ავტორი ალა გრიგალაშვილი
„დაუშვებელია, ადამიანის ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება", - აღნიშნული განცხადება, სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით საუბრისას, გოგი თოფაძემ გააკეთა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „რეპორტიორს" განუცხადა, ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პირი, ვინც კადრების გავრცელებით არის დაკავებული.
„ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე. ამ კადრებზე ადრეც იყო საუბარი, დაახლოებით 2010- 2011 წლებში. ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის დროს გადაღებული კადრები. საუბარია კიდევ რამდენიმე ქალბატონზე... ახლახანს მოვისმინე გამწარებული ინგა გრიგოლიას განცხადება, ვეთანხმები მას, არავის საქმე არაა სხვისი პირადი ცხოვრება. შუა საუკუნეებში არ გააკეთებდნენ მსგავს რამეს და არ გაახმაურებდნენ. არაეთიკურია, მიუღებელია და ვინც ეს გააკეთა, აუცილებლად უნდა დადგინდეს. დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას", - განაცხადა თოფაძემ.
მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ კადრების გავრცელება ხელისუფლებას დააბრალონ. „ცდილობენ დააბრალონ, ხელისუფლებას, რაც ასევე მიუღებელია და ვფიქრობ, უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. წინაასარჩევნოდ იწყება ურთიერთკომპრომატების არაობიექტური გაზვიადება. თუ გვინდა საქართველო თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს. არქივში თუ ვინმეს აქვს, კი ბატონო ჰქონდეთ, მაგრამ ამის გასაჯაროება მიუღებელია და ვინც ამას გააკეთებს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს", - განაცხადა თოფაძემ.