თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და ტარებისთვის ბრალდებული ესტატე მინდოდაური დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გლდანის დასახლებაში ესტატე მინდოდაურსა და მის მეგობარს კახი ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ ძმებ თორნიკე და თენგიზ ვარდანაშვილებთან, ასევე მათ მეგობრებთან - ლევან ხოკერაშვილთან და ლაშა ხართიშვილთან. აღნიშნულზე განაწყენებული ესტატე მინდოდაური დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით, სხეულის სხვადასხვა არეში თორნიკე ვარდანაშვილს ხუთი, ხოლო ლევან ხოკერაშვილს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორნიკე ვარდანაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ლევან ხოკერაშვილის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ესტატე მინდოდაური დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თიანეთის რაიონში დააკავეს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თათბირის დაწყებიდან 4 საათსა 30 წუთში ესტატე მინდოდაური სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ოთხივე ბრალდებაში, აქედან ერთხმად სცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ სცნო 8 ხმით ოთხის წინააღმდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ესტატე მინდოდაურს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.