სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები, რომლებმაც ორგანიზაციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს ხმაურიანი განცხადება გააკეთეს, გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ბესო კალაძე და ყველა ის პირი, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობდა, უწყებაში დღესვე უნდა მივიდეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარატმენტის მიერ ბესო კალაძე და პრესკონფერენციაში მონაწილე სხვა პირები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები", - აღნიშნეს სუს-ში.
დღეს „თავისუფალი ზონის" წევრებმა - ბესო კალაძემ, მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან დავალების მიღება დაასახელეს.
„აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა", -განაცხადა პრესკონფერენციაზე ბესო კალაძემ.