პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „კვირის პალიტრასთან" დავით უსუფაშვილის მიერ „ქართული ოცნების" ლიდერებთან კერძო მიმოწერის გასაჯაროებასა და „რესპუბლიკელების" შესახებ საუბრობს:
- არა მგონია, მიმოწერების გამოქვეყნება სწორი გადაწყვეტილება იყოს, პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში მსგავსი დეტალები არ უნდა საჯაროვდებოდეს. პრინციპში, ეს წერილი არ შეიცავს პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას, ან სახელმწიფო საიდუმლოებას, თუმცა მაინც კერძო საუბარია, ამიტომ მსგავსი პაექრობა დავით უსუფაშვილს არაფერს მატებს, მით უმეტეს, არაფერს აკლებს ბიძინა ივანიშვილს. შესაძლოა ჩვენი მხრიდანაც ბევრს გვქონდეს სათქმელი, მაგრამ ყველაფერი არ ითქმის და ყველაფრის გარეთ გამოტანა არ შეიძლება.
- თქვენც გაქვთ რამე დოკუმენტი?
- თუ „რესპუბლიკელებს" პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, ჯერ კიდევ კოალიციაში ყოფნისას გამოეხატათ და ოპოზიციაში გადასვლას არ დალოდებოდნენ. მაგალითად, თინა ხიდაშელმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს უშლიდაო. ეს პრინციპული საკითხია და ღირსეული პოლიტიკოსი ამაზე მინიმუმ პრეტენზიას ხმამაღლა თავიდანვე განაცხადებდა და ბოლოს და ბოლოს, 2013 წელსვე წავიდოდა ოპოზიციაში. ეს ხომ არ არის რიგითი საკითხი, რატომ ხარ ჩუმად, მეტიც, მთავრობის წევრიც კი ხდები?! მურუსიძის საკითხზე კრიტიკა პირადად მე პარლამენტის ტრიბუნიდანაც გავაჟღერე, მაგრამ მეორეა, რამდენად შემეძლო გავლენა მომეხდინა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე, სადაც პარლამენტი არ მონაწილეობს.
- „რესპუბლიკელებს" ზემოქმედების რა ბერკეტი ჰქონდათ? მით უმეტეს, მურუსიძის საკითხზე მათგან არაერთი კრიტიკა მოგვისმენია...
- ქალბატონ თინას შეეძლო ოპოზიციაში წასვლა, არა მინისტრის პორტფელის დატოვების შემდეგ, არამედ მაშინვე. ამ შემთხვევაში იქნებოდა გულწრფელი, მაგრამ ბოლომდე გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, არ მიმაჩნია სწორად...
სხვათა შორის, როდესაც თამარ კორძაია ნაძალადევის რაიონში წარვადგინეთ, ყველა გვეკითხებოდა, „რესპუბლიკელი" ხომ არ არისო. მოგვიწია განმარტებამ, რომ ის ჩვენი პარტიის წევრია. ამომრჩევლებმაც კარგად იცოდნენ, რომ კორძაია იდეოლოგიითა და შეხედულებებით „რესპუბლიკელი" იყო, თუმცა მაინც ჩვენი პარტიის წარდგენით დაუჭირეს მხარი. იგივე შემიძლია ვთქვა თამარ ხიდაშელზეც - მისი გამარჯვება საგარეჯოს რაიონში, სწორედ „ქართული ოცნების" მხარდაჭერას უკავშირდება. კარგად გვახსოვს, რა შეძლეს მათ „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ და არა მხოლოდ მათ, მაშინდელმა ოპოზიციურმა ალიანსებმაც...
- თქვენს პარტიაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ მოახერხეს.
- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა მთავარი ფაქტორი გახლდათ. „ნაცმოძრაობის" დამნაშავე რეჟიმის გასტუმრება სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ისიც კარგად მახსოვს, უსუფაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა კოალიციის ამოცანააო. სხვა საკითხებზეც გვქონდა წინააღმდეგობა... თუ „რესპუბლიკელები" საზოგადოებას არ მოსწონს, ბიძინა ივანიშვილის ბრალია?!
რუსუდან შელია