ავტორი ანა ფერაძე
ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა. როგორც ექსპერტმა „რეპორტიორს" განუცხადა, „ნაციონალები" საზოგადოებას ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აყენებენ. არეშიძის თქმით მათი მიზანი ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ძალის დემონსტრირებაა.
„ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" არაფრისმკეთებლად წარმოაჩენს. რეგიონებში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, საზოგადოების ნაწილი იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, რეალურად კი ასე არ არის, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოების ნაწილი თავისი მეთოდებით ასე მიაჩვია.
„ნაციონალური მოძრაობის" მეთოდოლოგიის ნაწილი საზოგადოებაზე მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ არის. მათი მიზანია ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ძალის დემონსტრირება.
ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, თუ რას გააკეთებს არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა", არჩევნების დღეს, დღის 12 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა" „რუსთავი 2"-ის მეშვეობით გამოაცხადებს ეგზიტპოლის შედეგებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს. სამ საათზე ისევ იმავეს გამოაცხადებენ და უკვე საღამოს, როცა „ქართული ოცნება" რეალურ შედეგს დადებს და გამარჯვებას გამოაცხადებს, ამ დროს საზოგადოების ნაწილი უკვე შემზადებული იქნება, რომ „ნაციონალები" იმარჯვებენ და თქვენ წარმოიდგინეთ ამას რა ამბები მოჰყვება. არ ვამბობ, რომ ეს დაგეგმილია, თუმცა ერთ-ერთი ვარიანტია, რაც შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთოს. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ასე აკეთებდა 2012 წლის 2 ოქტომბერს „რუსთავი 2". მაშინ სიტუაცია თვითონ მიხეილ სააკაშვილმა განმუხტა, როცა თქვა, რომ არჩევნებში დამარცხდა. სხვა შემთხვევაში ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მომხდარიყო", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.