logo_geo
eng_logo
კუს ტბიდან ვაკის პარკამდე ავტობუსები ცალკე სავალ ხაზზე იმოძრავებენ
- +

28 სექტემბერი. 2016. 03:29



10 ახალი ავტობუსი 5-6 ოქტომბრამდე გამოვა თბილისის ქუჩებში. მათი პრეზენტაცია 30 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამასთან, ავტობუსებისათვის ცალკე სავალი ხაზი იქნება გამოყოფილი კუს ტბიდან ვაკის პარკამდე.


თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, 10 ახალი ავტობუსი, რომლებიც უკვე თბილისშია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკე-ბაგებამდე იმოძრავებს და #61 ავტობუსს სრულად ჩაანაცვლებს. ავტობუსი 85 ადამიანს იტევს, აქედან 33 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსის სიგრძე 12 მეტრია. ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია კონდინციონერით, მუშაობს ბუნებრივ აირზე. ავტობუსების გაჩერებები გახმოვანებული იქნება. ბილეთი კი კვლავ 50 თეთრი ეღირება.


შემდეგ ეტაპზე, 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მერია კიდევ 13 ავტობუსს ელოდება, შემდეგ ეტაპზე- 60-ს, ხოლო თებერვლის ბოლოსთვის - კიდევ 60 ავტობუსს. საერთო ჯამში, თბილისში 143 ახალი ავტობუსი ივლის. მათი მარშრუტები ეტაპობრივად განისაზღვრება.


როგორც სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მირიან ლებანიძე „ნეტგაზეთთან" საუბრისას აღნიშნავს, ქალაქში ყოველდღიურად 512 ავტობუსი გადაადგილდება, რაც მოსახლეობისათვის საკმარისი არ არის. მისი ცნობით, ქალაქის მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილებული იყოს, 800 ავტობუსია საჭირო.


„ამ 143 ავტობუსის შემოყვანით ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ყოველდღიურად ქალაქში გავიყვანოთ 604 ავტობუსი, ანუ, კიდევ 200-მდე ავტობუსია საჭირო", - ამბობს ლებანიძე და დასძენს, რომ მთლიანად ავტოპარკი გამოსაცვლელია. შესაბამისად, მომავალ წელს იგეგმება დონორებთან მოლაპარაკებები: "იმედი გვაქვს, რომ კიდევ იქნება მხარდაჭერა. მომავალ წელს ახალი ტენდერი გამოცხადდება და მომავალ წელსვე შევძლებთ, შევიძინოთ საშუალო ტევადობის ავტობუსები, რათა მათ შეძლონ თბილისის ვიწრო ქუჩებსა გარეუბნებში თავისუფლად გადაადგილება".


რაც შეეხება იმ ავტობუსებს, რომლებსაც ახლები ჩაანაცვლებს, - მათი უდიდესი ნაწილი გადანაწილდება იმ მარშრუტებზე, რომლებიც საჭიროებს ავტობუსების დამატებას, ნაწილს კი ჩამოწერენ.


საავტობუსე ზოლებს რაც შეეხება, აქამდე თბილისში მოქმედებდა სამი გამოყოფილი ზოლი: ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე (პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან აბანოთუბნამდე), აღმაშენებლის გამზირზე, და ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩამდე. ამ ზოლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ გადაადგილდებოდა.


ამჯერად დამატებულია მეოთხე, ე.წ ბასლაინი 800-მეტრიან მონაკვეთზე: კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე. ეს ხაზი, სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, ყვითლადაა შეღებილი და იქ მოძრაობის უფლება აქვს მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მათ მოეთხოვებათ, მხოლოდ ამ ზოლში იმოძრაონ. სატრანსპორტო სამსახურის ცნობითვე, "ბასლაინზე" ალაგ-ალაგ გაწყვეტილია ღერძულა, მსუბუქმა კერძო ავტომობილებმა შეძლონ მოსახვევებში შესვლა, მგზავრების ჩასმა და ა.შ.


სატრანსპორტო სამსახურში ამბობენ, რომ ახალი "ბასლაინი", საპილოტე ვერსიაა და დააკვირდებიან, როგორ იმუშავებს.

"ახლა ერთ-ერთი უცხოური კვლევითი ორგანიზაცია ატარებს კვლევას სამარშრუტო სქემებთან დაკავშირებით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით გაკეთდება მთელი ქალაქის მასშტაბით ბასლაინები და განსაკუთრებით იმ ხაზებზე, სადაც ახალმა, დიდმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ", - განაცხადა მირიან ლებანიძემ სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურიდან.


ახალი ავტობუსები მერიამ EBRD-ის გრძელვდიანი სესხით შეიძინა. კერძოდ, მერიის ცნობით, ავტობუსების შეძენასა და ჩამოტანისათვის საჭირო იყო 7 მილიონი ევროს ოდენობით გრატი და 27 მილიონი ევროს ოდენობით გრძელვადიანი სესხი.


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner