უკრაინული გამოცემა «Вести» საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ტარას კოზუბის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" სთავაზობს მკითხველს:
მიხეილ სააკაშვილი ჩემოდნებზე ზის: 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მის პარტიას - „ერთიან ნაცმოძრაობას" - გამარჯვების იმედები აქვს (მცირე, მაგრამ მაინც). წინააღმდეგ შემთხვევაში მიხო ოდესის ოლქის გუბერნატორად კიდევ დიდხანს დარჩება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისთვის სხვა ადგილი არ აქვთ.
ნომერ პირველმა რეფორმატორმა პიარისათვის ყველა ტოპ-თემა ამოწურა: ოდესა-რენის საავტომობილო გზის მშენებლობამ სახელმწიფო დაფინანსება უკვე მიიღო; ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი („იუსტიციის სახლი") ოდესაში მუშაობს (თუმცა შეფერხებით, რადგან მომსახურე პერსონალს ხელფასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს); თითქოსდა საბაჟოც მუშაობს (მართალია, ბიზნესმენთა აზრით, იქ ისევ „ბარდაკია"). „ახლა ვცდილობთ ფული აეროპორტის საფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოვძებნოთო", - განაცხადა გუბერნატორმა ამასწინანდელ ინტერვიუში.
„სინამდვილეში, ოდესა-რენის გზა ჯოჯოხეთია: ტრასა მხოლოდ 5-7%-ითაა მზად. მიხოს ბოლომდე არაფერი მიუყვანია. მან რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა დანიშვნაც კი ყურადღებიდან გამოეპარა. კონკურსი ჩაატარა, ახალგაზრდა კადრები მოიყვანა, შემდეგ კი ისინი ძველი ელიტის, ჯერ კიდევ ლეონიდ კუჩმას დროინდელი ადამიანების ხელში დატოვა. ანუ, ძველებმა ახლები „შეჭამეს", - ამბობს „ვესტი"-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, - „საბოლოო სურათი ასეთია: რაიონული ადმინისტრაციის 27 ხელმძღვანელიდან 8 საბჭოების მიერ იქნა გადაყენებული (ხმები 50-70%-ით). არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მოყვანილები იყვნენ. ახლა პრეზიდენტმა ახალი კონკურსი გამოაცხადა, მაგრამ უკვე მიხოს აკომპანემენტის გარეშე".
პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა შეცვალა - დაპირისპირების ნაცვლად დაზავების გზად დაადგა: კრიტიკული გამონათქვამები აღარ ისმის, მიყუჩდა „მებრძოლი რიტორიკა" პირადად პრეზიდენტის მიმართ, მიხო თავის ოპონენტს, ოდესის მერ გენადი ტრუხანოვსაც დაუზავდა: ამას წინათ ორივე ოდესის ინტერესებს ლობირებდა ევროვიზიის კონკურსის საკითხში", - ამბობს ოდესელი პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი, - „თავის მხრივ ქალაქის პოლიციამ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის კაცი გიორგი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, გენადი ტრუხანოვის მოწინააღმდეგეთა მიტინგი დაარბია. სხვათა შორის, ამ ფაქტმა ისე გააღიზიანა რადიკალი დეპუტატები, მაგალითად ოლეგ ლიაშკო, რომ ისინი ხატია დეკანოიძეს აუმხედრდნენ. ასევე მკვეთრად მოქმედებდა პოლიცია ბატალიონ „აზოვის" მიმართაც". როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმიტომ „დაუმეგობრდა", რომ რადიკალებს მისი „მტერი" - შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი კურირებს.
ამჟამად მიხოს ორი ალტერნატივა აქვს: ან მისმა პარტიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, ანდა მან უკრაინაში სამსახური უნდა განაგრძოს. „მისთვის სხვა თანამდებობა არც კიევში და საერთოდ, არც მთლიანად უკრაინაში არ არის. შესაბამისად, ოდესის ოლქი ისეთ სტატუსში დარჩება, რასაც „სიტუაციის მძევალი" ჰქვია, - განუმარტეს „ვესტი"-ს კორესპონდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. „უფრო მეტს გეტყვით: მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ფინანსური ინტერესების ლობირებაში ამხილეს", - ამბობს პოლიტოლოგი გენადი ჩიჟოვი, - ჩვენი მომაცემებით, ამჟამად მისი რეიტინგი იმდენადაა დაცემული, რომ 10%-ს არ აღემატება".
„ერთიანი ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო პერსპექტივებიც (პარტია გამარჯვებისკენ მიხოს ცოლს - სანდრა რულოვსს „მიჰყავს") საკმაოდ ბუნდოვანი და ილუზორულია: „რევანშის შანსები აშკარად მცირეა, ანუ ისეთი არ არის, როგორც მიხეილ სააკაშვილს ჰგონია. „ნაციონალები" მეორე ადგილზე გავლენ და ხმების მხოლოდ 25-30%-ს თუ მოაგროვებენ, რაც სრულფასოვანი გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისათვის არასაკმარისია", - უთხრა „ვესტი"-ს კორესპონდენტს ქართველმა პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ, - „ნაციონალების" გამარჯვების გარეშე კი მიხეილ სააკაშვილის თბილისში დაბრუნება შეუძლებელია. სხვათა შორის, ექს-პრეზიდენტის სხვა თანამოაზრეებისაგან განსხვავებით, მე აეროპორტში შედარებით ხშირად ხატია დეკამოიძეს ვხედავ".
პოლიტოლოგ რუსლან ბორტნიკის აზრით, უკრაინაში მყოფი ქართველთა რაზმი დღეს გაყუჩებულია და თავიანთი საქმიანობის უკრაინული პოლიტიკური ციკლის დასასრულს ელოდება: „მიხეილ სააკაშვილი თავის ბედს უკვე უკრაინას იმდენად აღარ უკავშირებს. იგი მიხვდა, რომ ჩვენთან მას ფართო პოლიტიკური პერსპექტივები არ ექნება. მიხოს რეიტინგი საქართველოში უფრო უკეთესია".
საინტერესოა, რომ მსგავსი ბედი ეწია სხვა ექსპატებსაც (ექსპატრიანტებს), რომლებიც უკრაინაში მუშაობდნენ: მაგალითად, შინაგან საქმეტა მინისტრის არსენ ავაქოვის მოადგილეს ეკა ზღულაძეს („პარიზში ბავშვი მყავს მოსავლელიო"), ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნატალია იარესკოს („ლიდერთა სკოლის ხელმძვანელობა მიჯობს მინისტრობასაო"), ალექსანდრე კვიტაშვილს („ამერიკაში ვბრუნდები, აქ არანაირი პერსპექტივა არ მაქვსო"), აივარს აბრამოვიჩუსს („ლიტვის მთავრობაში ადგილს მპირდებიანო"), თუმცა იგი ჯერ ისევ კიევსა და ვილნიუსს შორის დადის.
ანალოგიურ სიტუაციაშია მიხეილ სააკაშვილთან ოდესღაც დაახლოებული პირი, მისი ექს-მოადგილე რეფორმატორი ალექსანდრე (საშა) ბოროვიკი: „მიუნჰენსა და ნიუ-იორკში ვცხოვრობ, უნივერსიტეტში ვასწავლი, იურიდიული პრაქტიკაც მაქვს... უკრაინაში დაბრუნება არ მსურს, რადგან იმედი გამიცრუვდა: ვიქტორ იაცენიუკის მთავრობაში დამნიშნეს და უფლებამოსილება არ მომცეს, მერე პრეზიდენტის პარტიამ ოდესის მერის კანდიდატად წარმადგინა, მაგრამ თვითონ პრეზიდენტმა მხარი მაფიოზს დაუჭირა. პეტრო პოროშენკო კარგი ორატორია, მაგრამ იგი რეფორმატორად ვერ გამოდგა, მას რეფორმებისა ეშინია", - გვითხრა ალექსანდრე ბოროვიკმა.
http://vesti-ukr.com/politika/201810-mikho