logo_geo
eng_logo
„კიდევ ერთხელ ვეღარ გავუერთიანებთ სიფათს, უკვე გვამია და იმიტომ“ - რეალური შემზარავი ისტორია
- +

27 სექტემბერი. 2016. 15:03



ამბავი დაფუძნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ დოკუმენტურ მასალებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთ ნაშრომად  გაერთიანდა, სახელწოდებით: „დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!"... საბჭოთა ჯალათებისა და შინსახკომის მსხვერპლთა ისტორიები შსს-ს არქივმა გააცოცხლა.  ნაშრომის  ავტორია მიხეილ ბერინაშვილი. ის ზედმიწევნით ზუსტად და ამავე დროს, მხატვრული გაფორმებით გადმოსცემს სტალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრების წესს, არაადამიანური მოპყრობის სცენებს, წამების, ფიზიკური და მორალური ზეწოლის მეთოდებს, რომელიც, საბოლოოდ, შინსახკომის გარდაცვლილი მაღალჩინოსნის სულიერი ტანჯვის მიზეზად იქცევა. „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ერთ კონკრეტულ ტრაგედიას ამ საკმაოდ საინტერესო ნაშრომიდან.


დაკითხვის ოთახი. ონიფანტე. ანას მეუღლე გიორგი მხდალი არ გამოდგა. მალე გონს მოეგო, ძალა მოიკრიბა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ონიფანტემ აქტიური დაკითხვა დაიწყო და ხელკეტიც ამუშავდა. დასისხლიანებული გიორგი ძირს გდია, ჭრილობებისგან ოხრავს, მაგრამ არ ტყდება. ფიზიკურად ძლიერია. ონიფანტეს უჭირს მისი დამორჩილება. ის მარტოა... მარტოა და ამიტომაც უმწეო!.. მიუხედავად იმისა, რომ შინსახკომელია, შინსახკომში იმყოფება, ისეა დაბნეული, რომ გიორგისთვის ხელბორკილის დადებასაც ვერ ახერხებს.


გიორგი: არაფერს ვაღიარებ და არც არავის დავადებ ხელს! ჩემი ცოლ-შვილი მანახვეთ... სად... სად არიან მითხარი, სად?


ონიფანტე შეჩერდა: იმიტომ კი არ დაგიჭირეთ, შე ძაღლიშვილო, რომ დიდი შიშკა ხარ და გაპრიალებული დადიხარ. აქ იმიტომ მოგათრიეთ, რომ შტერი ხარ და ლავრენტი პავლოვიჩი გეზიზღება...


- რა ლავრენტი პავლოვიჩი?! სად არის საბჭოთა ხელისუფლება, სად? - მთელი ძალით უნდოდა ეყვირა გიორგის, მაგრამ ჭრილობები ამის საშუალებას არ აძლევდა.


- რახან შინსახკომის ზღურბლს გადმოაბიჯე, საბჭოთა ხელისუფლებას ნუღარ ეძებ, ღორიშვილო... - თქვა ონიფანტემ და გიორგის ხელკეტი გამეტებით დაუშინა.


გიორგი შეძლებისდაგვარად თავს იცავდა. ონიფანტეს კი ოფლი სდიოდა. ის მაინცდამაინც გასიებული არ იყო, თუმცაღა, როგორც წესი, ასეთ დროს მალევე ამყაყდებოდა და საზიზღრად ქშენდა.


უცებ დემნამ შემოხსნა კარი, ოთახში არ შევიდა, სანახევროდ დადგა, ისე რომ სახელურისთვის ხელიც არ გაუშვია:


- დემნა, თუ ძმა ხარ, დამეხმარე... დავიღალე, გავწყდი წელში...


- წადი შენი! - ამრეზით უპასუხა კომენდანტმა და კარი გაიჯახუნა.


ორიოდე წამში თითქოს დაბარებულივით, ოთახში სწრაფი ნაბიჯით ბაჭუა შემოვიდა. მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი, ბაჭუამ ონიფანტეს უძლურება ერთი შეხედვით შეატყო, არც არაფერი უკითხავს მისთვის... ონიფანტე თანამზრახველის დანახვამ გაამხნევა და გააყოყლოჩინა. ბაჭუა, რომელიც პრაქტიკულად სულ ჩუმად იყო, ამჯერად ალაპარაკდა... ის წაქცეულ გიორგისთან მივიდა, მკლავზე გასისხლიანებულ ტანსაცმელს დახედა, თითებით რამდენჯერმე მოსრისა, შემდეგ დასუნა, მსხვერპლს თვითკმაყოფილებით გახედა, წითლად შეღებილი თითები მისკენ გაიშვირა, ოდნავ გადაიხარა და „სათნო" ღიმილით ჰკითხა:


- იცი, ეს ვისი სისხლია?


გიორგის სახე წაეშალა. მისი არსებობა შეწყვეტილიყო, ჯალათს შუშის თვალებით უყურებდა...


- არ იცი? არა ხო?

- ...

- გეტყვი, აბა, რას ვიზამ...

- ...

- ხო, ხო, აუცილებლად შეიტყობ...

- ...

- სურნელოვანი სისხლია, უმწიკვლო სათუთი...

- ...

- მთლად თოთო არაა... მაგრამ მაინც ფაქიზი და შეუბილწავია...

- ...


- თან იცი, როგორ ტიროდა?! ძალიან ტიროდა, ძალიან... ჯერ ხომ სულ პატარაა... ძალიან დავჟეჟე... ვცემე ძალიან... დავსაჯე... ცალი ხელით მეჭირა, რომ არ წაქცეულიყო... მერე... მერე... სანამ ექიმი მოვიდოდა... ოთახში არავინ იყო და... რომც გაეგო, მაინც ვერ მიხვდებოდა... იმიტომ რომ 10 წლისაა...


ბაჭუა ამ სიტყვებს ამთავრებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხებშუა გიორგის მოქნეული წიხლი იგემა. ჯალათი წელში ორად მოიხარა, სუნთქვა შეეკრა, თვალები დააჭყიტა და მუხლებზე პირღია დაემხო. გიორგი წამოხტა, გაოგნებულ ონიფანტეს ცხვირ-პირში უთავაზა და კართან გააგორა. შემდეგ ისევ ბაჭუას ეცა, ზურგში წიხლი ჩააზილა, დააგდო, ამოატრალა, ზედ დააცხრა და გაშლეგებულმა სახეში მუშტები დააყარა...


ნირწამხდარ ონიფანტეს, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ახლაღა გაახსენდა კარტოთეკასთან გადამალული რკინის მოზრდილი ხელკეტი. ...და რომ არა ეს უკანასკნელი, გიორგის ბაჭუა შემოაკვდებოდა... არადა პირიქით მოხდა... ონიფანტეს მოქნეული ხელკეტი გიორგის ზურგიდან თავის არეში მოხვდა. გიორგი ბაჭუას ზედ დაემხო. ონიფანტემ გიორგი ბაჭუას მოაცილა და ვაი და არ გაცოცხლდესო, ხეალკეტრით თავი გაუჩეჩქვა. იატაკზე სისხლის გუბე დადგა... ონიფანტემ გრაფინი აიღო და ბაჭუას სახეზე გადაასხა. ბაჭუა ოდნავ გონს მოვიდა.


- მოვკალი... მკვდარია ბიჭო, მკვდარია, გაიგე? მკვდარია ეს ღორიშვილი, მკვდარი, - ისევ ქშენდა და ღელავდა ონიფანტე.


- ხო... - ამოთქვა და თვალები ძლივს გაახილა დაბეგვილმა ბაჭუამ.


- მაგრამ არაუშავს. ივანიჩი ამასაც „სამეულის დახვრეტილებში" ამოაყოფინებს თავს... ეგ არაფერია... გამოვძვრებით... ახლა უნდა გავიქცე და ყველაფერი მოვახსენო... მალე მოვალ.


დასისხლიანებულმა ბაჭუამ თავი ძლივს გადაატრიალა. ონიფანტე თავქუდმოგლეჯილი ბეგლართან გაიქცა. კარი ისევ მიიხურა.



სამდივნო ოთახი...


ელენესთან ცხვირზე ოდნავ სისხლშემხმარი და აქა-იქ სისხლისფერი ონიფანტე შევარდა. მდივანმა არც შეიმჩნია ოპერმუშაკის საეჭვო ჰაბიტუსი და ღიმილნარევი ირონიით ქაღადი აუფრიალა.


- აი, ანას ჩვენება, რა კარგი გოგოა... დამჯერი... ღორივით გაყიდა ქმარი... მართალია, თქვენც მიეხმარეთ... ბაჭომ იმუშავა!!! - ხელები გაასავსავა იქედნურად - ახლა რაღაცებია ჩასასწორებელი და მერე მოგაწერინებთ ხელს.


- შემომაკვდა... - ამოშაქრა ონიფანტემ.


- ვინ? - დაუდევარი გულგრილობით კითხვა გაწელა მდივანმა.


- ვინ და ქმარი...


- რას მეუბნები?.. - ცინიკური გულისხმიერებით შეიცხადა ელენემ და შუბლზე ხელი შემოიდო, - ეს რა მითხარი... რას მელაპარაკები... ხო... ნუ, რა გაეწყობა. გამოდის, რომ დახვრეტის წინ კიდევ ერთხელ ვეღარ გავუერთიანებთ სიფათს, უკვე გვამია და იმიტომ... სულ ეს არის და ეს. - გულწრფელად გადაიხარხარა მან...


გაწბილებულმა ონიფანტემ ელენეს ქილიკი უპასუხოდ დატოვა და ბეგლართან შევარდა...



ბეგლარის კაბინეტი...


ოთახში შესულმა ონიფანტემ თითქოს სხვა განზომილებაში ამოყო თავი... თითქოს „ნეტარების საამურმა სიომაც ჩამოუქროლა და ბედნიერების ალმურში გახვია"... ამძუვნებულს სახე გაბადროდა, ენაც გადაეყლაპა. ბინძური მოლოდინისგან დანამულ თვალებს აკვესებდა, წელში იხრებოდა, ხელებს იფშვნეტდა, მძორი შიგნიდან ყარდა და ადგილზე ტოკავდა...


ბეგლარი მაგიდის წინ იდგა და ნამტირალევი ქალისთვის ხელები მოეხვია.


- რა იყო, ონიფანტე, ისე გეჩქარებოდა აქ მოსვლა, რომ... დავარდი? კარგი ამბავი უნდა გქონდეს შენ... საჩვენოდ კარგი, - ხელმძღვანელის მედიდურობით კითხვა გადმოუგდო ბეგლარმა.


- კი, კი, - იცრუა ონიფანტემ (ანდა სხვა რა გზა ჰქონდა), - ყველაფერი კარგადაა... ყველაფერი და...


- ჰოდა, ჩვენთანაც ყველაფერი კარგადაა...


ონიფანტეს დანახვაზე ანას რაღაც ცუდი ენიშნა. მისმა ინსტინქტმა საშინელება გაითავისა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო...


ბეგლარი ქალს მხეცივით დაეძგერა, მაგიდაზე გადააწვინა, კაბა შემოახია. ღონემიხდილი ანა ბავშვივით ატირდა, ასლუკუნდა, ხელებს საცოდავად იქნევდა და თავის დაცვას ცდილობდა.


- მომეხმარე, რას უყურებ, - იყვირა ბეგლარმა.


დუჟმორეული ონიფანტე ქალს მივარდა და ხელები დაუჭირა.


ანას სხეულის სრულქმნილება, მისი სინაზე და უმწეობა მოძალადე ორ პატარა „მეს" თავის უსუსურობას ავიწყებდა, სიძლიერის ილუზიას უქმნიდა და განდიდების ეიფორიას ჰგვრიდა...



სამდივნო ოთახი...


ელენემ საბეჭდი მანქანიდან თავი მაშინ ასწია, როცა ანას არაამქვეყნიური კივილი მოესმა... ამ ერთს მიმდევრობით მეორე, მეორეს კი მესამე ხმა მოჰყვა... გულისშემძვრელ კივილს ბავშვივით უმწეო ქვითინი და მოთქმა ავსებდა...


გამოცდილი ელენე, რა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა... ფეხაკრეფით კაბინეტის კართან მიირბინა, კიდევ ერთხელ მიაყურადა, მოტრიალდა, აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ოთახიდან გავარდა...


გზაში კალენიკე შეეფეთა:


- სად მიიჩქარი, ნარგიზო? იმასთან არა?..


- თორემ შენ აკლებ იქ სიარულს რა... - უპასუხა ელენემ.


- კარგი, რა მოგივიდა... რა ხდება?


- არ ვიცი, მეჩქარება, გამატარე.. უკვე ამდენი იციან, ამდენი! და როდემდე უნდა მეჯდეს ის მყრალი ძაღლიშვილი თავზე... - თქვა და გზა გააგრძელა.


ელენემ მესამე სართულზე აირბინა და ერთ-ერთი ჩინოვნიკის მისაღებში შევიდა...



ბეგლარის კაბინეტი...

 

თითქმის გულწასული ანას მილეული კვნესა აქა-იქ ისმოდა. ბეგლარმა რამდენჯერმე ხრინწიანად ამოიოხრა და „საქმესაც" მორჩა... თვითკმაყოფილი შარვალს იკრავდა, მამრის მოჭარბებული სიამაყით იყურებოდა და ონიფანტეს ღიმილს ამადლიდა... ბოლოს კი, როგორც იქნა, სიტყვა მიუგდო:


- კარგი გოშია, მიდი... დღეს შენც დაიმსახურე...


უკიდურესად აღგზნებულ-ამძუკნებული ეს ცოცხალი ლეში - ონიფანტე... ანას ეცა, შარვალი სასწრაფოდ გაიხსნა, მაგრამ... ამ დროს ტელეფონმა დარეკა... ამჯერად ონიფანტეს აშკარად არ გაუმართლა... ბეგლარმა „ამხანაგს" მკაცრად გადახედა, მაგიდასთან მივიდა და ყურმილი აიღო:


- დიახ... დიახ, მე ვარ, - ბეგლარი ლაქიის საგანგებო მოწიწებით საუბრობდა, იმანჭებოდა, იგრიხებოდა, ენას იჩლიქავდა... ეტყობოდა, რომ საკმაოდ გავლენიან ჩინოვნიკს ესაუბრებოდა.


პაუზა...


- კი, ბატონო, მაგრამ...


ყურმილში ვიღაც გაშმაგებით ყვიროდა...

- კარგით... კარგით, გასა...გებია... როგორც მი...ბრძანებთ, ახლავე... ნება თქვენია... თქვენი ნე...ბაა.... დღესვე, ამ წუთში გავათა...


ბეგლარს საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, რომ სატელეფონო კავშირი გაწყდა. სახეაჭარხლებულმა სპეციალური ჯგუფის უფროსმა ყურმილი უსიცოცხლოდ დადო... ონიფანტეს შარვალი ისევ შეეკრა და მორჩილად იმზირებოდა. ბეგლარმა ხელით ანიშნა და ონიფანტეც მივიდა:


- უნდა გავუშვათ... - ჩაფიქრებულმა დაბალ ხმაზე ჩაიბურტყუნა მან.


- ვინ?


ბეგლარმა პასუხის ნაცვლად ისე შეხედა ონიფანტეს, რომ ამ უკანასკნელს ლამის ქოშინი აუტყდა.


- და... ის, რომ შემომაკვდა? ის... ქმარი! - აჩურჩულდა ონიფანტე ისე, რომ ანას არ გაეგონა, თუმცა ქალს გონება დაეკარგა და ვერც ვერაფერს გაიგონებდა.


- რააააა? შემოგაკვდა? როგ... როდის? - ყურებს არ უჯერებდა ბეგლარი.


- იქნებ დახვრეტილებში გავაფო...


ონიფანტეს არც ამ წინადადების დასრულება დასცალდა, უცებ ბეგლარი შემოტრიალდა, სკამს დასწვდა, ფეხი გამოაძრო და გაქცეულ ონიფანტეს გაუქანა:


- გაეთრიე აქედან!


ონიფანტემ ძლივს გაასწრო, სკამის ფეხი კარს მოხვდა. ბეგლარი უსიცოცხლოდ კაბინეტის კუთხეში იატაკზე დაეშვა და ჩაფიქრდა...



რამდენიმე ხნის შემდეგ...


შინსახკომის კორიდორი, ბაჭუა თითქმის სირბილით ბეგლართან მიიჩქარის. სამდივნოში შედის:


- მარტოა? - ეკითხება ელენეს.


- კი, შედი.


ბაჭუა ბეგლარის კაბინეტში კარს აეკვრება.


- რა დაგემართა, ბიჭო? შემოდი... დაჯექი, - მშვიდად ეუბნება ბეგლარი და ქაღალდებს არ სწყდება...


ბაჭუა ფეხს ითრევს... მაგიდისკენ მიდის, ჯდება და დაბნეული უფროსს შესცქერის...


- რა იყო, ბიჭო, გიკბინა რამემ?

- ...

- ცოლი ხომ არ მოგყავს, ხომ არ მიმალავ რამეს, ბაჭო? - ხუმრობის ხასიათზეა ბეგლარი...


ბაჭო, როგორღაც თავს ერევა, მაგრამ უჩვეულო აღელვებით იწყებს:


- მესამეზე ვიყავი... მესამე სართულზე... დამიძახეს... ალბათ, იცოდნენ, რომ მოგირბენინებდი ამბავს...


- რა ამბას?

(ბაჭუა თვალს არიდებს პატრონს)


- მერე, მერე? ჰა... ამოშაქრე, ბიჭო...


- მერე და... - სკამზე ნერვიულად ირწევა ბაჭო.


ბეგლარმა თვალი თვალში გაუყარა ნათესავს.


- ნახევარ საათში მოვლენ და...

- ...

- დაგაპატიმრებენ... სხვები მოვლენ...


- დამაპატიმრებენ? - სკამზე გადაწვა ბეგლარი.

- ....

- მე?

- ...

- მე დამაპატიმრებენ?! ანუ... ჩემი ჯერიც დამდგარა...


ბეგლარს ხელ-ფეხი მოეკვეთა, შინაგანად გაცამტვერდა, სულიერად დაეცა, სულ მალე სახესაც დაკარგავდა. კონვულსიაც აიტანდა და ინფანტილურ ლუღლუღსაც მოჰყვებოდა... მაგრამ ახალი ამბავი იმდენად თავზარდამცემი აღმოჩნდა, რომ მოულოდნელი სტრესი მის ემოციებს გამჟღავნების, გამოაშკარავებისა და ამოხეთქების საშუალებას არ აძლევდა. ის იჯდა თავის სკამზე... სკამზე, რომლის ერთი ფეხი ხშირად ხელკეტის მაგივრობას უწევდა... იჯდა და მოჩვენებით სიმშვიდეს ნელ-ნელა ემშვიდობებოდა...


- გამწირეს და გამიმეტეს... აღარ ვუნდივარ ახლა, უბრალოდ... უკეთესი ნახეს... წადი შენ, ბაჭო, წადი... აქ არასოდეს არაფერი არ იმალებოდა... სისტემაა ქვეყანაში ეგეთი... ერთი დიდი შინსახკომია ქვეყანა. შინსახკომი, რომელიც შიშს თესავს და შიშითვე საზრდოობს, თანაც პატიოსან ხალხს არ წყალობს. პოეტურად გამომივიდა ხო იცი?.. (თითქოს ჩაეცინა). „რა ჯობია გაზაფხულის წვიმის წვეთებით მორთულ იასამანს დილის ნიავს რომ შეაზავებს ნეტარების სურნელით..." ჰა? რა ჯობია, ბაჭო?


მან სინანულით ახედა ბაჭოს, რომელიც ერთხანს დაღვრემილი და თავჩაქინდრული უსმენდა პატრონს, მერე კი, მისი ლექსების სტრიქონებზე ადგა და ბარბაც-ბარბაცით ოთახიდან გავიდა... კარი ისევ მიიხურა... ბაჭუას გასვლისთანავე ბეგლარმა კარი შიგნიდან გადაკეტა, თავის მაგიდას დაუბრუნდა, დაჯდა, კაბურა გახსნა და „ნაგანი" ამოიღო. შეათვალიერა, ტყვიები შეამოწმა. ცოტა ხნით დააშტერდა... გული აუჩქარდა, სუნთქვა ეკვროდა... ცრემლები აწვებოდა, შიში უფრო და უფრო იპყრობდა - ზუსტად ისე, იმავე კაბინეტში მისავე პატიმრებს რომ ემართებოდათ ხოლმე - ყელთან ბურთი ებჯინებოდა, ტირილი ეძალებოდა, ცოტაც და აბღავლდებოდა.


- არა... ააარააა... - ფიქრობდა ბეგლარი, - ვერც იმ ცემას, ვერც წამებას ვერ... ვერ ავიტან, ვერ გავუძლებ და თან... თანაც კიდევ დახვრეტას... დახვრეტას უნდა ველოდო? არა! არაფრით! გამორიცხულია... ასეა! ასე ჯობია... მეშინია, მეშინია, ძალიან მეშინია, - ფიქრობდა და „ნაგანს" ანგარიშმიუცემლად ატრიალებდა.


უეცრად ტირილნარევი ყმუილი ამოუშვა პირიდან, აკანკალებული ხელებით იარაღი ყბის ქვეშ ამოიდო და გასროლას შეეცადა... მთელი ძალით შემზარავად ყმუოდა, ყვიროდა, ბღაოდა და დორბლი სდიოდა...


ელენემ იცოდა, რომ ბეგლარი მარტო იმყოფებოდა. ხმაურით დაეჭვებული საქმიანად ადგა, კარს მიუახლოვდა, გაღება სცადა, მაგრამ დაკეტილი რომ დახვდა, შეყოვნდა, შეფიქრიანდა... ბოლოს დააკაკუნა:


- ბეგლარ ივანიჩ? ბეგლარ ივანიჩ?


ბეგლარმა იარაღი ყბიდან მოიშორა და საფეთქელთან მიიბჯინა... ის უკვე ქალივით ტიროდა...


ელენეს კარზე უკვე ბრახუნი აეტეხა:


- ბეგლარ ივანიჩ, გახსენით კარი, ბეგლარ ივანიჩ, გააღე კარი, კარი გააღე... რა ხდება, რა ხდება...


ბეგლარმა საფეთქელს თავი ანება. იარაღის ლულა პირში ჩაიდო... თვალები გადმოკარკლა, გული ერეოდა, გმინავდა, იხრჩობოდა, წიოდა... მოგვიანებით იარაღი პირიდან ისევ გამოიღო, ლულას ჩააშტერდა, რამდენიმე ხანს უყურა. მერე თითქოს დაუშვაო, სახესაც მოაცილა...


- ბეგლარ ივანიჩ - უკანასკნელად მოასწრო ელენემ დაძახება და „ნაგანის" ხმაც გაისმა...


კაბინეტში შესულებს ბეგლარი იატაკზე პირქვე დამხობილი დახვდათ, მასთან ახლოს სკამის ფეხი ეგდო...



ჯალათებისა და დახვრეტილების სასაფლაო...


რამდენიმე ხე. ტრიალი მინდორი. დასახლებიდან არცთუ ისე მოშორებით, ყველა საფლავი მოსწორებულია. ჭირისუფლებისთვის მიცვალებულის პოვნა შეუძლებელია. შავებში ჩაცმულ ანასა და დარიას იმედი დიდი ხანია დაუკარგავთ.


- დედა, შეიძლება ესაა მამას საფლავი, - დარია ერთგან გაჩერდა.


- არ ვიცი, დედა, გუშინ კი ამიხსნეს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რომელია. აქ სულ რამდენიმე ხეა და... თანაც ბოლომდე ვერავინ ვერაფერს გეტყვის... მაინც ყველას ეშინია.


- მაშინ რატომ დაასაფლავეს მამა მაინცდამაინც აქ... თანაც არაფერი გვითხრეს...


- იმიტომ, რომ დახვრეტილებში გააფორმეს... რომ გაიზრდები, მერე მიხვდები მაგას... ჯერ შენთვის ადრეა, დედიკო...


- დედა, ხმა გესმის?


- რა ხმა?


- რაც სასაფლაოზე მოვედით, სულ მესმის...


- მეც მესმოდა გაურკვევლად... მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, საიდან უნდა მოდიოდეს?


- აი, იქიდან, მიწა რომაა აკოკოლავებული, მოშორებით... იქიდან...


- ეს შეიძლება იმ არაკაცის საფლავია, გუშინ რომ ჩამარხეს, ეგეც გავიგე... მაგრამ რა ხმა უნდა მესმოდეს...


- ვინ ჩამარხეს დედა?

- ...

სასაფლაოს ბრახუნისა და ადამიანის განწირული ამოძახილები ყრუდ ეფინებოდა, თითქოს ვიღაც შველას თუ დახმარებას ითხოვდა... ძნელი სათქმელია...


ანას ცნობისწადილმა წაძლია... ბავშვს ხელი მოჰკიდა და ბეგლარის საფლავისკენ დაიძრა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ საფლავს, მით უფრო ნელდებოდა და ძალას კარგავდა გაურკვეველი შეძახილნარევი დომხალი... ბოლოს კი საერთოდ შეწყდა...


ანა: - ეტყობა დასახლებიდან მოდიოდა, დედიკო, ეს არაკაცი არასოდეს გაცოცხლდება...


დედა-შვილი ბეგლარის საფლავს გაეცალა... საფლავთან დამჭკნარი იასამნის რტო ეგდო.

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner