საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მომავალი სასწავლო წლიდან I-IV კლასის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.
ჯეჯელავა მედიის წარმომადგენლებს ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა გრიფირების საკითხზე და გამომცემლებთან ურთიერთობებზე.
მომავალ წელს სახელმწიფო სახელმძღვანელოებს გამომცემლობებისგან შეიძენს. მინისტრი იმედოვნებს, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნაზე კონკურსი დაახლოებით ორ კვირაში გამოცხადდება.
„მომავალ წელს ჩვენ მოგვიწევს ფაქტობრივად ყველა სახელმძღვანელოს თავიდან მომზადება. ზოგიერთ კლასში ახალი შინაარსის მქონე ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები იქნება, ზოგიერთ კლასში კი, ძველი შინაარსის მქონე ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გვექნება. მომავალ წელს ეს ყველაფერი ჩვენ დაახლოებით 18-19 მილიონი ლარი დაგვიჯდება. ეს არის პირველადი საბიუჯეტო შეფასება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად მას ოცამდე გამომცემელთან ხუთი შეხვედრა ჰქონდა. ჯეჯელავას შეფასებით, გამომცემლები ბავშვზეც და ხარისხზეც ზრუნავენ.
„გრიფირების ახალ წესში გვინდა იყოს პირველი წელი, როდესაც ავტორი საზოგადოებისგან - მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, სხვა მხარეებისგან შემოსული შეცდომების, შესწორებების, წინადადებების სახელმძღვანელოში შეტანას თავის თავზე აიღებს. აქამდე ასე არ იყო. ამიტომ, 6 წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება, ანუ, როგორც ნიუტონმა აღმოაჩინა, ისე არ წერია. ახალი სახელმძღვანელოები ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრი იმედოვნებს, რომ გრიფირება ყოველ წელს მოხდება.