logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რუსთავი უნდა გახდეს ინდუსტრიული ქალაქი
- +

26 სექტემბერი. 2016. 12:57



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" რუსთავის ინდუსტრიულ განვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსთავი გახდება ინდუსტრიული ქალაქი და ამ ყველაფერს სჭირდება დრო.


„კონკრეტულად რუსთავის ეკონომიკაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ყველა მიმართულებით საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის გაკეთდა ძალიან ბევრი. ყველა ბიზნესმენი გამოკვეთით აღნიშნავს და ნახეთ საერთაშორისო რეიტინგები. საქართველო არის თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო, სხვადასხვა ეკონომიკური რეიტინგებით ხუთეულში შედის. საქართველოს აქვს ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგმული ამ მხრივ. ეკონომიკური გარემო არის ძალიან კარგი ინვესტიციებისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იყო გარე შოკის პრობლემა. ჩვენ მოვხვდით რეალურად კრიზისში და სამწუხაროდ, ჩვენს მოსვლას დაემთხვა ეს ყველაფერი. ამიტომ ვერ მოვახერხეთ უფრო სწრაფი და უფრო შთამბეჭდავი განვითარება. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მეხუთე ადგილზე ვართ მსოფლიოში. ზოგადად მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებლით, რაც ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელია სახელმწიფოსთვის, საქართველო იყო 137-ე ადგილზე 2012 წელს, ბოლოდან მე-6 ადგილზე. დღეს ვუსწრებთ ისეთ სახელმწიფოებს, რომ ჩამოთვლაც კი მერიდება. საფრანგეთი, ბელგია, ირლანდია - ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტს ვუსწრებთ დღეს და საოცრად მკვეთრი ცვლილებაა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ, რომ რეგიონი იყო ასეთ დღეში და კრიზისი იყო, ამაზე მეტად მკვეთრ ნაბიჯს ვერ გავაკეთებდით.

 

რუსთავი, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს ინდუსტრიული ქალაქი და ის დღესაც არის ინდუსტრიული, მაგრამ ამის ძალიან დაბალი დონეა. თუ გავიხსენებთ რუსთავის მეტალურგიულს, აზოტს... რუსთავი უნდა გახდეს თუ არა ინდუსტრიული გიგანტი, ხშირად დაუსვამთ ჩემთვის ასეთი კითხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაჰყვეს მოხმარებას და გასაღებას. ბიზნესი არ შეიძლება ასე უცებ დავგეგმოთ, ასე უცებ ისეთივე სიმძლავრის ქარხანა დავაბრუნოთ, როდესაც გასაღების ბაზარზე არის პრობლემა. ზოგადად მეტალურგებს მთელ ევროპაში აქვთ კრიზისი, ვიცი, რა ხდება ყაზახეთში, რუსეთში, ჩინეთში. რთული პერიოდია. ამ პერიოდში დაიწყო რუსთავის მეტალურგიულმა გაღვიძება და მასშტაბები გაიზრდება ბაზრის შესატყვისად. ჯერ გასაღების ბაზარი უნდა მოიპოვო და შემდეგ წარმოება გაზარდო.

 

იმ ტიპის საწარმოების შემთხვევაში, როგორიც არის რუსთავის მეტალურგიული და გნებავთ აზოტი, როგორც წესი, 4 წელი მხოლოდ პროექტირებაზე მიდის ხოლმე. საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner