შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ თუ ის ჩამოვა, კანონით გათვალისწინებული ნორმებით იმოქმედებენ.
„მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, პოლიცია ისე იმოქმედებს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. სწორედ კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის აზრით, კონკრეტულად რომელიმე რეგიონში გამორჩეულად არ არსებობს პროვოკაციის შანსი და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცველები შესაბამისად იმოქმედებენ.
„არ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ საარჩევნო ოლქში უნდა მოხდეს რაიმე პროვოკაცია. აბსოლუტურად ყველა ოლქი, სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში იქნება მხოლოდ იმ მიზნით, რომ არჩევნებმა მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. იქ, სადაც იქნება კონფლიქტისა და დაპირისპირების საფრთხე, სამართალდამცველები ვითარების ადეკვატურად იმოქმედებენ.
ვიმეორებ, პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. ჩვენ საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის პოლიციელები ვართ. იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალში საცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი და პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას.
ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის!" - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.