„რაც არ უნდა ეცადოს "ნაციონალური მოძრაობა", რომ ხალხის ნება გაამრუდოს, სახელმწიფო ძლიერია და ის არ დაუშვებს დანაშაულებრივი სქემის განხორციელებას,"- ამ სიტყვებით ეხმაურება „tvპირველის" ეთერში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აუდიოჩანაწერს.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ჩანაწერში, "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალური ფრთა აღიარებს, რომ ისინი არჩევნებს აგებენ.
„რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, ის დადასტურდა. ამ ჩანაწერში, "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალური ფრთა აღიარებს, რომ ისინი აგებენ არჩევნებს. ხალხის ნებით, ისინი ვერ დაბრუნდებიან და მათ სურთ, გაამრუდონ ხალხის ნება. მინდა, ხალხი დავამშვიდო - სახელმწიფო ძლიერია და ის არ დაუშვებს ამ ერთი მუჭა ავანტიურისტების მიერ დაგეგმილი დანაშაულის განხორციელებას. მარგინალ დამნაშავეთა ნება ვერ აღსრულდება. ხალხის ნებას ვერ გაამრუდებენ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აუდიოჩანაწერი 27 სექტემბერს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.