logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: შსს მაქსიმალურად მობილიზებულია არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის
- +

28 სექტემბერი. 2016. 04:47


 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კონკრეტულად არ ასახელებს, რა სახის პროვოკაციებზეა საუბარი, მაგრამ ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისათვის, რომ აღკვეთოს მსგავსი სახის შემთხვევები.

 

„ამ საკითხზე დეტალური საუბრისაგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ამას გეტყვით - ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი ამოცანაა ,ეს არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ამის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს. ნებისმიერი პროვოკაციის პრევენცია და მასზე დაუყოვნებლივი რეაგირება აუცილებელია. ჩვენ ამ არჩევნებზეც ამისთვის მზად ვართ... პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად მობილიზებულია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


მღებრიშვილის განცხადებით, ყველა რეგიონში, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იქნებიან ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების მუდმივ შეფასებას, გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.


„გამოვეცი სპეციალური ბრძანება, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა. კერძოდ, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან იქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების მუდმივ შეფასებას, გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას. ბრძანებით განსაზღვრულია საარჩევნო უბანში, ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების გატარების საფუძვლები და პირობები. დავიწყეთ პოლიციელთა ადგილებზე გადამზადება არჩევნების დღეს მათი უფლება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს პოლიცია აბსოლუტურად აპოლიტიზირებულია და მათ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების დაფიქსირება მხოლოდ ხმის მიცემის დროს შეეძლებათ.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პოლიცია დღეს აბსოლუტურად აპოლიტიკურია. გავეცი ბრძანება, რომ არც ერთი პოლიციელი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავიანთი არჩევანი და პოლიტიკური სიმპათიები მათ შეუძლიათ დააფიქსირონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აძლევენ ხმას. დიახ, ამ არჩევნებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან და შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ სტანდარტი, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული, პროფესიული უწყებაა. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ვახდენთ არჩევნებისთვის ჩვენი სამუშაოს ორგანიზებას და რესურსებს ისე გადავანაწილებთ, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე პოლიციის რეაგირება იყოს სწრაფი და ეფექტიანი. ამჟამად მიმდინარეობს რისკების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შედგენა", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner