„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ილია წულაია პარტიის ახალ სახეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:
- ბატონო ილია, თქვენ დღეს შემოდიხართ პოლიტიკაში და მკითხველისთვის საინტერესო იქნება მოკლედ თქვენს შესახებ, იმის გარდა, რაც ოფიციალურად გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიღმა შეგიძლიათ გვიამბოთ.
- მყავს მეუღლე და სამი შვილი, ვარ დიღმელი, ვცხოვრობ იმ უბანში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ „ქართული ოცნებიდან". 2006 წელს დავაფუძნე ჩემი კომპანია „არქი ჯგუფი" და რამდენიმეკაციანი ბიზნესი ამ წლებში წარმატებით განვითარდა, დაახლოებით 1000-მდე მუდმივად დასაქმებული ჰყავს ამჯერად კომპანიას.
- თქვენ წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი ხართ, საკმაოდ საინტერესო ბიზნესბიოგრაფია გაქვთ, რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკაში მოსვლა?
- ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. მოვახდინე ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის ანალიზი და მივხვდი, რომ ჩემი გამოცდილებით და იდეებით შევძლებ დავეხმარო ჩვენს პარლამენტს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
არავისთვის არაა დასამალი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დემოკრატიის ხარისხი საქართველოში დაბალი იყო. ირღვეოდა ურთიერთობის ძირითადი პრინციპები. ეს ეხება იმ სფეროსაც, საიდანაც მე მოვდივარ პოლიტიკაში. უჭირდა როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლების მიღწევებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ორს: პირველი - ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი მკვეთრად ამაღლდა და მეორე - შეიქმნა ჯანსაღი ბიზნესგარემო. ხელისუფლება ამ პრინციპებით მუშაობს. ვიზიარებ ქვეყნის განვითარების გზას და ვიცი, რომ დავაჩქარებ პროცესებს.
მიღწეულის შენარჩუნება და გაუმჯობესება ნამდვილად ღირსეული გამოწვევაა ჩემთვის.
ცოტა მიკვირს, რატომ ითვლება უცნაურად ან მიუღებლად, როცა თავის საქმიანობაში წარმატებული ადამიანი - იქნება ეს ხელოვნება, სპორტი, ბიზნესი, პედაგოგიური თუ სხვა სახის მოღვაწეობა, პოლიტიკაში შესვლა საშოვარზე გასვლა არ არის, ეს არის რაღაც პირადზე უარის თქმა, რაღაც საერთოს გამო. ასე რომ, რაც უფრო მეტი სხვადასხვა სფეროში რეალიზებული ადამიანი იქნება სხვადასხვა პარტიიდან პოლიტიკაში, კერძოდ, პარლამენტში, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის.
- იყო შეთავაზება თუ თავად მიიღეთ გადაწყვეტილება მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილიყავით წარმოდგენილი „ქართული ოცნების" მიერ?
- მივიღე შემოთავაზება და როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდხანს ვფიქრობდი ამ შემოთავაზების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი აზრები - „ოცნების" გუნდის და ჩემი - სრულ თანხვედრაშია იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ბიზნესი და სახელმწიფო. აქ საქმიანი გარემოა და შესაძლებელია ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება. „ქართული ოცნების" პოლიტიკური ხედვები და ქვეყნის სამომავლო განვითარების გეგმა ჩემთვის მისაღებია. ამიტომ დავთანხმდი შემოთავაზებას და გადავწყვიტე ამ პოლიტიკური გუნდის წევრობა. ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების დეფიციტია, ახალი სახეები კი ახალ რეალობას უფრო სწრაფად შექმიან...
მოკლედ, იმდენად დამაინტერესა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ამ მხრივ რეალიზებამ, მგონი, პოლიტიკა რომ არ მოსულიყო ჩემთან, მე მივიდოდი პოლიტიკასთან.
- როგორი გუნდი შეიკრიბეთ? როგორი ახალი სახეები ჰყავს „ქართულ ოცნებას"?
- „ქართულ ოცნებაში" ბევრი ახალი სახეა, თუმცა გუნდში დარჩა ასევე ის ძირითადი ძალა, რომელმაც 2012 წლის ცვლილებები დიდწილად განაპირობა. „ქართული ოცნება" არ არის მარტო ახალი სახეები, ეს ერთიანი გუნდია, რომელიც წარმატებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის.
სხვებზე საუბარი არ მიმაჩნია კარგ ტონად, თუმცა ამ შემთხვევაში შემიძლია გამონაკლისი გავაკეთო და ვთქვა, რომ ახალ წევრებს შორის ბევრი წარმატებული, მოტივირებული და საკუთარი სიტყვის შემსრულებელი ადამიანია.
რაც ყველას გვაერთიანებს, არის საერთო მიზანი და ხედვები. ადამიანის უფლებების დაცვა და ევროკავშირისკენ სვლა შეუქცევად პროცესად გვესახება. არავინ მოსულა პოლიტიკაში თავის შესაფარებლად, ყველას საქართველოს განვითარება და ახალ ეტაპზე გაყვანა გვინდა.
კარგი გუნდია, ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. გუნდი საინტერესოა, გუნდი მოტივირებულია, პროგრესი ყველას გვინდა, ასე ვთქვათ, ქართული ევროპაც ყველას გვინდა, ასე რომ, ვიმუშავებთ ამ რეალობის შესაქმნელად... რაც მთავარია, თანამოაზრეები ვართ - ერთიანი ხედვა გვაქვს ქვეყნის მომავალზე.
- კონკრეტულად, რას შეეხებით პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში?
- აუცილებლად ვიმუშავებ და წამოვწევ საკითხებს მშენებლობის თემატიკის ირგვლივ, მტკივნეული თემაა, დასალაგებელია მთელი რიგი საკითხები... საკანონმდებლო ბაზა, სამშენებლო რეგულაციები.
სამშენებლო ბიზნესი და ეკოლოგია სრულ ჰარმონიაში უნდა მოვიყვანოთ ერთმანეთთან. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ამაზე მეტყველებს. ჩვენს ქალაქში ხალხს ჯანსაღი გარემო სჭირდება.
მნიშვნელოვანი საკითხია დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობა. მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, ბევრი პრაქტიკული ხასიათის მიდგომა ჯერ კიდევ შესაცვლელია. ვფიქრობ, მაინც საჭირო იქნება დამატებითი ჩარევა საკანონმდებლო დონეზე. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ამ პრობლემაზეც გადის.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სოციალურ საკითხებს, ვფიქრობ, ამ პრობლემებზე მომუშავეთა გუნდი ჩემი სახით ახალ მეგობარს შეიძენს.
მოვდივართ ახალი გუნდით, ახალი შემართებით და მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.