logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს
- +

27 სექტემბერი. 2016. 17:02



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა და აღნიშნა რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე წინასაარჩევნო გარემოც უფრო მეტად დაიძაბება. ექსპერტის თქმით „ნაციონალური მოძრაობა" ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საზოგადოებაზე.


- როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო გარემო?

 

- წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ მძიმეა. დაძაბულობა კიდევ უფრო მატულობს. თუნდაც ის, რაც მედიასივრცეში და სოციალურ ქსელებში ხდება, მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე, დაძაბულობაც მეტად მოიმატებს.


- მოსალოდნელია თუ არა პროვოკაციები?

 

- რა თქმა უნდა, პროვოკაციები მოსალოდნელია და ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა" უკვე ემზადება ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვამბობდი. თავის დროზე სწორად რომ შეფასებულიყო „ნაციონალური მოძრაობის" ბიოგრაფია და მისი მოქმედებები 9 წლის განმავლობაში, დღეს შესაძლოა ამ სიტუაციამდე არ მივსულიყავით.


გარდა ქუჩის ექსცესებისა, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილი იყო საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მედიასაშუალებებით, სოციალური ქსელებით, რაც გულისხმობდა მმართველ ძალაზე ცუდი შთაბეჭდილების შექმნას, რომ „ქართული ოცნება" არაფრის გამკეთებელია, უუნაროა. ხის გადარგვის ფაქტიც კი პოლიტიკურ რანგში გაიყვანეს.


- რა გარემოს ქმნის „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებაში?


- „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" არაფრისმკეთებლად წარმოაჩენს. რეგიონებში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, საზოგადოების ნაწილი იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, რეალურად კი ასე არ არის, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოების ნაწილი თავისი მეთოდებით ასე მიაჩვია.


„ნაციონალური მოძრაობის" მეთოდოლოგიის ნაწილი საზოგადოებაზე მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ არის. მათი მიზანია ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ძალის დემონსტრირება.


ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, თუ რას გააკეთებს არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა", არჩევნების დღეს, დღის 12 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა" „რუსთავი 2"-ის მეშვეობით გამოაცხადებს ეგზიტპოლის შედეგებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს. სამ საათზე ისევ იმავეს გამოაცხადებენ და უკვე საღამოს, როცა „ქართული ოცნება" რეალურ შედეგს დადებს და გამარჯვებას გამოაცხადებს, ამ დროს საზოგადოების ნაწილი უკვე შემზადებული იქნება, რომ „ნაციონალები" იმარჯვებენ და თქვენ წარმოიდგინეთ ამას რა ამბები მოჰყვება. არ ვამბობ, რომ ეს დაგეგმილია, თუმცა ერთ-ერთი ვარიანტია, რაც შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთოს. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ასე აკეთებდა 2012 წლის 2 ოქტომბერს „რუსთავი 2". მაშინ სიტუაცია თვითონ მიხეილ სააკაშვილმა განმუხტა, როცა თქვა, რომ არჩევნებში დამარცხდა. სხვა შემთხვევაში ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მომხდარიყო.


- „ქართული ოცნების" გარდა, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს შანსი, გადალახოს 5 პროცენტიანი ბარიერი და მოხვდეს პარლამენტში?


- ვფიქრობ, სულ რამდენიმე პარტიას აქვს შანსი, გადალახოს ბარიერი და მოხვდეს პარლამენტში - „ნაციონალურ მოძრაობას", „პატრიოტთა ალიანსს", ირაკლი ალასანიას პარტიას და შესაძლოა, ნინო ბურჯანაძესაც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner