ევროკავშირის კოორდინატორმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჟილ დე კერშოვმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" შესაძლოა, ევროპაში ტერაქტების ქიმიური იარაღით მოსაწყობად ემზადებოდეს.
კერშოვმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის ომის შემდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე რეალური გახდა, რადგან ომის დროს რადიკალური დაჯგუფებების ხელში შესაძლებელი იყო, მოხვედრილიყო მომწამვლელი ნივთიერებები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები დღეისთვის მოწყვლად სამიზნეებს ირჩევენ, მათ შორის, სამოქალაქო პირებს ხალხმრავალ ადგილებში - მაღაზიებში, სტადიონებზე, აეროპორტებსა და სადგურებზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ტერორისტების მიერ ტერაქტებისთვის ახალი საშუალებების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობით, მათ შორის ქიმიური იარაღის", - განაცხადა კერშოვმა.