logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: უსიამო აქცენტები და ცხელ გულზე დაწერილი უსტარი
- +

27 სექტემბერი. 2016. 20:39

(ციკლიდან: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!..")

 

 

 

ჩემი ყოფილი სტუდენტები თითქმის ყველა ტელეარხზე მუშაობენ. მათ შორის "რუსთავი-2"-ზე - პირადად ჩემთვის, საინტერესო და ახლობელ არხზე, რომლის გადაცემები, პოზიცია კი არის ზოგჯერ საკამათო, მაგრამ, ვინმეს პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა...

 

ამ არხზე მომუშავე ჩემები - ნიჭიერები, ობიექტურები, პროფესიულად და ადამიანურად სინდისიერები, უფროს-უმცროსობის პატივისმცემლები, არაუმადურნი, მე-6 კორპუსის პატრიოტები, "რუსთავი-2"-ის გვარდიაა.

 

სწორედ მათ (ნოდარს, ნანუკას, მაიას, გიორგის, ნატოს...) ვთხოვ გადასცენ თავიანთ კოლეგას, თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის დიპლომის მქონე ქალბატონ ეკა კვესიტაძეს, ომ მის საავტორო გადაცემა "აქცენტებში" გაჟღერებული მისსავე  უადგილო, „გამიზნული“ აქცენტების გამო, აკაკის "გამზრდელის" წაკითხვა ნამდვილად არ მომიწევს, რამეთუ მას არ უცხოვრია იმ საინტერესო ატმოსფეროში, რომელიც იმ წლებში  სუფევდა ფაკულტეტზე და მაშინდელი სუპერ-აქტიური გოგონა, როგორც სტუდენტი, ერთადერთხელ (!) მყავს ნანახი, ისიც სახელმწიფო გამოცდაზე, რომელზეც იგი, თსუ რექტორატმა დაუშვა, როგორც გამონაკლისი, ჩემი, ანუ, ფაკულტეტის დეკანის არგუმენტირებული (!) მოთხოვნის შედეგად.

 

პატარა გადახვევა: არავის არაფერს ვამადლი და არც სამაგიერო სიკეთეს ვითხოვ. ეს ნებისმიერ თქვნთაგანს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ამ და სხვა დეტალს იმიტომ ვიხსენებ, რომ ამ დღეებში შექმნილი ვითარება და მასთან დაკავშირებული კომენტარები მაიძულებს ზოგადი და პროფესიული ეთიკის დაცვისკენ მოვუწოდო მავანს. და მივანიშნო: ძალზედ მნიშვნელოვანია საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებებზე მაღლა დგომა, მაშინ, როცა თანამდებობრივად თუ პროფესიულად ხელგეწიფება პერსონასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შეფასება, რომელთაც შეუძლიათ პოზიტიური თუ ნეგატიური ზეგავლენა მის აწმყოსა თუ მომავალზე, ავტორიტეტზე, რეპუტაციაზე, მის გარშემო შექმნილ განწყობაზე. ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობდა ზემოთ მოტანილი ნაბიჯი და ისიც, ითაც მოგონებას ვამთავრებ:

 

"აქცენტების" ავტორს კარგად უნდა ახსოვდეს სახელმწიფო გამოცდის პროცესი - მისთვის არცთუ სასიამო დისკუსია ბილეთის ძირითადი საკითხზეც ("პრესა და პოლიტიკა"). მით უმეტეს, შედეგი - კომისიის მოულოდნელი, "გამაოგნებელი" გადაწყვეტილება ("კბილებით რომ გავიტანე" ), რომლითაც პროფესორ თამაზ ჯოლოგუას სანდო ინფორმაციით, დიპლომანტი კვესიტაძე "სასიამოვნოდ გაკვირვებული" დარჩენილა.  პედაგოგურად გამართლებული და ზნეობრივი გადაწყვეტილება  მას გაუკვირდა, თორემ ჩვენთვის ეს ნორმალური, ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ.

 

ამიტომ დამიტოვა (უკვე მეორედ) უსიამო გრძნობა  გასული კვირის "აქცენტებში", დასმულმა  აქცენტებმა და კიდევ "რაღაც-რაღაცეებმა"...

 

თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ "აქცენტები" საგანგებოდ მიეძღვნა ახალი პოლიტ- და წინასაარჩევნო ვარსკვლავის ერთი სატელეფონო საუბრის "ფარულ ჩანაწერთან" დაკავშირებულ ისტორიას. ისიც ცნობილია, რომ ავტორის ძირითადი "დარტყმის" ობიექტი "რეპორტიორი" გახლდათ. მასაც ხაზი გაუსვა, რომ მისი ერთერთი დამფუძნებელი საქტელერადიოს ყოფილი შეფი (ანუ, მე) გახლავართ. ჩემი ბიოგრაფიის ამ შტრიხის გამოკვეთას, ისევე, როგორც ღიმილისმომგვრელ ზოგიერთ სხვა მინიშნებას, კახეთში ვირეშმაკობას ეძახიან.

 

უნდა გავაწბილო ავტორი და კომპანია: ვერ „გაარტყით მიზანში,  სხვებთან ერთად მეც სააგენტოების მეშვეობით გავეცანი ამ პუბლიკაციას. ოპერატულობის მხრივაც ჩვენების პირველობა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვისაც, რამეთუ საკმაო ხანი "რეპორტიორში" კი არა, თბილისშიაც არ ვიმყოფებოდი. და ადგილზედაც რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა,  ამ მასალის შესახებ მეც გამოქვეყნების შემდეგ გამეგო. და ეს ბუნებრივია - სარედაქციო დამოუკიდებლობის, შემოქმედებით საქმიანობაში, დირექციის ყოველდღიური ოპერატულ საქმიანობაში დამფუძნებლების ჩაურევლობის პრინციპს  უმკაცრესად ვიცავ. ცალკეული ჟურნალისტების შემოქმედებასაც თვალს ვადევნებ მხოლოდ და მხოლოდ როგორც მკითხველი ან უფროსი კოლეგა. და თუ რჩევისთვის მომმართავენ, რა თქმა უნდა, დროს და გამოცდილებას არავის დავამადლი.  ამას, მჯერა, უყოყმანოდ დაადასტურებს ნებისმიერი ყოფილი თუ ახლანდელი თანამშრომელი.

 

და როცა ატყდა აჟიოტაჟი, ბუნებრივია, ჩავიხედე სარედაქციო "სამზარეულოში" და, ცოტა არ იყოს, დავიბენი: ვერ დავინახე "რეპორტიორით" ასეთი გაწიწმატების სერიოზული მიზეზი. უფრო მეტიც, ვერც "რეპორტიორის" ოპერატულობით მორიგე რედაქტორების ტრაბახის საფუძველი აღმოვაჩინე, რამეთუ სხვა სააგენტოებს კი დავასწარით, მაგრამ საკმაოდ დავაგვიანეთ: ჩვენს საიტზე ჩანაწერი დაიდო "იუთიბიზე" გამოქვეყნებიდან 11-12 საათის შემდეგ.

 

ნამეტნავად ბანალურია შეკითხვაც: საიდან მოხვდა "რეპორტიორის" ხელში ეს მასალა, რატომ მას და არა სხვას აღმოაჩნდა ეს ჩანაწერიო...

 

- საიდან (?) მოხვდა და...  იქედან, საიდანაც თქვენ და ნებისმიერი სხვა რედაქცია იღებს ინფორმაციას!

 

- როგორ (?) და...  ზუსტად ისე, როგორც თქვენ და სხვა კოლეგები მოიპოვებენ კიდევ უფრო საინტერესო მასალებს!

 

აშკარაა ამ შემთხვევაშიც:  არ იქნებოდა "რეპორტიორი" და იქნებოდა სხვა სააგენტო, ტელეარხი, რადიო, გაზეთი.

 

რა ამის მაგალითი დღევანდელ მედიასივრცეში ცოტაა?

 

როდესმე ვინმესგან მოგვიკითხავს  იმის დაკონკრეტება, თუ ვინ არის ის "წყარო", ის „ჩიტი“ თუ „თუთიყუში“, ვინც ჩვენს კოლეგებს ამარაგებს არა ნაკლებ (თუ მეტი არა) საინტერესო თუ "სკანდალური" ამბებით? და ესეც ბუნებრივია!

 

სხვათაშორის, აგერ, ამ ბოლო ხანს საზღვარგარეთულ საიტებზე გამოქვეყნდა კიდევ რამდენიმე ჩანაწერი, გაცილებით უარესი (!), უფრო სკანდალური (!), მართლა საღრიალო. ყველა ამ ჩანაწერზე საუბრობს, მაგრამ კაცი არ კითხულობს კონკრეტულად საიდან, რატომ მანდამაინც უკრაინულ საიტზე და არა სხვაგან...

 

დუმილი! დუმილი! დუმილი!

 

"არასაიდან ხმა, არსით ძახილი!.."

 

ერთი სიტყვით, ფუჭია დავა იმ ელემენტარულ საკითხებზე, რაც დღესავით  ნათელია, გონებაშეზღუდული ადამიანებისთვისაც კი,  და ძნელად გასარკვევი აღმოჩნდა "აქცენტებისთვის". ეტყობა, ამიტომაც  თხოვს დახმარებას საგამოძიებო უწყებებს ჩვენი კოლეგა: დაკითხეთო "რეპორტიორი"!

 

იგრძნობა, ახლობელი მრჩევლის ხელი, ჩვეული სტილი, მდიდარი გამოცდილება... აკი, ასე სკურპლიოზური გამოიძიების შედეგად დაადგინეს  დამნაშავენი გვირგვილიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, თეთრაძის და სხვათა „საქმეებში“...

 

რა თქმა უნდა, თუ ეს საჭირო გახდა, სააგენტოს გენერალური დირექტორი ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს "სადაც ჯერ არს". ისე, რომ იცოდეთ მსგავს მოთხოვნა-დასმენას შეჩვეულები ვართ. ისევე, როგორც მსგავსი ენთუზიასტ-ჩხირკიდელების კი არა, ზოგჯერ პროფესიული ნაბიჭვრების ცნობისმოყვარეობასაც აკმაყოფილებს ზოგიერთ ტელეარხი თუ საგამოძიებო სტრუქტურა, თუნდაც, "ვარსკვლავბიჭუნებით" დაკომპლექტებული პროკურატურის ხელმძღვანელობა. თუმც, სულ ფუჭად ფახიფუხობს მავანი: როგორც ადრე, ახლაც ვერავინ დააჭრის ყურებზე ხახვს მართალ (!) "რეპორტიორს".

 

სამაგიეროდ, "აქცენტებში" დასმულ-გაჟღერებული უადგილო აქცენტების შემდეგ მეხსიერებაში ამოტივტივდა ზოგიერთი ძველი თუ ახალი პუბლიკაცია, გაიბა  ურთიერთდამაკავშირებელი უხილავი ძაფები და გაჩნდაა ელემენტარული, როგორც ახლა უყვართ თქმა-ლეგიტიმური შეკითხვები, იმის თაობაზე, თუ:

 

- რატომ დევნიან ასე პერმანენტულად "რეპორტიორს" ვიღაც-ვიღაცეები, სამოქალაქო აქტივისტებად, დემოკრატიის და "თავისუფალი სიტყვის" დამცველებად რომ ასაღებენ თავს?..

 

რატომ უყენებენ "რეპორტიორს" აბსურდულ ბრალდებებს გაუგებარი წარმომავლობის, ბიოგრაფიის, დამსახურების, კომპეტენციის თვითმარქვია ექსპერტები, "კაპიტნები" თუ "პრეზერვატივის პრინცესები" - ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მსუნაგობისა და "უთოფო ყაჩაღობის" შესახებ ლეგენდებს ყვებიან მათი ყოფილი კოლეგები?

 

- საიდან მოაქვთ მათ და რატომ აკავშირებენ ეს მართლა "ნომრიანი აგენტები" ჩვენ „რეპორტიორს“ ჩრდილოელი მეზობელს?..

 

- საიდან "ამოჩიჩქნეს" ვითომ ანტიდასავლური  თუ ყურითმოთრეული "სიძულვილის ენა" ჩვენი სააგენტოს ორიგინალურ (!) მასალებში?..

 

ანდა, სრულიად ახალი და კონკრეტული ბოლო შემთხვევა:

 

- "რეპორტიორის" ოფისში რატომ მივარდა ასე უცერემონიოდ

"აქცენტების" გადამღები ჯგუფი?

 

- როდის აითვისეს სად დახვეწეს ზონდერჯგუფებისთვის დამახასიათებელი  ასეთი "ჯიქური" ტექნოლოგიები, მიყურადებები, ფარული მიკროფონებით, კამერებით?

 

დალოცვილებო, არ შეიძლებოდა კომენტარზე ჩვეულებრივი, ნორმალური, ტრადიციული, კულტურული წინასწარი შეთანხმება, თუნდაც ტელეფონით, რომ კოლეგებთან ურთიერთობაში საჭირო "აფთიაქარის" სიფრთხილის ნაცვლად "კავალერისტული" მეთოდით არ მოგენდომებინათ კონტაქტი და ოფისის „შტურმით“ აღება?

 

ანდა, ვინ ძალიან "ჭკვიანმა" კეთილმსურველმა უკარნახა პრეზიდენტ ბუშისთვის ხელჩამორთმეულ ჟურნალისტ - ქალბატონს აქცენტი გაეკეთებინა უტაქტო, პრიმიტიულ კავშირ-მინიშნებებზე ბევრისთვის სამარცხვინო "ფარულ ჩანაწერთან"რომელიც ჩემ კერძო საკუთრებაში (!) არსებულ საცხოვრებელ სახლში გაკეთდა ფარულად (!), უკანონოდ (!), უზნეოდ (!) და რომელიც, სხვათაშორის, საშური ოპერატულობით პირველმა (!) გაასაჯაროვა საგანგებო გადაცემაში "რუსთავი-2"-მა.

 

"ორმაგი სტანდარტის" დამადასტურებელი ეს ფაქტი, ეტყობა, ფრიად ავტორიტეტულმა სპეციალისტმა უკარნახა  ენთუზიასტ ავტორს, თორემ ამ " ნაჯახური-დახვეწილობით" აღსავსე "მახვილგონივრულ" სვლას, ალბათ, თავად არ „იკადრებდა“.

 

საერთოდ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამ ბანალური პუბლიკაციის ზღვარგადასულმა და აშკარად სუბიექტურმა შეფასება-იარლიყებმა, რომლებითაც ზოგიერთმა კოლეგა თუ პოლიტიკოსმა "დააჯილდოვა" ჩვენი "შავბნელი", "მთავრობასთან დაახლოვებული" სააგენტო..

 

თანაც, ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ზოგიერთი პერსონა (მათ შორის ჩემთვის არც თუ უცხო, ერთი კი განსაკუთრებით ახლობელი) ისე დაუზოგავად ჭრის და კერავს, ისე დავიწყებული აქვს მრავალწლიანი თბილი ურთიერთობა, ისე დამაჯერებლად და ღრმადჩახედული სახით საუბრობს მისთვის აბსოლუტურად უცხო საკითხებზე, გეგონება... ჩვეულებრივ მღერის გოდუნოვის არიას საოპერო სცენაზე.

 

მაგრამ ერთია, როცა ამას აკეთებს საარჩევნო მარათონში ჩაბმული პოლიტიკოსი ან ჩინოვნიკი და მეორე, პიროვნება რომელსაც პრეტენზია (!) აქვს პროფესიონალიზმზე, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების ცოდნა-ერთგულებაზე.

 

აი, ამ შემთხვევაში კი, ნურას უკაცრავად!

 

პასუხი გაეცემა ყველას, საგნებს დაერქმევა საკუთარი სახელები და, ნუ გონია რომელიმე მოკანდელაკ-მოდარჩიაშვილ-მობაბილაშვილ-მოუტიაშვილო პროვოკატორს (სქესის მიუხედავად), რომ ნამეტნავად მეშინია საკუთარი წარსულის წამოძახების.

 

და ბოლოს: მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ "აქცენტების" მუდმივი მაყურებელი, მაინც განვიცდი მისი ავტორის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკულ, ზოგჯერ მოუზომავ, უხეშ შეფასებას (რიკოშეტით მის "მასწავლებლებსაც" რომ ეხება, მით უმეტეს, ქალბატონი ჟურნალისტის დიპლომს ჩემი ხელმოწერაც "ამშვენებს"). იგი უნიჭო ნამდვილად არ არის, მიზანსწრაფვა არ აკლია, ოჯახურ-პროფესიულად არის გათვითცნობიერებული მოსმენა-თვალთვალის ტექნოლოგიებში, იდეურ მოწინაღმდეეგებზე დაუნდობელი, "ტანკივით გადავლაც" სიამოვნებას ანიჭებს. და, სწორედ ამიტომ, მამაშვილურად  ვურჩევ  წაიკითხოს, ან ნახოს და გაიაზროს ნოდარ დუმბაძის ერთი შეგონება https://www.youtube.com/watch?v=ataXsxxFSLg&feature=youtu.be

 

 

ბავშვობაში არაფერი მოგიპარავთ?, კითხა მწერალს ახალგაზრდა ჟურნალისტმა. აი, პასუხიც: - როგორ არა, მომიპარავს და ერთ ასეთ ქურდობას კარგი შედეგიც მოჰყვა.

 

მახსოვს, თხილი მოვიპარე კოლმეურნეობის ბაღში და მეველემ დამინახა და გამომეკიდა, მაგრამ რას დამიჭერდა, მოხუცი იყო, მე კი - ახალგაზრდა. გავიქეცი.

 

საღამოს კანტორაზე დამიბარა თავმჯდომარემ და მითხრა, თხილს რატომ იპარავდიო? მეველეც იქ იყო. სასტიკი უარი ვუთხარი, არ მომიპარავს-მეთქი და მეველე განცვიფრებული მიყურებდა. ვუთხარი, ეს მოხუცია ალბათ და მოეჩვენა, რომ მე ვიყავი-თქო.

 

გამომიშვეს. გზაში დამეწია მეველე და მითხრა, შვილო ნოდარ, ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება, მერე იოლია ცხოვრება და ნუ გაიწყვეტ მაგ შუბლის ძარღვს და ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო, - მთხოვა.

 

ეს, როგორც ერთ-ერთი მცნება სახარებისა, ისე დარჩა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ, რომ ის ნამუსის ძარღვი, შუბლის ძარღვი, აღარ გავიწყვიტო არასდროს.“

 

შეიძლება ვცდები, მაგრამ, ვგონებ, სწორედ ზნეობის, ანუ „შუბლის ძარღვის“  სიბრტყეში უნდა ვეძებოთ „აქცენტების“ ავტორის შემოქმედებითი "პროდუქტით" აუდიტორიის ერთი ნაწილის გაღიზიანება-უკმაყოფილების მიზეზი.

 

ისიც მგონია, რომ დიდი მწერლის რჩევა-გამოცდილების გათვალისწინება გამოგვადგება ყველა ჩვენგანს, დიდს თუ პატარას - ჟურნალისტს, მენეჯერს თუ პოლიტიკოსს, ჩემიანებს თუ "სხვისიანებს"!

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner