logo_geo
eng_logo
ხვალ „შველი წყლის პირას“ ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია გაიმართება
- +

26 სექტემბერი. 2016. 18:23



2016 წლის 27 სექტემბერს 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის „შველი წყლის პირას" ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია და პრეზენტაცია.



სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათმა   დატოვა საქართველო და Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას" იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოჩნდა. ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. სურათი შეუერთდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას.



ცნობილმა მსახიობმა თამარ ციციშვილმა (1908-1988) და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა (1902-1990) სურათი „შველი წყლის პირას" 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს - ერთ საღამოს სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ,   მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების მანძილზე მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე დამაგრებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან „თეთრი დუქნიდან" მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა, მისთვის მიეყიდათ ნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა.



ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. მის შემოქმედებაში შველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შველი მას რამდენჯერმე ჰყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული.



დღეიდან „შველი წყლის პირას" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინება.



მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner