logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, მაშინ...
- +

27 სექტემბერი. 2016. 15:35



„არის ინფორმაცია, რომ რიგი პარტიები გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ", - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა რა კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს უწყების ხელმძღვანელი და როგორ ემზადებიან სამართალდამცავები არჩევნებზე სავარაუდო დესტაბილიზაციის პრევენციისთვის, „კვირის პალიტრის" კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ექსკლუზიურად პასუხობს:


- ბატონო გიორგი, დააკონკრეტეთ, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეთ, რომ პარტიები პროვოკაციებისთვის ემზადებიან, თუ საზოგადოებას მხოლოდ თქვენი მოსაზრებები გააცანით?


- ამ საკითხზე დეტალური საუბრისაგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ამას გეტყვით - ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი ამოცანაა ეს არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ამის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს.


- იქნებ მაინც გვესაუბრა კონკრეტულ ფაქტებზე...


- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ და ვიტყვი, რომ ნებისმიერი პრო­ვოკაციის პრევენცია და მასზე დაუყოვნებლივი რეაგირება აუცილებელია. ჩვენ ამ არჩევნებზეც ამისთვის მზად ვართ...


პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად მობილიზებულია.


- რა იგულისხმება მაქსიმალურ მობილიზებაში?


- გამოვეცი სპეციალური ბრძანება, რო­მელიც 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა. კერძოდ, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან იქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების მუდმივ შეფასებას, გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას. ბრძანებით განსაზღვრულია საარჩევნო უბანში, ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების გატარების საფუძვლები და პირობები. დავიწყეთ პოლიციელთა ადგილებზე გადამზადება არჩევნების დღეს მათი უფლება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.


- და რა გარანტია გვაქვს, რომ საარჩევნო უბნებზე სამართალდამცავთა ასეთი მასშტაბური მობილიზებით ისინი ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას არ შეეცდებიან?


- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პოლიცია დღეს აბსოლუტურად აპოლიტიკურია. გავეცი ბრძანება, რომ არც ერთი პოლიციელი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავიანთი არჩევანი და პოლიტიკური სიმპათიები მათ შეუძლიათ დააფიქსირონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აძლევენ ხმას. დიახ, ამ არჩევნებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან და შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ სტანდარტი, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული, პროფესიული უწყებაა. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ვახდენთ არჩევნებისთვის ჩვენი სამუშაოს ორგანიზებას და რესურსებს ისე გადავანაწილებთ, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე პოლიციის რეაგირება იყოს სწრაფი და ეფექტიანი. ამჟამად მიმდინარეობს რისკების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შედგენა.


- რისკებში თუ განიხილავთ მედიაში არაერთხელ გავრცელებულ სცენარს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, გასცემთ ბრძანებას, რომ ის დააკავონ?


- მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, პოლიცია ისე იმოქმედებს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. სწორედ კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.


- წინასწარი პროგნოზით, არჩევნების დღეს დაძაბულობის ეპიცენტრი სამეგრელო იქნება - თუ გაქვთ გამოყოფილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საარჩევნო ოლქები?

 

- არ მიმაჩნია, რომ მაინც­დამაინც რომელიმე კონკრეტულ საარჩევნო ოლქში უნდა მოხდეს რაიმე პროვოკაცია. აბსოლუტურად ყველა ოლქი, სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში იქნება მხოლოდ იმ მიზნით, რომ არჩევნებმა მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. იქ, სადაც იქნება კონფლიქტისა და დაპირისპირების საფრთხე, სამართალდამცველები ვითარების ადეკვატურად იმოქმედებენ.


- ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოთქვამს ეჭვს, რომ კორცხელის მაგალითიდან გამომდინარე, ხომ არ შეეცდებით ცალმხრივად, მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლების მოქმედებების გაკონტროლებას, თქვენი გუნდის აქტივისტები კი იმუნიტეტით ისარგებლებენ?

 

- ვიმეორებ, პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. ჩვენ საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის პოლიციელები ვართ. იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალში საცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი და პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას.


ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის!


- რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ თითოეული მოქალაქის პოლიციელი ხართ - შეგიძლიათ დემურ სტურუას ოჯახი დაარწმუნოთ თქვენს გულწრფელობაში, ბრალდებული პოლიციელი სამართალდამცავებმა ორი კვირის განმავლობაში ვერ დააკავეს და მიმალვის საშუალება მისცეს, თქვენ კი ამ საქმეზე განმარტება არ გაგიკეთებიათ?

 

- არაერთხელ აღვნიშნე, რომ თუ ნებისმიერი სამართალდამცველის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება მყისიერი და ადეკვატური იქნება. სისტემაში 40 ათასი პოლიციელი მუშაობს და ერთეული შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა. გაუმართლებელია, ერთეული შემთხვევების გამო მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ - კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე.


არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას და არც არავის დავაფარებთ ხელს. მთავარია, ყოველი კონკრეტული შემთხვევა გამოვავლინოთ, რათა ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს, თუმცა ვერც იმას დავუშვებ, უდანაშაულო პოლიციელებს ჩირქი მოეცხოთ. კონკრეტულად დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების გამო. დიახ, ხშირად მეკითხებოდნენ, რატომ არ ვაკეთებდი შეფასებებს გამოძიების მიმდინარეობისას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანო არის მთავარი პროკურატურა, სწორედ ის უძღვება გამოძიებას და გამოძიების პროცესში კონკრეტული შეფასებების გახმოვანება არასწორი იქნება. თუმცა არ დაგიმალავთ, მაქვს ჩემი კონკრეტული კითხვები დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით.


- გამოძიების ეფექტურობაზე გაგიჩნდათ კითხვები თუ სამტრედიის პოლიციაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე?


- დაველოდები გამოძიების დასრულებას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ შიდაუწყებრივ დონეზე.


- თუ დაინტერესდებით ვაკეში დაკავებული სამი პირის, ფეიქრიშვილის, ნიშნიანიძისა და ყანჩაველის ოჯახის წევრები რატომ საუბრობენ „იარაღის ჩადებაზე", ან საერთოდ, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, როდესაც დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ფეიქრიშვილი და მისი მეგობრები სახლში პოლიციელების ვიზიტს აანონსებენ და მაინც უკანონო იარაღს ინახავენ?


- რამდენად ლოგიკურია, ამას იტყვის სასამართლო თავისი განაჩენით. ამ თემაზე დამატებითი მსჯელობა მართებულად არ მიმაჩნია. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი უკანონო იარაღის მქონე პირის დაკავება არის კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენცია... ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი სამართალდამცველების მტკიცებულებით გამაგრებულ ინფორმაციასა თუ კრიმინალებისა და მათი დამცველების მიერ მოწოდებულ ვერსიებს შორის. როგორც ქვეყნის შს მინისტრი, ვაცხადებ, რომ ბრძოლას კრიმინალთან აქტიურად გავაგრძელებთ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის და ამ გზაზე მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ პოლიციის იმ დიდ ტექნოლოგიურ პროექტს, რომელიც სულ მალე ამოქმედდება და რომლის პოზიტიურ შედეგებს საზოგადოება უთუოდ იგრძნობს.


- კერძოდ, რა ღონისძიებები დაგეგმეთ კრიმინალთან ბრძოლისთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია კრიმინალის დონის ზრდაზე აპელირებს?

 

- არსებული სტატისტიკა ნამდვილად არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კრიმინალის დონემ ქვეყანაში იმატა. თუმცა ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე გახმაურებული დანაშაული, რამაც, შესაძლოა, არასწორი განცდა გააჩინა.


ყოველდღიურ რეჟიმში პოლიცია თავდაუზოგავად მუშაობს და მიუხედავად სხვადასხვა ინტერესჯგუფის პერიოდული საინფორმაციო შეტევებისა, საკმაოდ ეფექტურია. გაათმაგებულია ოპერატიული მუშაობა, რისი შედეგიც არის ის, რომ ბოლო პერიოდში არ არსებობს გაუხსნელი რეზონანსული დანაშაული და რაც მთავარია, უმეტესად იხსნება ცხელ კვალზე, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ბოლო ყაჩაღობის შემთხვევა ვაზისუბანში.


გაძლიერებულია კრიმინალური პოლიციის შემოვლის ჯგუფების პატრულირება. ვფიქრობ, პოლიცია რეაგირების ნაწილში ეფექტიანად მუშაობს. თუმცა რეაგირების გარდა, პოლიციის საქმიანობის მეორე და უმნიშვნელოვანესი ასპექტი პრევენციაა. სწორედ ამ მიმართულებით გვჭირდება ჩვენ პრობლემების სისტემური გადაწყვეტა, ანუ განვითარება სწრაფი ტემპით. ამ მიზნით, საპოლიციო საქმის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით შევისწავლეთ და ძირითადი აქცენტი უფრო ტექნოლოგიებზე გავაკეთეთ. ჩვენი ხედვა გულისხმობს ქვეყანაში ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის განვითარებას, რომელიც აღჭურვილი იქნება ვიდეოანალიტიკური პროგრამებით. ვიწყებთ ყველაზე მასშტაბურ რეფორმას და პირველი რევოლუციური მნიშვნელობის პროექტს. ჩვენ ვხსნით პოლიციის მაღალტექნოლოგიურ ცენტრს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისი საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემით ლონდონის, დუბაისა და ნიუ-იორკის გვერდით აღმოჩნდება. გარდა ამისა, ეს პროექტი დაახლოებით 3-ჯერ იაფია, ვიდრე, მაგალითად, საპატრულო პოლიციის არსებული სისტემა და, რაც მთავარია, ძალიან ეფექტიანია სწორედ პრევენციისთვის. მაგალითად, ლონდონში ამ ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 4-5 წელიწადში 416,000-დან 121,770-მდე შემცირდა. 2014 წლის მონაცემებით, ნიუ-იორკში ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალადობრივმა დანაშაულმა 9,5%-ით იკლო. ამავე პერიოდში დანაშაულის საერთო რაოდენობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ჩიკაგოში ვიდეოკამერების დამონტაჟებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, დანაშაულის რიცხვმა 26%-ით იკლო. 2014 წელს, 2011 წელთან შედარებით, ატლანტაში დაფიქსირდა დანაშაულის საერთო რიცხვის (ინდეხ ცრიმე) 20,992 ერთეულით კლება (-5,5%), ესპანეთში კი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დანერგვის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 10-15%-ით შემცირდა. პარალელურ რეჟიმში, ოქტომბრიდან იწყება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი. სხვადასხვა მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად, ეს გულისხმობს, რომ პოლიცია გადავა ელექტრონულ წარმოებაზე. ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პოლიცია გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი, ასევე, მინიმუმამდე დავიდეს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები.

 

 

 

რუსუდან შელია

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner