logo_geo
eng_logo
კობა ნაყოფიას გადეპუტატების საიდუმლო
- +

27 სექტემბერი. 2016. 15:32


პრივატიზაციიდან რამდენიმე დღეში ჩოგოვაძემ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და „მადნეულის" სამეთვალყურეო საბჭოს საპატიო თანათავმჯდომარედ დაინიშნა


საქართველოს პარლამენტში ბევრია ისეთი დეპუტატი, რომელთაც გასული ოთხი წლის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის უფლებით არასდროს უსარგებლიათ, თუმცა რატომღაც კვლავაც აქვთ ამბიცია, გახდნენ მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრები. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა კობა ნაყოფიას ფენომენი, ვინაიდან მას „ნაციონალურმა მოძრაობამ", გარდა იმისა, რომ სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, საარჩევნო სიის მოწინავე ადგილიც დაუთმო. მილიონერი დეპუტატი სიაში გიგა ბოკერიას შემდეგ იკავებს ადგილს (რიგით მე-16). რაში სჭირდებოდა და სჭირდება  „ნაციონალურ მოძრაობას" უტყვი, მაგრამ ფულიანი დეპუტატი, გასაგებია, მაგრამ გაცილებით საინტერესოა, თავად კობა ნაყოფიას რაში სჭირდება დეპუტატის მანდატი. პარლამენტარის ხელფასი? - ეს ხომ მისთვის მხოლოდ ჯიბის ფულია. ბიზნესის ლობირება? - ამ შემთხვევაში, ცხადია, ის უფრო მარტივ გზას მიმართავდა და კოლეგა ბიზნესმენ-დეპუტატების მსგავსად „ოცნებაში" დაპორტირდებოდა ჯერ კიდევ 2012 წელს. მაშ, რაში მდგომარეობს მისი გადეპუტატების საიდუმლო? ამ კითხვას გარკვეულწილად პასუხს სცემს ინფორმაცია, რომელიც „პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი და რომელიც კონკრეტული დოკუმენტებით დასტურდება. საქმე ეხება 2005 წელს „მადნეულისა და „კვარციტის" პრივატიზაციას, რომლის შედეგად, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში ორივე ამ კომპანიის მფლობელი მანამდე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, კობა ნაყოფია გახდა. როგორც „პრაიმტაიმს" მადნეულის" ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა აცნობა, კონკურსში გამარჯვებისა და მთავარი კონკურენტის ჩამოშორების მიზნით ნაყოფიამ ქრთამი გადაიხადა. კერძოდ, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს, ჯამში, 748 000 ლარამდე გადაურიცხა, მის შემცვლელს გიორგი არველაძეს კი - 281 599 ლარი. ეს თანხები გაფორმდა, როგორც მათი სახელფასო ანაზღაურება შპს „მადნეულსა" და „კვარციტში". როგორც „მადნეულიდან" ჩვენი წყარო გვიყვება, ამ სავარაუდო კორუფციული გარიგებით საგამოძიებო ორგანოებიც დაინტერესდნენ და გამორიცხული არ არის, კობა ნაყოფია სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცენ. ამ შემთხვევაში კი, ცხადია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეპუტატის იმუნიტეტი, რომელიც, გარდა იმისა, რომ დაპატიმრებისგან დაიცავს, მისცემს საშუალებას, თავი პოლიტიკურ დევნილად წარმოადგინოს.



შეძლებს თუ არა კობა ნაყოფია დეპუტატის მანდატისა და შესაბამისად, იმუნიტეტის მიღებას, ეს 8 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, თუმცა აქ გაცილებით საინტერესო სხვა რამ არის. დავიწყოთ მცირე საკანონმდებლო განმარტებით:


კანონი საჯარო სამსახურის შესახებ (მუხლი 65) აწესებს სამსახურში შესვლის კონკრეტულ შეზღუდვებს. მათ შორის: „განთავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ დაწესებულებაში, ან ეწეოდეს საქმიანობას იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელ 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას, აგრეთვე, არ აქვს უფლება, ასეთი დაწესებულებიდან, ან საწარმოდან მიიღოს შემოსავალი".


„მადნეულისა" და „კვარციტის" პრივატიზაცია ეკონომიკის სამინისტრომ 2005 წლის 1-ელ ნოემბერს განახორციელა. ამ პერიოდში უწყებას ირაკლი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც წარსულში რუსეთის სახელმწიფო ბანკის („სბერბანკი") საერთაშორისო ოპერაციების სამმართველოს დირექტორიც გახლდათ. 2006 წლის 10 ნოემბერს ჩოგოვაძემ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ცოტა ხანში კი ის „მადნეულის" სამეთვალყურეო საბჭოს საპატიო თანათავმჯდომარედ დაინიშნა. ნაყოფიას კომპანიამ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს 2007-2008 წლებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელფასის სახით 748 ათასი ლარი ჩაურიცხა. არადა ჩვენ მიერ ზემომოყვანილი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ" ჩოგოვაძეს პირდაპირ უკრძალავდა მის მიერ პრივატიზებულ საწარმოში დასაქმებას და რაიმე სახის შემოსავლის მიღებას. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა ისიც, რომ ჩოგოვაძის სახელზე „მადნეულმა" სპეციალური ბრძანებით მაღალი კლასის ავტომობილი „ფოლცვაგენ ტოუარჯიც" გამოყო სახელმწიფო ნომრით - AAA-076.


2006 წლის ნოემბერში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობებზე ირაკლი ჩოგოვაძე გიორგი არველაძემ შეცვალა, შესაბამისად, ახალი მინისტრი გახდა პასუხისმგებელი იმაზე, როგორ შეასრულებდა გამარჯვებული კომპანია აღებულ ვალდებულებებს. რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა კობა ნაყოფიას კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პრობლემა გაცილებით სერიოზულია და სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს. საქმე ის გახლავთ, რომ ირაკლი ჩოგოვაძის მსგავსად, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან 2008 წლის თებერვალში განთავისუფლებული გიორგი არველაძეც ნაყოფიას კომპანიაში აღმოჩნდა. კერძოდ, 2008 წელს ის ფიქსირდება „კვარციტის" სამეთვალყურეო საბჭოში საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე. მას, ხელფასის სახით, საერთო ჯამში, 281 599 ლარი ჩაერიცხა.


ეს გარიგება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან, რომელიც, წესით, საგამოძიებო ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გამხდარიყო.


მადნეული-კვარციტის პრივატიზაციის ირგვლივ ელიტური კორუფციის ეჭვს სხვა გარემოებებიც აჩენს. მოდით, მოვყვეთ თანმიმდევრობით: „2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო მსხვილ საწარმოებში ახალი სამეთვალყურეო საბჭოების დანიშვნა. ამ საწარმოთაგან ერთ-ერთი პირველი მადნეული და კვარციტი იყო. ახალ სამეთვალყურეო საბჭოს უნდა უზრუნველეყო მენეჯმენტის შეცვლა და საწარმოები პრივატიზებისთვის მოემზადებინა. 2004 წლის ოქტომბერში ამ საწარმოების გენერალურ დირექტორად დაინიშნა კობა ნაყოფია, რომელიც 2003 წლიდან რუსული კომპანია „პრომიშლენი ინვესტორის" ვიცე-პრეზიდენტი იყო. კობა ნაყოფიას დანიშვნიდან 8 თვეში, 2005 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა მოწვევა-განაცხადი შპს „კვარციტის" (50%), სს „მადნეულის" (97,25%) და მისი შვილობილი კომპანიების პრივატიზაციის ინტერესთა გამოხატვაზე, განაცხადი პირველ ეტაპზე სულ 21-მა კომპანიამ წარადგინა, თუმცა სამინისტრომ მათთან მოლაპარაკება მალევე შეწყვიტა და საწარმოების კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ განაცხადა. გასაყიდი საწყისი ფასი 32 500 000 აშშ დოლარს შეადგენდა. კონკურსში სულ ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: ერთი გახლდათ კობა ნაყოფიას ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული და რუსული კომპანიის შვილობილი „სთენთონ იქვითიზ ქორფორეიშენი" და მეორე - „ენერგია-ინდუსტრია კომპლექსი". მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი საწარმოების შესაძენად 900 000 დოლარით მეტს იხდიდა (ჯამში, 36 მილიონს), კონკურსის შედეგად გამარჯვებულად კობა ნაყოფიას კომპანია შეირჩა (ღირებულებით 35 მილიონ 100 ათასი). ამით ეკონომიკის სამინისტრომ ცალსახად დაარღვია საკონკურსო პირობები, ვინაიდან კონკურსის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მაქსიმალური ფასის მქონე წინადადების მიღება გახლდათ. დაშვებული შეცდომა მოგვიანებით გამარჯვებულმა კომპანიამ „გამოასწორა". 2005 წლის 11 ნოემბერს „სტენტონ იქვითის ქორფორეიშენსა" და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადებულ საპრივატიზაციო ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: „მხარეები" ადასტურებენ, რომ „ქონების" მთლიანი საფასური შეადგენს 35 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც წარმოადგენს „მყიდველის" მიერ საკონკურსო განაცხადში შეთავაზებულ თანხას, პლუს 910 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რომელიც დამატებით ნებაყოფლობით იქნა შეთავაზებული „მყიდველის" მიერ და რაც ჯამში შეადგენს 36 010 000 აშშ დოლარს".


ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: კონკურსის მიზანი გახლდათ, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში რაც შეიძლება მეტი თანხის აკუმულირება. ეკონომიკის სამინისტრომ კი 900 000 დოლარით ნაკლები წინადადების მქონე კობა ნაყოფიას კომპანია გამოაცხადა გამარჯვებულად, თუმცა კონკურსის პირობები იმდენად აშკარად ირღვეოდა, რომ ნაყოფიამ ეს თანხა ხელშეკრულების გაფორმების დროს „ნებაყოფლობით" დაამატა. ასე ჩამოიშორეს მთავარი კონკურენტი კონკურსიდან. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ირაკლი ჩოგოვაძე ამბობს, რომ, საბოლოო ჯამში, გამარჯვებულმა კომპანიამ 8 მილიონით მეტი გადაიხადა, რომელიც საწარმოს დავალიანების გასტუმრებას მოხმარდაო, კონკურსში დამარცხებული კომპანია კი აცხადებდა, რომ სამინისტრომ ბრიტანულ-რუსულ „სტენტონ იქვითის ქორფორეიშენს" უპირატესობა უსამართლოდ მიანიჭა. ვინაიდან „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა" სამინისტროს ბევრად უკეთესი და იურიდიულად გამართული პირობები შესთავაზა. „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი" ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებდა, თუმცა, მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად პოზიცია მალევე შეცვალა.


აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკურსზე გასაყიდად გამოტანილ „მადნეულის" შვილობილ კომპანიებს შორის აღარ ფიგურირებდა შპს „თბილისის საიუველირო ქარხანა", რომელიც მოგვიანებით ცალკე იქნა გატანილი აუქციონზე. შპს „თბილისის საიუველირო ქარხანა", რომლის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 8 691 010 ლარს, 2 020 000 აშშ დოლარად 2006 წლის 16 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგად შეიძინა აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ - იმ დროისთვის სს „მადნეულის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას მიერ დაფუძნებულმა შპს „გოლდინვესტმა".


სფეროში ჩახედული ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ „მადნეული"-„კვარციტის" ამგვარი პრივატიზაცია და შემდგომში ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაინტერესება, ელიტური კორუფციის გამოვლინებაა. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ" ამ თემაზე სპეციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ „კომპანიების მიმართ სახელმწიფო უწყებების განსაკუთრებული კეთილგანწყობა და ლოიალური დამოკიდებულება ელიტური კორუფციის არსებობის ეჭვს აჩენს". ანგარიშში მიმოხილულია ამ საწარმოებთან მიმართებაში როგორ არღვევდნენ და არ ასრულებდნენ სახელმწიფო უწყებები კანონის მოთხოვნებს და რა სახის პრივილეგიებით სარგებლობდნენ „მადნეულისა" და „კვარციტის" მფლობელები.


„პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ თემაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრები - ირაკლი ჩოგოვაძე და გიორგი არველაძე. ჰქონდა თუ არა მართლაც ადგილი კორუფციულ გარიგებას? სამწუხაროდ, გიორგი არველაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ის საქართველოში არ იმყოფება. ირაკლი ჩოგოვაძე კი გამოცემას მცირე სატელეფონო ინტერვიუზე დათანხმდა:


- როცა მინისტრი ვიყავი, ძალიან ბევრი საწარმოს პრივატიზაცია მოვახდინე. ამით ვარ ამაყი, რადგან ჩემი მენტორი და მასწავლებელი იყო ბატონი კახა ბენდუქიძე. ამის შემდეგ მე გახლდით ძალიან ბევრი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში.


- მათ შორის „მადნეულშიც" ხომ?


- მათ შორის „მადნეულშიც" და არა მხოლოდ იქ.


- თუმცა კანონი საჯარო სამსახურის შესახებ გიკრძალავდათ თქვენს მიერვე პრივატიზებულ საწარმოში მომდევნო 3 წლის განმავლობაში მუშაობას...


- მაშინ არაფერი არ იკრძალებოდა. ეს აკრძალვა არ არსებობდა.


- შეგიძლიათ, გვითხრათ, რამდენად სამართლიანად ჩატარდა მაშინ პრივატიზაცია? როგორც ვიცით, გამარჯვებული კომპანიის კონკურენტი გაცილებით მეტ თანხას იხდიდა, კერძოდ, 900 ათასი დოლარით მეტს...

 

- სიმართლე თუ გაინტერესებთ, 8 მილიონით მეტი გადაიხადა გამარჯვებულმა კომპანიამ. იყო ორი კონკურენტი და ერთმა გადაიხადა 8 მილიონით მეტი.


- ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც კონკრეტული საწარმო გაყიდა, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ამავე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმდა და საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც მიიღო, ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 400 ათასი ლარი... როგორ ფიქრობთ, ეს არ აჩენს ეჭვებს პრივატიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით?


- ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით: ჩემი მინისტრობის დროს მოხდა დაახლოებით 70 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის პრივატიზაცია. მე ვარ ამაყი ამით. მე ვარ კახა ბენდუქიძის მოწაფე. ყველა კონკრეტული შემთხვევა შემიძლია დავადასტურო და დავამტკიცო, რატომ სჯობდა სხვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 8 მილიონით მეტი გადაიხადა გამარჯვებულმა.


- გასაგებია, მაგრამ, როგორც მინიმუმ, უხერხულობას არ ქმნის ის გარემოება, რომ მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე თქვენ „მადნეულში" აღმოჩნდით?


- მესმის თქვენი დაინტერესება. აბსოლუტურად მართებული კითხვაა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემს სინდისთან და ნამუსთან აბსოლუტურად მართალი ვარ.


- კანონთან?


- რა თქმა უნდა და მთავარია, რომ მართალი ვარ კანონის წინაშე.



როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ამ საეჭვო პრივატიზაციის კანონიერების გარკვევას სამართალდამცავები აპირებდნენ. „მადნეულის" ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის ექსმინისტრებს მალე დაკითხვაზე დაიბარებენ. რაც შეეხება კობა ნაყოფიას, შესაძლოა, მას ახსნა-განმარტება, ამ თემის გარდა, სხვა და არანაკლებ სკანდალურ საქმეზეც მოუწიოს. ამჯერად, საუბარი ეხება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის კანონიერებას. თუ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ კობა ნაყოფია მთელი ოთხი წლის განმავლობაში დეპუტატის მანდატს უკანონოდ ფლობდა.


საქმე ის გახლავთ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისი სიებით 21 აპრილამდე უნდა მიემართათ. კვირას, 20 აპრილს, ბურჯანაძემ სააკაშვილს წარუდგინა ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ სიაში მისი ერთგული 35 კაცი შეეყვანა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. ამის გამო, ნინო ბურჯანაძემ უარი თქვა, გამხდარიყო სიის პირველი ნომერი, მაგრამ ეს ისეთ დროს გამოაცხადა, რომ სააკაშვილი ცაიტნოტში ჩააგდო, რომელსაც სულ რამდენიმე საათი რჩებოდა ნინო ბურჯანაძის ნარჩენებისგან სიის გასაწმენდად. ალბათ, გახსოვთ, ამას დიდი სკანდალიც მოჰყვა. დარჩა ეჭვი, რომ იმ ღამით ნაციონალებმა სია გამოცვალეს და ბურჯანაძისადმი ლოიალური ხალხისგან გაწმინდეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო ბურჯანაძის ახლო ნათესავი, სოფო ლარცულიანი, რომელიც ბოლნისის მაჟორიტარი უნდა გამხდარიყო. სავარაუდოდ, ლარცულიანი ეწერა პირველად სიაშიც, მაგრამ ნინო ბურჯანაძის დემარშის შემდეგ, ის მაჟორიტარობიდან ჩახსნეს, სიიდან ამოაგდეს და კობა ნაყოფიათი ჩაანაცვლეს,. დადგენილი პროცედურის თანახმად, დეპუტატობის კანდიდატი პირადად ავსებს სპეციალურ ანკეტას და აწერს ხელს. ცესკოში ამჟამად ინახება კობა ნაყოფიას ანკეტის ორიგინალი, რომელსაც ახლავს დეპუტატობის კანდიდატის ხელმოწერა და დათარიღებულია 21 აპრილით. ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ 21 აპრილს კობა ნაყოფია საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა, რისი დადასტურებაც საგამოძიებო ორგანოს საზღვრის კვეთის პოლიციური ბაზის მონაცემებითაც შეუძლია. შესაბამისად გამოდის, რომ კობა ნაყოფიას ანკეტაზე ხელმოწერა გაყალბებულია, რადგან იგი 21 აპრილს ვერც ანკეტას შეავსებდა და ვერც ხელს მოაწერდა მას.


ცხადია, მის ირგვლივ არსებულ კითხვებზე განმარტების გასაკეთებლად ჩვენ კობა ნაყოფიას დავუკავშირდით. გვსურდა, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაგვეწერა. თუმცა სატელეფონო საუბრისას სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განგვიმარტა, რომ საქართველოში არ იმყოფება და განმარტებებსაც მოგვიანებით გააკეთებდა, თუმცა ჩვენ რამდენიმე კითხვის დასმა მაინც მოვახერხეთ:


- ბატონო კობა, გასულ წლებში თქვენ კანონმდებლობითი საქმიანობით დიდად არ გამოირჩეოდით... სიტყვით გამოსვლის უფლებითაც არასდროს გისარგებლიათ... შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ნიშნით მოხვედით „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მოწინავე რიგებში?

 

- სამწუხაროდ, ახლა არ ვარ საქართველოში და ვერ დაგელაპარაკებით.


- სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ...

 

- რა ვქნა, არ მცალია. მე კენჭს ვიყრი სამეგრელოში. ჩემი საკითხი გადაწყდა რეგიონალური კვოტის მიხედვით. სიის დაკომპლექტების გარკვეული წესი არსებობს პარტიაში და მე პირადად, სამეგრელოს რეგიონალურმა ორგანიზაციამ დამასახელა.


- თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ფინანსური ვალდებულებების გამო მოხდა თქვენი სიაში ჩაწერა...

 

- კარგი, რა. ეს სისულელეები საიდან მოგაქვთ.


- სისულელე რატომ არის... „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები თქვენს კომპანიებში იყვნენ დასაქმებულნი. მაგალითად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრები - ირაკლი ჩოგოვაძე და გიორგი არველაძე, რომელთაც „მადნეულიდან" და „კვარციტიდან" საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვთ მიღებული...

 

- ეგ რა შუაშია საარჩევნო სიასთან. არანაირი ფინანსური ვალდებულებები არ არსებობს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამჟამად არ მცალია და მოგვიანებით დარეკეთ.


ამის შემდეგ კობა ნაყოფიამ ტელეფონი გათიშა და, შესაბამისად, ჩვენ ვერ შევძელით მისთვის სხვა კითხვების დასმა. თუ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას განმარტების გაკეთების სურვილი გაუჩნდება, დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მის ვრცელ პოზიციას.

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner