსოლუტური უმეტესობა რომ თურქების მფლობელობაშია, ეს რა, დაავიწყდათ?


აჭარაში 37 ათასი თურქი რომ შემოგვისახლეს, ეს აღარ ახსოვთ?!


ბათუმში პატრული თურქს ჯარიმასაც ვერ უწერდა შიშით, რადგან ეს პირადად სააკაშვილის მიერ იყო აკრძალული! ამიტომაც იყო, რომ თურქები სააკაშვილის დროს ღიად ლაპარაკობდნენ - ბათუმი ჩვენიაო!


სწორედ ვარშალომიძის დროს მომრავლდა აჭარაში თურქული სასწავლებლები, რომლებიდანაც შემდეგ თურქები ბავშვებს არჩევდნენ და თურქეთში აგზავნიდნენ მედრესეებში!


ასე რომ, ვარშალომიძეს „ქართველებისა და თურქების ერთობაზე" გაუაზრებლად არაფერი უთქვამს! ეს არის ძალიან მზაკვრული გეგმის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ნეოოსმანიზმის თანამედროვე იდეოლოგმა დავუთოღლუმ გააჟღერა, ბათუმს თურქული იმპერიის სისხლხორცეულ ნაწილად მივიჩნევთო!


პირდაპირ ვიტყვი: თურქეთში არსებობს რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც აჭარაში ნაცების გამარჯვებას ლობირებენ!


- და რატომ სურთ თურქებს აჭარაში ნაცების გამარჯვება?


- იმიტომ სურთ, რომ სწორედ სააკაშვილი და მისი ნაცბანდა ასრულებს ყველაზე უკეთ ნეოოსმალისტების ოცნებებს! სააკაშვილი რევანშისთვის თურქეთს აჭარასაც კი მიჰყიდის! ამათთვის საქართველო ხომ ყიდვა-გაყიდვის საგანია და არა - სამშობლო!


სააკაშვილი, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს, ეშმაკსაც კი შეეკვრება, არამცთუ თურქებს!


- და რა შანსები აქვთ ნაცებს აჭარაში გამარჯვებისთვის?

 

- ამას ჩემი აჭარა არ დაუშვებს! აჭარაში 300 ათასზე მეტი ამომრჩეველია, ნაცებს კი თავიანთ აქციებზე სამი ათასი კაციც ვერ გამოუყვანიათ! ნაცები აჭარაში გამარჯვებას ვერ ეღირსებიან!


გამოაცალეთ ნაცებს „რუსთავი 2"-ის პროპაგანდისტული მანქანა და მათგან აღარაფერი დარჩება! რამდენიც უნდა გააკეთილშობილოს „რუსთავი 2"-მა ნაცები, აჭარაში ისინი ვერაფერს მიაღწევენ, ეს არის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დეპუტატის გაყვანა!


ნაცები დღეს რომ გაიძახიან წინასაარჩევნოდ, ჩვენ დავუბრუნებთ აჭარას რეალურ ავტონომიასო, სწორედ მაგათ არ აქციეს ფარატინა ქაღალდად აჭარის ავტონომიურობა?!


ნაცები დღეს რომ გაჰყვირიან, ჩვენ დავუბრუნებთ აჭარლებს ღირსებასო, მათ არ აჰყარეს ღირსება აჭარას?! სააკაშვილამდე აჭარაში 250-ადგილიანი ციხე იყო - ნაცების რეჟიმის დროს კი სასჯელს 2500 პატიმარი იხდიდა! ეს ძალიან დიდი რიცხვია პატარა აჭარისთვის!


დღეს ბიზნესის ხელშეწყობაზე რომ ღვრიან ნაცები ნიანგის ცრემლებს, მაგათ არ წაართვეს უამრავ აჭარელს ბიზნესი და სახლ-კარი?! მხოლოდ ბიზნესმენ როლანდ ბლადაძის მაგალითი რად ღირს, მის სახლში დღემდე რომ ცხოვრობს კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი!


- და თუ ნაცები აჭარაში არჩევნების გზით ვერ დაბრუნდებიან, რევოლუციით შეძლებენ რევანშს?

 

- ეს სცენარიც აქვთ, რა თქმა უნდა! ამათ მზაკვრობას ხომ საზღვარი არა აქვს?! მივმართავ სპეცსამსახურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრან ნაცების საქმიანობას და ძირშივე უმკაცრესად აღკვეთონ პროვოკაციის ყოველნაირი გამოვლინება!


მითუმეტეს, რომ ნაცებს აჭარის ძალოვან სტრუქტურებში არაერთი ფარული მხარდამჭერი ჰყავთ შემორჩენილი!


თქვენ სარფში თურქების მიერ გამართულ დემონსტრაცია ახსენეთ... ჩვენ რომ ნაცები და ეს „შავი ჭირი" არ მოგვეშორებინა, თურქული დროშები დღეს სარფში კი არა, ბათუმის თავზე იფრიალებდა!


დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ აჭარაში ნაცებს ვარდები დაუჭკნათ! ნაცების ვარდი აჭარაში ვეღარასოდეს გაიხარებს! ეს გამორიცხულია!

 

 

 

ესაუბრა გიორგი გიგაური

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner