ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას პასუხი მათ, ვინც პირადი ცხოვრების გასაჯაროვებით ემუქრება. როგორც გრიგოლიამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, მას შანტაჟი ვერ შეაჩერებს და ეს მუქარები მეტ ბრძოლისუნარიანობას სძენს:
"მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა იმიტომ, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი. მე ინგა ვარ, გრიგოლია, ქალი, დედა, შვილი და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა. ეს გამოუძიებელი საქმე აქამდე გამოუძიებელი იდო სოდში და მე ამ დრომდე ამაზე პირდაპირ ეთერში არასდროს არ მისაუბრია", - განაცხადა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში.