ბოლნისის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას უკავშირდება, ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ" 20 წელიწადია ახორციელებს კულტურული ძეგლების რესტავრაციას შეზღუდვების გარეშე და აუცილებლად დაეხმარება ბოლნისსაც.
„სურვლი დიდია, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ამ ფონდს არ შეუძლია, ბიუჯეტი იქაც შეზღუდულია. ისტორიული ძეგლების აღდგენას შეუზღუდავად ახორციელებს ფონდი „ქართუ" უკვე 20 წელიწადია. რამდენიც არ უნდა იყოს მოთხოვნილება, ამაზე ბიუჯეტს არ აქვს ლიმიტი. პროცედურა იჭერს ძალიან ბევრ დროს: პროექტის გაკეთება, შეთანხმება საპატრიარქოსთან, სახელმწიფოსთან, კულტურული ძეგლების აღდგენის სააგენტოსთან. დავინტერესდებით, ბოლნისში რითი შეიძლება დახმარება. რა თქმა უნდა, პრობლემები არის და ჩემი შეხვედრების მიზანიც ესაა, რომ გაგებით მოეკიდოს ხალხი ამ ყველაფერს. დამოკიდებულებაა სწორი, მოვიდა ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ხალხს უსმენს და ითვალისწინებს მათ პრობლემებს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავეხმარები ბოლნისს, რაც საჭირო იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.