logo_geo
eng_logo
მარიამ ჩიქობავა: „მე და საზოგადოება“ წარმოადგენს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ კურსს
- +

14 მარტი. 2016. 15:00

 

 

ახალი საგნის, „მე და საზოგადოების" ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება. განათლების სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებისა თუ ვებგვერდზე საგნის სტანდარტის გამოქვეყნების მიუხედავად, ვასაძე-ლორთქიფანიძე-ფალავანდიშვილი და მათი ჯგუფი მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მესამე-მეოთხე კლასელებს ამორალური თემების სწავლებას უპირებენ. როგორ განვითარდება მოვლენები,  ახლო მომავალი აჩვენებს. მანამდე კი, სიტუაცია „ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს" ჰგავს, რადგან სკოლებში არც საგანი დანერგილა, არც სახელმძღვანელო არსებობს და არც საგნის პედაგოგები გადამზადებულან. აშკარაა, არჩვენების მოახლოებასთან ერთად, „ვიღაცეები" ტემპერატურის აწევას და ამ საგნის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.     

 

რეალურად რა კავშირი აქვს ახალ საგანს „ოპონენტთა" მიერ დასახელებულ საკითხებთან და რატომ გახდა ამ საგნის სწავლება აუცილებელი? ამ და სხვა საკითხებზე, „ვერსია" განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსს მარიამ ჩიქობავას ესაუბრა.


-ქალბატონო მარიამ, საუბრობენ, რომ აღნიშნულ საგანში საუბარი იქნება  ლგბტ საზოგადოებაზე და მათთან დაკავშირებულ თემებზე. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ზოგადად, არის თუ არა თუნდაც ირიბი მინიშნება ამ თემაზე?

 

-თუ გაეცნობით საგნის სტანდარტის თუნდაც პირველად ან ნებისმიერ შემდგომ ვერსიას, მასში მსგავსს ვერაფერს ამოიკითხავთ. „მე და საზოგადოება" საგანი წარმოადგენს ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ კურსს და მოსწავლეს ამზადებს საბაზო საფეხურზე ზემოთ ჩამოთვლილი დისციპლინების (ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო) უკვე როგორც დამოუკიდებელი საგნების შესასწავლად. საგნის სწავლების მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. სტანდარტში აქცენტირებულია შემდეგი საკითხები: ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემოს დაცვა, კულტურულ მემკვიდრეობაზე მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, ბუნებრივი კატასტროფების დროს ადეკვატურად მოქმედება და სხვ. ჩამოთვლილი საკითხების დამუშავება და შესაბამისი უნარების განვითარება კი ხდება შემდეგი მსხვილი თემების შესწავლის გზით: ჩემი ოჯახი; სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები; გარემო (თემი), რომელშიც ვცხოვრობ; სად და როგორ ვიღებ განათლების; მედია და ინფორმაცია; მე და ჩემი ქვეყანა.


ამდენად, არასდროს, სტანდარტის არც პირვანდელ და არც შემდგომ ვერსიებში არც ეწერა და არც იგულისხმებოდა ლგბტ თემის შესახებ რაიმე ფორმით სწავლება.


-ამ საგნის მისამართით არაერთი ბრალდება ისმის, რასაც სამინისტრო უარყოფს. იქნებ გვითხრათ, თუ მსგავსი არაფერი შედის სკოლებში, რატომ არ ცხრება კამათი ამ თემაზე?

 

-მოგეხსენებათ, ახლოვდება არჩევნები და ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ერთგვარად მიღებულია ქულების დაწერა საზოგადოების პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით. ბუნებრივია, სრულიად გაუმართლებელია ცილისწამებით და ტყუილის ხარჯზე მოიპოვო მხარდაჭერა, საზოგადოება შეიყვანო შეცდომაში და ჩირქი მოსცხო არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებს, არამედ ათიათასობით მასწავლებელს. სწორედ პედაგოგებს აყენებენ პირველ რიგში შეურაცხყოფას, როცა მიუთითებენ 2004 და 2009 წლებში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცემულ წიგნებზე, მოჰყავთ ნაწყვეტები გენდერული როლების შეცვლის აქტივობების შესახებ, რომელთა საკლასო ოთახში რეალიზებაც თითქოს პედაგოგებს ევალებოდათ. გამოდის, რომ წლების განმავლობაში პედაგოგები მესამე კლასელებს ასწავლიდნენ ჰომოსექსუალიზმის შესახებ და მათ ახლა გამოავლინეს ეს ფაქტი? ვერავინ ასაბუთებს, რა კავშირშია ეს წიგნები ახლახანს შექმნილ სტანდარტთან. ეს ბატონები ტალახს ესვრიან სახელმწიფოებრივ ინსტიტუციას (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს)  იმ იმედით,  რომ რაც უფრო გაუგონარი იქნება ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელი იქნება ის საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, საგნის სტანდარტის (როგორც დასავლეთისგან თავსმოხვეული პროდუქტის) ლანძღვის  პარალელურად ჟღერდება გარკვეული ძალების მიერ შემოგდებული კონცეფცია, რომ ყოველგვარი გარყვნილება დასავლეთიდან შემოდის. ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი დავინახავთ, რომ მსგავსი პროპაგანდა  ჯერ კიდევ ქმედითია და ქართული საზოგადოება კვლავაც მტრის ხატის ძიებაშია, თანაც მტრის ხატი, საგნის მოწინააღმდეგეების მრწამსის თანახმად, აუცილებლად დასავლეთია. 


-საგანთან მიმართებაში მოსაზრებებს გამოთქვამდნენ სასულიერო პირებიც...

 

-საპატრიარქოსთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსტრუქციული განხილვები. მათთან თანამშრომლობის შედეგად, სტანდარტში შევიდა გარკვეული ცვლილებები, ზოგიერთი შედეგის ფორმულირება უფრო მკაფიო გახდა, ზოგიერთ თემას სახელი შეეცვალა (მაგ, პირველ თემას ერქვა „მე და ოჯახი" და ის ჩანაცვლდა „ჩემი ოჯახით"). ბუნებრივია, თუკი რაიმე შემაშფოთებელი იქნებოდა თავდაპირველ ვერსიაში, დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო დეტალების შემდგომი გარჩევით არ დაკავდებოდა და ამას პირველსავე შეხვედრაზე (19 ივნისი. 2015) დააფიქსირებდა. ბოლო ოფიციალური სამუშაო შეხვედრა შედგა 14 ივლისს (2015წ.). სწორედ ბოლო შეხვედრაზე საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა მეუფე იოანემ (სწორედ ის არის უფლებამოსილი საპატრიარქოს სახელით ითანამშრომლოს ამ საკითხზე სამინისტროსთან) მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის სურვილი იყო, შეხვედროდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის თაობაზე და ეს იქნებოდა ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძე გამოჩნდა სტანდარტის მიმართ თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით, რატომღაც საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მეუფე იოანეს პოზიციაც შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ მისთვის კვლავ მიუღებელი რჩებოდა რიგი საკითხები. არსებობს საპატრიარქოსთან შეხვედრების ამსახველი ოქმები, რომელთა წარმოებაზეც თავიდანვე არსებობდა ორმხრივი შეთანხმება. ამ მიზნით, ყველა ოქმის ელექტრონული ვერსია საპატრიარქოს წინასწარ ეგზავნებოდა შეჯერების და სრულყოფის მიზნით. ოქმებზე უკუგება არასდროს გვქონია და, საბოლოო ჯამში, საპატრიარქომ არცერთ ოქმზე ხელი არ მოაწერა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები სხვა სასულიერო პირების ჩართულობით, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საპატრიარქოს განათლების ცენტრს. საბოლოო ჯამში, სამინისტრომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: რამდენადაც „მე და საზოგადოების" სტანდარტში რელიგიის თემა ერთადერთი სიახლეა (სხვა თემები მანამდე ისწავლებოდა დაწყებით საფეხურზე), რომლის სწავლების გამოცდილება შეიძლება ნამდვილად არ არსებობს, გავიზიარეთ საპატრიარქოს ფრთხილი დამოკიდებულება ამ თემის სწავლასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მისი ამოღება და ჩანაცვლება თემით „მე და ჩემი ქვეყანა".


-რატომ გახდა საჭირო ამ საგნის შემოღება?

 

-ყოველი სიახლის შემოტანას წინ უძღვის გარკვეული სამუშაოების ჩატარება.  ყველასთვის ცნობილია, დღეს მოქმედი 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებები ისწავლება ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე, დაწყებით საფეხურზე კი მას აქვს გამჭოლი ხასიათი და სხვადასხვა თემის სახით არის წარმოდგენილი საგნობრივ პროგრამებში. 2013-2014 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების კუთხით არსებული ხარვეზები, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ცვლილებების შეტანის თაობაზე; კერძოდ, 2013-2014 წლებში განხორციელებულმა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგმა (რომელიც მოიცავდა საქართველოს ყველა რეგიონს და უშუალოდ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და შედეგების გაანალიზებას ისახავდა მიზნად) აჩვენა შემდეგი: მართალია, ცალკეული საკითხები გათვალისწინებულია სხვადასხვა საგნობრივ სტანდარტში (მაგ.: ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები შესულია ბუნებისმეტყველების, სპორტის საგნობრივ სტანდარტებში; უსაფრთხოდ ქცევასთან, გადაუდებელ დახმარებასთან, საგანგებო სიტუაციებში მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები შესულია სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ბუნებისმეტყველების საგნობრივ სტანდარტებში, ასევე თემები: ოჯახი, სასკოლო გარემო, საზოგადოება, სახელმწიფო შესულია სხვადასხვა საგანში), მაგრამ საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკისთვის აქტუალური თემების ინტეგრირება სათანადოდ ვერ ხდებოდა მომიჯნავე საგნებში. შეიძლება ითქვას, რომ მათზე ყურადღების გამახვილება თითქმის არ ხდებოდა. ასევე ნაკლებად ხდებოდა მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე აქცენტირება, რომელიც ამ საგნისთვის,  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ქვეყნის კონსტიტუციისთვისაა პრიორიტეტული.


გარდა მონიტორინგისა, გარკვეული ხარვეზები გამოავლინა სხვა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კვლევებმაც. პირველ რიგში, აღვნიშნავდით გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ჩატარებულ „საჯარო სკოლებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კვლევას", რომელმაც საგანგაშო შედეგები აჩვენა მოსწავლეების მხრიდან პირადი ჰიგიენისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით, რაც მოზარდებში მაღალ ავადობასა, თუ დაავადებების სწრაფ გავრცელებას განაპირობებს. ასევე საგანგაშოა მოსწავლეების საგზაო შემთხვევების სტატისტიკა, რომელიც მათი მხრიდან გაუფრთხილებლობისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ხდება.


დღის წესრიგში დადგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე ფოკუსირებული და სისტემური მიდგომის საჭიროებას, როგორებიცაა: პირადი უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ჰიგიენა, საზოგადოებრივი წესრიგის გააზრების მნიშვნელობა, რასაც, რა თქმა უნდა, მოიცავს და მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სწორედ საზოგადოებრივი მეცნიერებების კურსი.


-რა შედეგს მოიტანს საბოლოოდ ამ საგნის შესწავლა?

 

-ზემოთაც აღვნიშნე, „მე და საზოგადოება"  III-IV კლასებში მიზნად ისახავს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; ასევე:


დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში; ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;   გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული; გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი; ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე; განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი; ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.



ნინო ლურსმანაშვილი



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner