ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართულ ოცნებაში" შიდა დაძაბულობები არსებობს", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია და ამ დაძაბულობებს საარჩევნო სიას უკავშირებს.
„კოალიციაში არის რამდენიმე პარტია. თვითონ პარტიებში მსგავსი ურთიერთობები ბუნებრივია. მსგავსი დაპირისპირება არსებობს ყველა ქვეყანაში, ყველა პოლიტიკურ პარტიაში. უბრალოდ, ეს რჩება შიდაკორპორატიულ ამბად და ნაკლებად გამოდის გარეთ. ისინი უფრთხილდებიან როგორც საკუთარი თავის იმიჯს, ასევე იმ გუნდის იმიჯს, რომელსაც წარმოადგენენ.
რაც შეეხება კონკრეტულად „ქართულ ოცნებას", დღემდე არ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება, ვგულისხმობ იმას, რომ არაა ჩამოყალიბებული საარჩევნო კანდიდატთა სია. რაც უფრო გაიწელება პროცესი და რაც უფრო გვიან ჩამოყალიბდება „ქართული ოცნების" საარჩევნო სია, მით მეტად მოიმატებს ასეთი დაძაბულობები. იქ ადამიანები თვითრეალიზაციის საშუალებებსაც ეძებენ, ბუნებრივია. ამიტომ დაძაბულობების განმუხტვა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც შედგება საარჩევნო სია", - განაცხადა გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.