logo_geo
eng_logo
დენის დავითაშვილი: განათლების სამინისტროში საჭიროა სასწრაფო საკადრო ცვლილებები!
- +

14 მარტი. 2016. 17:57


 

პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ღია წერილით მიმართავს ქვეყნის პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. გთავაზობთ განცხადების ტექსტს:


 

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა არაერთმა მოვლენამ, რომლებმაც გამოააშკარავეს განათლების სისტემაში სისტემური კატასტროფების მთელი კასკადი, დაგვარწმუნა რომ საჭიროა სასწრაფო საკადრო ცვლილებები და ქმედითი რეფორმების განხორციელება.

 

 

უმძიმესი ვითარებაა შექმნილი ზოგად განათლებაში და ამის დამადასტურებელია ის შედეგი, რაც დაფიქსირდა პედაგოგების გამოცდების შედეგებიდან. 83%-მა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციების ზღვარი. განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები თავს იმართლებენ, რომ სათანადოდ არ იყო ჩამოყალიბებული ტესტები. რაში მდგომარეობს განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა თუ ისინი არ ან ვერ აკონტროლებენ ხსენებულ პროცესებს?!

 

 

9 მარტს ჩვენს მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე ევროკავშირის ექსპერტი, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირი ერთხმად მივედით იმ დასკვნამდე, რომ პროფესიულ განათლებაში ფაქტობრივად ვერ ხორციელდება რეფორმა და მას სჭირდება სასწრაფო სისტემური ცვლილება. ამისათვის საქართველომ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს ქვეყნისათვის მისაღები პროფესიული განათლების რეფორმა და არ გადმოიტანოს რომელიმე ევროპის ქვეყანაში წარმატებულად განხორციელებული მოდელი - მაგალითად გერმანული ან ირლანდიული  მოდელი.

 

 

ბოლო 4 დღის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები, იქ მოღვაწე პროფესურა და მეცნიერ-მუშაკები, აგრეთვე სტუდენტები. უდავოდ ჩანს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსნები არ ფლობენ იქ არსებულ სიტუაციებს და ვერ მართავენ პროცესებს.

 

 

ამაზეც მეტყველებს 10 მარტს, საქართველოს პარლამენტში, ბატონ დავით უსუფაშვილის მონაწილეობით ჩატარებული კონფერენცია ზოგადი და უმაღლესი განათლების საკითხებზე, სადაც ცალსახად გამოვლინდა უამრავი ნაკლოვანება საშუალო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გარშემო.

 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა საზოგადოების ჩართულობით უნდა შექმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეიმუშავებს მთლიანად განათლების სისტემის კონცეფციას, მის საფუძველზე შემუშავდება და მიიღება კანონი განათლების შესახებ, ხოლო ამის შემდეგ და მათ საფუძველზე შემუშავდება კანონები ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების და უმაღლესი განათლების შესახებ.

 

 

მანამდე კი, ვთვლით რომ დღევანდელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამოწურა ყველანაირი ვადა განათლების და მეცნიერების დარგის ხელმძღვანელობისთვის, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და თქვენს მიერ შერჩეულ იქნას მინისტრის პოსტზე ისეთი ადამიანი, რომელიც ღრმად არის გარკვეული განათლებაში და მეცნიერებაში, უყვარს დარგი იქ მომუშავე ყველა პედაგოგი და მოსწავლე ახალგაზრდობა", - ნათქვამია დენის დავითაშვილის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner