„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" თბილისში აქციის გამართვას არ გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობა" თუ აპირებს, ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთოს განცხადება. „ქართულ ოცნებას" არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, რომ რაიმე შეკრებას გეგმავს. მაშინ, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილია 13-14 დღე, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი ასეთი შეკრება. გუნდში არ ყოფილა ამაზე მსჯელობა", - განაცხადა კალაძემ.
ყოფილი ვიცე-პრემიერი მეწარმეებისადმი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართვასაც გამოეხმაურა და რესპუბლიკურ პარტიას „ნულპროცენტიანი" უწოდა.
„0,3-პროცენტიანი პარტიის აბსურდულ განცხადებაზე, ვფიქრობ, პასუხის გაცემა არ არის მიზანშეწონილი", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეწარმეებს თხოვნით მიმართავს, აღარასდროს გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი „პოლიტკორექტულობის" გადმოსახედიდან. პარლამენტის თავმჯდომარე მეწარმეებს განცხადებით ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ ბიზნესმენებმა ხმა უნდა მისცენ იმ პარტიას და ლიდერს, ვინც ყველაზე უკეთ ეხმიანება არა დღევანდელ ბიზნესინტერესებს, არამედ ხვალინდელ მშობლიურ ინტერესებს.