logo_geo
eng_logo
ნოდარ სიმსივე: იმდენს ვფიქრობ მიშაზე, რომ გლეხს ვითამაშებ თუ მწყემსს, მიშას ანალოგი ვიქნები
- +

28 სექტემბერი. 2016. 03:57



„ჰეროკრატიაში" მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ნოდარ სიმსივე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ თავიდან გაუჭირდა როლის მორგება. მისივე თქმით, ამ როლისთვის წონაში მომატებაც კი დასჭირდა.

 

„ჰერო ძალიან საინტერესო როლია, რადგან პიროვნება, ვის პროტოტიპსაც ვასახიერებ, ნიჭიერი და კარგი არტისტია, ლოგიკურად ვერ განჭვრეტ, რის შემდეგ რა შეიძლება გააკეთოს, არაადეკვატურია. ამ ადამიანის ცხოვრება უკვე „მამაო ჩვენოსავით" ვიცი. როლზე მუშაობისას მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც შევისწავლე, რაშიც დიდი დახმარება გამიწია ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა. ამიხსნა, თუ რა დროს შედის ეს ადამიანი ჩიხში, რა დროს გადადის შეტევაზე, რა დროს იწყებს მიმიკებზე მუშაობას. ექს-პრეზიდენტს ძალიან ბევრი მანერული თვისება აქვს, მათ შორის მხოლოდ მისი თითების კომბინაციის 4 ფურცელი მაქვს ჩამოწერილი და ათვისებული. სააკაშვილი უდავოდ ნიჭიერი პიროვნებაა, მაგრამ არა ნიჭიერი პოლიტიკოსი.

 

როლზე მუშაობა გასული წლის აგვისტოში დავიწყე. ვიჯექი და მის ვიდეოებს ვუყურებდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა. შემდეგ როლზე მოსარგები გასაღების მაგივრობა ერთმა ვიდეომ გამიწია.

 

პლასტიკის, მიმიკისა და მოძრაობის გათავისებაში ხელი შემიწყო წონის მომატებამ. როდესაც როლზე დამამტკიცეს, 80 კილოგრამი ვიყავი, როლის მოსარგებად კი წონის მომატება დამჭირდა და 108 კილოგრამი გავხდი. ამისთვის ქართულ ტრადიციულ კვებაზე გადავედი. წონასთან ერთად პლასტიკაც შემეცვალა, მერე მსახიობის ოსტატობაც მოვიშველიე. რაც შეეხება ვარცხნილობას, ფილმამდე გრძელ თმას ვატარებდი, ახლა შემჭრეს, ბაკებიც ამ პერსონაჟის გამო მოვიზარდე.

როლზე მუშაობა დავიწყე თუ არა, დავასკვენი, რომ პიროვნება, რომელიც უნდა განვასახიერო, არის უშრეტი ენერგიის, თავისი მანერულობით ნუსხავს, იპყრობს საზოგადოებას, გენიალური ორატორია. ზუსტად აწვდის საზოგადოებას მისთვის სასურველ ინფორმაციას, მიუხედავად პირის აპარატისა, რომელიც ცნობილია, რომ არა აქვს გამართული და არც მეტყველება უვარგა.

 

იმედია, ღირსეულად გავართმევ თავს. კმაყოფილია შემოქმედებითი ჯგუფიც და საზოგადოებისგანაც ვიგრძენი სითბო. უკვე ტრილერის ეთერში გაშვების დღიდანვე მივიღე შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი ამ პროექტის დასრულებამდე, რადგან ახლა იმდენს ვფიქრობ მიშაზე, რომ გლეხს მათამაშებთ თუ მწყემსს, მიშას ანალოგი ვიქნები-მეთქი", - ამბობს ნოდარ სიმსივე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner