logo_geo
eng_logo
როგორ იღებდა ინტიმურ კადრებს სააკაშვილის ხელისუფლება?
- +

14 მარტი. 2016. 23:57



რამდენიმე დღის წინ აგორებულმა სკანდალმა ყველას გაგვახსენა სამი წლის წინათ აღმოჩენილი კასრების ისტორია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ უარი თქვა მოსმენებზე. პირობაც დაიდო, რომ გაანადგურებენ თითოეულ ჩვენგანზე სააკაშვილის მიერ მოგროვებულ ფარულ მასალას.


თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ მასალის მოსპობა, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შსს- და სხვა ძალოვანი უწყებების არქივიდან წლების განმავლობაში ნაგროვები მასალა გაიტანეს ნაციონალური ხელისუფლების ჩინოვნიკებმა და ხშირად სწორედ ესა თუ ის პიკანტური კადრები ხდებოდა დიდი ვაჭრობის საგანი. რისი ასლები არსებობს და კიდევ სად და როდის გამოჩნდება ის? ამ კითხვას დღეს უკვე ვეღარავინ სცემს კონკრეტულ და დამამშვიდებელ პასუხს. მმართველობიდან ჩამოშორების შემდეგაც კინაციონალური მოძრაობა" აიძულებდა საზოგადოების ნაწილს, დაფიქრებულიყო საკუთარი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალზე...


სად არიან ის პირები, ვინც ჩანაწერებს ახორციელებდა? ვინც ჩვენი პირადი კომპიუტერებიდან ინფორმაციებს იღებდა, ვინც გვითვალთვალებდა, ან უშუალოდ ვისგანაც იღებდნენ ისინი დავალებას? ან მაშინ, როდესაც სრულიად ერი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, ვინ უნდა დაისაჯოს?


თავის დროზე, ახალი ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონს გაამკაცრებდა. თუმცა ექსპერტები თავშივე ეჭვით უყურებდნენ ამ ინიციატივას, ვინაიდან კანონს არ აქვს უკუქმედების ძალა და ის მომავალში ჩადენილ ამგვარ ქმედებას დასჯის მხოლოდ.


რაკიღა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელსა და რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულმა პირადი ხასიათის კადრებმა ხელახლა შეგვახსენა საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, „პრაიმტაიმი" შეეცდება, ერთგვარი მიმოხილვა შესთავაზოს მკითხველს.


მაშ ასე: რომელი უწყებები გვისმენდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს? ვინ გვიღებდა და რას კითხულობდნენ? რამდენად უსაფრთხოა კომპიუტერული პროგრამები? როგორ ხდებოდა მეილის კოპირება და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი პირად ცხოვრებაში გარეშე პირების ჩარევისგან?


ვის და რისთვის აჯილდოებდა სააკაშვილი?


როდესაც საქმე მოსმენებსა და ფარულ გადაღებებზე მიდგება, ექსპერტები მაშინვე რამდენიმე გვარს ასახელებენ, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა ჰქონდეთ გატანილი მნიშვნელოვანი კომპრომატები მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებზე. მათ შორის არიან - ახალაია, ქარდავა, კოდუა, მესხელი... რამდენიმე დღის წინანდელ სკანდალზეც ისევ ეს გვარები ამოტივტივდა და სხვათა შორის, გავრცელდა კიდეც სააკაშვილის 2012 წლის ბრძანება, როდესაც ის მოგვიანებით კასრების ავტორად ცნობილ მეგის ქარდავას ღირსების ორდენით აჯილდოებს. როგორც 2012 წლის 19 მაისის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის #19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.


თუ ცინიზმია, ცინიზმი იყოს და... „პრაიმტაიმი" მკითხველს სააკაშვილის ერთ-ერთი ბრიფინგიდან ამონაწერსაც შესთავაზებს: „დადასტურდა ფაქტი უკანონო მოსმენების. ეს არის ის ფაქტი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოდი მე პირადად და რა თქმა უნდა, ყოველთვის წარმატებით არა..." - აცხადებდა ის პრეზიდენტის რანგში.


დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ მინიმუმ თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტი ამტკიცებს, თითქოს ის ებრძოდა და მის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი უწყება არ აწარმოებდა ფარულ გადაღებას და ფარულ მოსმენას. სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს საინფორმაციო სივრცეში თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა ფარული მოსმენების დამადასტურებელი ჩანაწერები და ვიდეოკადრები. სწორედ სააკაშვილის მმართველობის პირობებში გაჩნდა საზოგადოებაში ტოტალური მიყურადების შეგრძნება და სწორედ სააკაშვილმა დაარწმუნა საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომ ხელისუფლება ისმენდა, ხედავდა და კითხულობდა ყველაფერს. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების სტილი იყო წინასწარ იმიტირებული დანაშაულის ფარული ჩანაწერებით დაკანონება: ასე იყო ირაკლი ბათიშვილის შემთხვევაში, როდესაც გავრცელდა კადრები რესტორან „ზღაპარიდან", გადაღებული 2011 წლის 8 მაისს; ერეკლე კოდუას და არკადი პატარკაციშვილის დიალოგი ლონდონში, 2007 წლის 23 დეკემბერს; ირაკლი ოქრუაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, 2011 წლის 23 მაისს; ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის ჩანაწერი; არკადი პატარკაციშვილის, ვანო ჩხარტიშვილის და ვანო მერაბიშვილის შეხვედრა და დიალოგი სუფრასთან; ყინწვისის ე.წ. შეთქმულთა საუბარი და კიდევ სხვა მრავალი...


მოგვიანებით ექსპერტები დასძენდნენ, რომ ეს იყო მასალები პირთა არალეგალური გადმობირებისთვის არასადაზვერვო და სადაზვერვო ოპერაციებში.


ვინ ვის და რა საშუალებებით უსმენდა


მუდმივი შეკითხვა, რომელიც არსებობდა მიყურადებასთან დაკავშირებით, იყო - ვინ ვის უსმენდა და ზოგადად, რამდენად შესაძლებელია, ერთ კაცს ერთდროულად რამდენიმე უწყება უსმენდეს. აღმოჩნდა, რომ ეს ტექნიკურად სირთულეს არ წარმოადგენს. „ნაციონალური მოძრაობა" მოსმენისა და მიყურადების ამ სტილს ერთდროულად კომპრომატების მოსაგროვებლადაც იყენებდა. მაგალითად, ცნობილია, რომ მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტი უსმენდა ახალაიას თავდაცვის სამინისტროს. ამ ორივე უწყებას ერთად უსმენდა ადეიშვილის პროკურატურა ფინანსური პოლიციის ტექნიკური ბაზის მეშვეობით. აბსოლუტურად კონტროლს მიღმა იყო, ვის უსმენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელსაც მეორე ახალაია აკონტროლებდა. ფარულ მოსმენებს აწარმოებდა დაზვერვის დეპარტამენტი და ეს მთლიანი ქსელი კიდევ რამდენიმე ქვეუწყებად იყოფოდა, სადაც ასევე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების გატარების მოტივით ფარულ მოსმენებს და, ასევე, გადაღებებსაც აწარმოებდნენ. მაშინ არსებული საკანონმდებლო სისტემა იძლეოდა საშუალებას, რომ 7 სპეცსამსახურს ჰქონოდა უფლება, ჩაეტარებინა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ეს ეხებოდა არამარტო მოსმენას: ასევე, კორესპონდენციის გახსნას, ელექტრონული ფოსტის წაკითხვას, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას და ა.შ.



ახალი ტექნოლოგიები და უფრო დაუცველი საზოგადოება


ახალმა ტექნოლოგიებმა აბსოლუტურად გააადვილა ამ მიმართულებით მუშაობა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობა თავად განათავსებს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში. იმაზე მეტსაც კი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. არსებობს სოციალური ქსელების ანალიზი და სხვადასხვა მეთოდები, რითაც ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.


თავის დროზე ჟურნალისტმა, ნათია მიქიაშვილმა, თავის საავტორო გადაცემა „ანატომია" სწორედ ამ თემას დაუთმო და საკმაოდ დამაფიქრებელი კვლევებიც დადო.


ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ჟურნალისტი გვიამბობს, რომ სკაიპი 2003 წელს შეიქმნა ესტონეთში და მისი პროგრამული უზრუნველყოფის ავტორები, ასევე, ესტონელები არიან. 2005 წელს ის 8 მილიარდად იყიდა „მაიკროსოფტმა", რითაც საკუთარი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბაზარზე. ამ დროისთვის სკაიპის სამი ძირითადი ოფისი არსებობს ლუქსემბურგში, ლონდონსა და ტალინში. ის მილიარდზე მეტ მომხმარებელს ითვლის. სკაიპის უსაფრთხოების შესახებ მითი პირველად ეგვიპტის სპეცსამსახურებმა დაანგრიეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტის კონტრდაზვერვის სამსახურის ელექტრონული შეღწევის დეპარტამენტში სკაიპით დაჭერილი რამდენიმე ასეული ზარის ჩანაწერი აღმოჩნდა. ამის გარდა, ცნობილია, რომ სკაიპის მოსმენაზე ოფიციალური უფლება მოიპოვა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „მაიკროსოფტს" ბაზრის დახურვით ემუქრებოდნენ, რაც ამ მეგაკომპანიისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. მაიკროსოფტი ამ ინფორმაციას უარყოფდა. სწორედ მაშინ პრესამ გამოხატა უკმაყოფილება, რომ „მაიკროსოფტმა" სკაიპის შეძენის შემდეგ ის თავის სერვერზე გადაიტანა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა სკაიპის მოსმენას და კითხვას „მაიკროსოფტის" შეხედულებისამებრ.


„ვოთსაფი" - შეიქმნა 2009 წელს. მისი ერთ-ერთი თანაავტორი უკრაინელია, რომელიც თითქმის 20 წელი მუშაობდა „იაჰუში. დაახლოებით 3 წლის წინათ ცნობილი გახდა, რომ „ვოთსაფის" შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გუგლი". გარიგება დაახლოებით 1 მილიონ დოლარამდე ფასდებოდა. თუმცა, მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს მოლაპარაკება ვერ შედგა და „ვოთსაფი" ჯერაც დამოუკიდებელ მოთამაშედ რჩება ამ ბაზარზე...


„ვაიბერიც" 2009 წელს შეიქნა. თუმცა მისი საბოლოო დახვეწა 2010 წელს მოხდა და პროგრამა „აიფონზე" ჩაიტვირთა. მოგვიანებით, 2012 წელს „ვაიბერის" ახალი ვარიანტი ჩაიტვირთა ანდროიდზე. „ვაიბერი" 200-მილიონ მომხმარებელზე მეტს ითვლის და ის ებრაელი ბიზნესმენების დაფინანსებით ბელარუსმა პროგრამისტებმა შეკრეს. ეს პროგრამა სკაიპის კონკურენტად აღიქმება სპეციალისტები მათ გათანაბრებასაც არ გამორიცხავენ. „ვაიბერი" შედარებით უსაფრთხოს იმიჯით სარგებლობდა და ბევრი განვითარებული ქვეყნის ხელისუფალი ინფორმაციის გაცვლის სწორედ ამ საშუალებას მიმართავდა, მაგრამ მოგვიანებით კიბერსპეციალისტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მისი მოსმენა მოახერხეს და მითი მის უსაფრთხოებაზეც დაინგრა.


ფაქტია, რომ სამივე პროგრამის ფესვები პოსტსაბჭოთა სივრცეში მიდის, თანხები კი სპეცსამსახურების გავლენის მიხედვით ნაწილდება - შტატები და ისრაელი.


ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კონკრეტული პროგრამები, ქსელები შექმნილია კონკრეტული ადამიანების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა სპეცსამსახურებში. მაგალითად ავიღოთ „კასპერსკის" ანტივირუსი. ექსპერტების მოსაზრებით, ეს პირდაპირ „ფეესბეს" პროექტია და რუსეთი ამით ძალიან კარგად სარგებლობს.


ინფორმაციის გაცვლის ლიდერად რჩება „ფეისბუკი". მასაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ცუკერბერგის მცდელობის მიუხედავად, მომხმარებლის გვერდის გატეხა, ინფორმაციის დატაცება და პაროლის შეცვლა საშუალო დონის აიტის სპეციალისტისთვისაც კი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას რუსულ „ოდნოკლასნიკებზეც".


რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, მისი დაცვის სისტემა ყოველდღიურად ცდილობს გაძლიერებას, მაგრამ აიტის სპეციალისტები მის გატეხასაც ახერხებენ. ამიტომაც მომხმარებელს ურჩევენ ფასიან სერვერებს, რაც არ გამორიცხავს მის გატეხას, თუმცა მნიშვნელოვნად ართულებს ამ საქმეს.

ბოლო ხანს ახალი პროგრამებიც გამოჩნდა, რომლებიც მეტ-ნაკლებად უსაფრთხოს იმიჯით სარგებლობს, თუმცა, თუ დაინტერესებულმა პირმა მოახერხა თქვენი აიპიმისამართის მოპოვება, ნებისმიერ შემთხვევაში ზედმეტია დაცულობაზე საუბარი.


ვირუსებით გაშიშვლება


არსებობს სპეციალური პროგრამებიც, რომლის საშუალებითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მისი ვიდეოგადაღებაც და ფარული ჩაწერაც. სპეცსამსახურებისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერმა, ტექნიკაში კარგად გარკვეულმა ხაკერმაც შეძლოს. ამის ძალიან ბევრი მაგალითია. როდესაც ხდება ბანკების ვებგვერდების, თვითონ სპეცსამსახურების გვერდების გატეხაც.


ქართველ საზოგადოებას კი კარგად ახსოვს ხელისუფლების ცვლილებამდე გავრცელებული ჩანაწერები „ქართული ოცნების" ლიდერების სურვილებისა მისწრაფებების შესახებ. გვახსოვს, ივანიშვილის ოჯახის წევრების კომპიუტერებში შეღწევით, მოწინააღმდეგე მხარემ რამდენიმე ვიდეოფაილი როგორ მოიპარა. კიბერუსაფრთხოების ამერიკელმა სპეციალისტმა, პოლ ჯოელმა მაშინ საქართველოში პირველად ახსენა ტერმინი მალვეა: ოცნების" კომპიუტერებში ახალი მალვეა შევიდა. მისი ტიპიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე კომპიუტერები ვერ დავირუსდებოდა. სახელმწიფო უწყებების საიტებზე განლაგებულია ვოტნეტები, რომელიც იმავე ენით იყო დაწერილი, რითაც მალვეა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მთავრობას ამ პროცესებთან კავშირი ჰქონდა". - აცხადებდა ექსპერტი.


ირკვევა, რომ ამ ვირუსის სახეობა შეიქმნა ისრაელში, თუმცა ქსელი, რომელიც მის გავრცელებას უწყობდა ხელს, ფინეთსა და ირანშია. ეს ვირუსი პირდაპირ იყო მიმართული კომპანიების წინააღმდეგ, კერძოდ კი ისეთების, რომლებიც ურანის გამდიდრებას უწყობენ ხელს. ერთ-ერთი უძლიერესი და დამანგრეველი მალვეას განადგურებას საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს ანტივირუსული კომპანიების მწარმოებლებმა. სამწუხაროდ, ამ ვირუსმა თავისას მაინც მიაღწია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაერთ კომპანიას მიაყენა სერიოზული ზიანი.


როგორ ხვდება ვირუსი კომპიუტერში? არსებობს ვირუსების გავრცელების სხვადასხვა საშუალებები - მოძრავი მედიასაშუალებები, ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, კომპაქტდისკები, სიდი და იუესბი მოწყობილობები, ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, საზიანო კოდის შემცველი ვებგვერდები, ლოკალურ ქსელში საზიანო ფოლდერები, საზოგადო ქსელები... ცხადია, პიროვნებამ, რომელმაც დაწერა ვირუსი, უნდა იპოვნოს გზა კომპიუტერში შემოსაღწევად. ვთქვათ, მეგობარმა გამოგიგზავნათ სტატია წასაკითხად. „ვორდის" ფაილია. გახსნით და 26 ფაილი ინკუბაციას გადის სხვადასხვა საქაღალდეში და იწყებს მუშაობას. ამ გზით სპეციალისტი არათუ მხოლოდ თქვენს კომპიუტერში დაცულ მონაცემს მიიტაცებს, არამედ მას შეუძლია იმ ოთახში მომხდარი ყველა მოვლენის ვიდეო და აუდიოჩაწერა უზრუნველყოს, თუ კომპიუტერს ვიდეოთვალი და მიკროფონი აქვს.


ორმაგი სტანდარტები


თუ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლება ვალდებულია, იპოვოს დამნაშავე, ეს ლოგიკურია. ექსპერტები მეთოდსაც გვთავაზობენ - თითოეულ კადრზე შეიქმნას იმ პირთა წრე, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ასლი და დაიწყოს სამართლებრივი დევნის პროცედურა. თუმცა, როდესაც საუბარია ასობით ათას მსგავს მასალაზე, ვფიქრობთ, წარმოუდგენელი იქნება მსგავსი მეთოდის ეფექტურობა...


საინტერესო რჩევას იძლევა პარლამენტის თავმჯდომარეც, როდესაც ის სამართალდამცველებს დამნაშავის საპოვნელად მილიონი ლარის გასამრჯელოს დაწესებას სთხოვს... ეს ფაქტი შეიძლება ერთგვარი წამახალისებელიც გახდეს შემდეგი მასალის განსათავსებლად, თუნდაც ბიუჯეტის გაყვლეფის და შემდგომ სოციალური ჯანყის გათვლის მიზნით...


დაბოლოს: როგორც კი მორიგი სკანდალური კადრი გავრცელდა, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ერთგვარი საპრევენციო განცხადებები გაავრცელა - ახლა თითს გაიშვერენ „ნაციონალური მოძრაობისკენო"... თუმცა, ვფიქრობთ, მსგავსი განცხადებები პრევენციად ვერაფრით გამოდგება, ვინაიდან ფაქტს ვერსად გავექცევით და უკვე დადგენილია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ყველა არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით მართლაც ხდებოდა ტოტალური მიყურადება, მოსმენა და გადაღება. და თუ ლოგიკას მივყვებით, უბრალოდ, გაუგებარი ხდება იმ ადამიანების ლოგიკა, ვინც ემიჯნება სააგენტო „აიპიენს" (რომელმაც სკანდალური კადრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა) და არ ემიჯნება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ თუ არა, ასეთი კადრების ავტორი და სულისჩამდგმელია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner