logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: არსებული სტატისტიკა არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კრიმინალის დონემ იმატა
- +

28 სექტემბერი. 2016. 03:38



„არსებული სტატისტიკა ნამდვილად არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კრიმინალის დონემ ქვეყანაში იმატა. თუმცა ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე გახმაურებული დანაშაული, რამაც, შესაძლოა, არასწორი განცდა გააჩინა", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, პოლიცია თავდაუზოგავად მუშაობს და დანაშაულების  უმეტესობა იხსნება ცხელ კვალზე.

 

„ყოველდღიურ რეჟიმში პოლიცია თავდაუზოგავად მუშაობს და მიუხედავად სხვადასხვა ინტერესჯგუფის პერიოდული საინფორმაციო შეტევებისა, საკმაოდ ეფექტურია. გაათმაგებულია ოპერატიული მუშაობა, რისი შედეგიც არის ის, რომ ბოლო პერიოდში არ არსებობს გაუხსნელი რეზონანსული დანაშაული და რაც მთავარია, უმეტესად იხსნება ცხელ კვალზე, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ბოლო ყაჩაღობის შემთხვევა ვაზისუბანში", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაიხსნება პოლიციის მაღალტექნოლოგიური ცენტრი რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. ამის მაგალითად მღებრიშვილი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ასახელებს, რომლებშიც ამ პროგრამამ გაამართლა.

 

„გაძლიერებულია კრიმინალური პოლიციის შემოვლის ჯგუფების პატრულირება. ვფიქრობ, პოლიცია რეაგირების ნაწილში ეფექტიანად მუშაობს. თუმცა რეაგირების გარდა, პოლიციის საქმიანობის მეორე და უმნიშვნელოვანესი ასპექტი პრევენციაა. სწორედ ამ მიმართულებით გვჭირდება ჩვენ პრობლემების სისტემური გადაწყვეტა, ანუ განვითარება სწრაფი ტემპით. ამ მიზნით, საპოლიციო საქმის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით შევისწავლეთ და ძირითადი აქცენტი უფრო ტექნოლოგიებზე გავაკეთეთ. ჩვენი ხედვა გულისხმობს ქვეყანაში ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის განვითარებას, რომელიც აღჭურვილი იქნება ვიდეოანალიტიკური პროგრამებით. ვიწყებთ ყველაზე მასშტაბურ რეფორმას და პირველი რევოლუციური მნიშვნელობის პროექტს. ჩვენ ვხსნით პოლიციის მაღალტექნოლოგიურ ცენტრს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისი საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემით ლონდონის, დუბაისა და ნიუ-იორკის გვერდით აღმოჩნდება. გარდა ამისა, ეს პროექტი დაახლოებით 3-ჯერ იაფია, ვიდრე, მაგალითად, საპატრულო პოლიციის არსებული სისტემა და, რაც მთავარია, ძალიან ეფექტიანია სწორედ პრევენციისთვის. მაგალითად, ლონდონში ამ ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 4-5 წელიწადში 416,000-დან 121,770-მდე შემცირდა. 2014 წლის მონაცემებით, ნიუ-იორკში ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალადობრივმა დანაშაულმა 9,5%-ით იკლო. ამავე პერიოდში დანაშაულის საერთო რაოდენობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ჩიკაგოში ვიდეოკამერების დამონტაჟებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, დანაშაულის რიცხვმა 26%-ით იკლო. 2014 წელს, 2011 წელთან შედარებით, ატლანტაში დაფიქსირდა დანაშაულის საერთო რიცხვის (ინდეხ ცრიმე) 20,992 ერთეულით კლება (-5,5%), ესპანეთში კი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დანერგვის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 10-15%-ით შემცირდა. პარალელურ რეჟიმში, ოქტომბრიდან იწყება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი. სხვადასხვა მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად, ეს გულისხმობს, რომ პოლიცია გადავა ელექტრონულ წარმოებაზე. ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პოლიცია გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი, ასევე, მინიმუმამდე დავიდეს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner