logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ბევრად უკეთ შევძლებ ჩემი ოლქისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას!
- +

27 სექტემბერი. 2016. 18:46



„ქართული  ოცნების" საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, შეიძლება ითქვას, „ნაციონალების" რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. გოგიჩაიშვილი 2004 წლიდან იყო სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური ოპონენტი და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ამის გამო გისოსებს მიღმაც აღმოჩნდა. ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტპატიმრობა აღიარა არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა, მის პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე საუბარია ევროსაბჭოსა და სხვა არაერთი გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშებშიც. სამართლის მაგისტრი და კავკასიის სამართლის სკოლის დირექტორანტი, ერთი პერიოდი დიდ ბრიტანეთშიც სწავლობდა. პარლამენტთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სამშობლოში ყოველთვის იმ მოვლენების ეპიცენტრშია, სადაც ქვეყნის ბედი წყდება. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო მარათონში ჩაერთო და სურვილი გაუჩნდა, ქვეყნისა და საბურთალოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.


- ბატონო ლევან, გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში ადაპტაცია არ გაგიჭირდებათ. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, არა?

 

- საკანონმდებლო ორგანო ჩემთვის უცხო არაა. 2004-2005 წლებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე ვიყავი. 2015-2016 წლებში ამავე კომიტეტთან არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელ კომისიაში ვმუშაობდი. არაერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომიწია მუშაობამ ჩემს მიერ დაფუძნებულ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრთან" ერთად, განსაკუთრებით შრომითი უფლებების მიმართულებით. ეს სფერო ჩემთვის ადრეული წლებიდანვე საინტერესოა, ბოლო წლებში თითქმის მთელი ჩემი საქმიანობაც სამოქალაქო სექტორში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას უკავშირდება.


- და სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზებასაც. პოლიტიკური აქტიურობა თავის დროზე რატომ გადაწყვიტეთ?

 

- პოლიტიკოსობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, 2004 წელს პროკურატურის გამოცდებიც ჩავაბარე, 99 ქულა ავიღე და მინდოდა, კარიერა პროფესიით გამეგრძელებინა, მაგრამ მალევე დავინახე, რომ ავტორიტარული რეჟიმის პროკურორი ვერ ვიქნებოდი და გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა და ენერგია უფლებადაცვითი მიმართულებით გამომეყენებინა. მაშინ დავიწყე მუშაობა პარლამენტში, შემდეგ სამოქალაქო სექტორში. ვფიქრობდი, იმ მოცემულობაში ასე უკეთ შევძლებდი დავხმარებოდი სახელმწიფოსაც და ადამიანებსაც. სააკაშვილის რეპრესიული სისტემის გაძლიერებასთან ერთად, რასაც მოჰყვა მედიისა და სასამართლოს სრული კონტროლი, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანისა და სხვების უკანონო მკვლელობები, 7 ნოემბერი და „იმედის" დარბევა, გაყალბებული არჩევნები, პოლიტიზებული პოლიცია და ჯარი, სამარცხვინოდ წაგებული ომი, ჩემი პროტესტიც ძლიერდებოდა. მხოლოდ უფლებადაცვითი აპოლიტიკური აქტივიზმი საკმარისი აღარ იყო. სააკაშვილის ხელისუფლების დროს თითქმის ყველა საპროტესტო კამპანიის ავანგარდში ვიყავი და მთელი საქართველოს მასშტაბით მათ ორგანიზებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროცესიდან ჩემი ჩამოშორება და იმასაც მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ ჩემი დაპატიმრებით იყო შესაძლებელი. ამან გარკვეული პერიოდი იმუშავა კიდეც. მთელი რიგი კამპანიები, რაც სააკაშვილს, როგორც მინიმუმ, მოსვენებას არ აძლევდა და ნერვებს უშლიდა, რაღაც დროით შეწყდა.


- ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ „ქართული ოცნება" ის პარტიაა, რომლის გუნდის წევრობაც გადაწყვიტეთ. მმართველმა ძალამ ბოლო 4 წელში თქვენი იმედები გაამართლა?

 

- დიახ, „ქართული ოცნება" იყო ძალა, რომელმაც დაასრულა ის ძალადობრივი რეჟიმი, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი მეც ვიყავი. ეს არის ადამიანის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული პარტია, რომელთანაც ყველაზე მეტი საერთო მაქვს მსოფლმხედველობრივად. ეს არის გუნდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის უალტერნატივო, შეუძლია, სწორად და პრაგმატულად მართოს ქვეყანა და ადამიანი, სახელმწიფოებრივი ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენოს და მიღწეული შედეგებითა და მეტი გამოცდილებით უფრო სწრაფად უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება. ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე „ქართულმა ოცნებამ" არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა: მალე საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ექნება, გაეხსნა ახალი ევროპული ბაზარი 28 ქვეყნითა და 500-მილიონიანი მომხმარებლით, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს; გაფორმდა პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ამერიკა-საქართველოს შორის, რაც უფრო დაცულს გვხდის; მედია და ბიზნესი გათავისუფლდა; სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით გაუთანაბრდა ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს - სასამართლოში ხელისუფლების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების რიცხვი 55%-ით შემცირდა; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით უფასო სამედიცინო მომსახურებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა; C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამით - უკვე 10 ათასმა მოქალაქემ და მომავალში ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება; დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი თანხა 3-ჯერ გაიზარდა; სახელმწიფომ დაიწყო საგარეო ვალის გასტუმრება, რაც, ამ ეტაპზე, უკვე 200 მილიონი დოლარითაა შემცირებული; 20 000-ზე მეტმა დევნილმა მიიღო საცხოვრებელი ბინა და სახლი. ეს მხოლოდ ნაწილია გაკეთებული სიკეთეებისა. დღევანდელი პარლამენტი იყო ყველა იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა და გადაწყვეტილების მონაწილე, რაც საქართველომ ბოლო წლებში „ქართული ოცნების" მმართველობისას განახორციელა. კოალიცია, ალბათ, მნიშვნელოვანი იყო 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მაგრამ მართვისას მას ჰქონდა მთელი რიგი ხარვეზები და ნაკლებად ეფექტური იყო. ხშირად ჭიანურდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეჯერება-გატანა. პარტია „ქართული ოცნების" განახლებული, ერთი ხედვითა და პლატფორმით გაერთიანებული პროფესიონალების გუნდი შეძლებს, მეტ წარმატებას ბევრად ნაკლებ დროში მიაღწიოს.


- თქვენ რა წარმატებას მიაღწევთ საბურთალოს რაიონში და რამდენად კარგად იცნობთ მოსახლეობის პრობლემებს?

 

- რაიონის პრობლემებს უკვე ზედმიწევნით კარგად ვიცნობ. საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე. ახლაც აქ, ხილიანზე ვცხოვრობ და მეტ-ნაკლებად ყოველთვის ცნობილი იყო ის პრობლემები, რომელიც საბურთალოელებს გვეხებოდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პროცესში ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. ვიცი, რა უნდა ჩემს ამომრჩეველს, რა არის მისი დაკვეთა ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე. მოსახლეობასთან ყოველდღიურმა შეხვედრებმა ბევრად ღრმად ჩამახედა პრობლემებში და დამეხმარა, გარკვეული გეგმაც შეგვემუშავებინა. მე, როგორც პარლამენტარი, ხელს შევუწყობ მიღწეული მონაპოვრის გაუმჯობესებას. მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემის მოგვარებას. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ განათლებასა და დასაქმებას.


- ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამომრჩევლებმა ხმა მაინცდამაინც თქვენ უნდა მოგცეთ?

 

- მე ვარ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს მე-6 ოლქში. გუნდისა, რომლის დროსაც დასრულდა ტერორი ქვეყანაში და ადამიანებს აღარ ეშინიათ; რომლის დროსაც საქართველო მეტად ორიენტირებული გახდა მოქალაქეების ინტერესებზე და დაამტკიცა, რომ შეუძლია, ქვეყანა მართოს სწორად. მე ყოველთვის ვმუშაობდი საკითხებზე, რაც ადამიანების დაცვას, მშვიდობასა და კანონიერებას უკავშირდებოდა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატი შესაძლებლობას მომცემს, პირადად მივიღო მონაწილეობა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩემს გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან" ერთად. ბევრად უკეთ შევძლებ ჩემი ოლქისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას, ვიდრე ნებისმიერი ჩემი კონკურენტი.


ბიოგრაფია - დაიბადა 1981 წელს ქალაქ თბილისში. წითელ დიპლომზე დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის № 199 საჯარო სკოლა; 1998-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არის იურისპრუდენციის მაგისტრი. 2001 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში (MMU), სადაც ეკონომიკის საფუძვლები შეისწავლა; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის გამოცდები 99 ქულით. 2004-2006 წლებში იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 2006-2009 წლებში „თანასწორობის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი; 2004 წლიდან იყო სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური ოპონენტი და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; 2009 წელს ემზადებოდა ადვოკატურის გამოცდისთვის, როცა დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით. სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა; 2013 წლიდან არის „კავკასიის სამართლის სკოლის" დოქტორანტი; 2013-2014 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე. 2014-2015 წლებში იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2014 წელს იყო პროექტის „სასამრთლოს მონიტორინგი" კოორდინატორი; იმავე წელს გერმანიის ქალაქ გურმერბახში „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა" გაიარა; 2015-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის წევრი.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner