logo_geo
eng_logo
ედუარდ ჯიშკარიანი კობა კობალაძეზე: საჭიროდ ჩავთვალე, მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამ ადამიანზე
- +

28 სექტემბერი. 2016. 13:03




ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის კობა კობალაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„საერთოდ არ მიყვარს პოლიტიკა და პოლიტიკური ცხოვრების რიტმი, არა იმისთვის, რომ იქ ბინძური ან გავლენიანი ხალხია, არამედ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიყვარს უბრალო, მყუდრო და წყნარი გარემო, რომელიც, რა თქმა უნდა, ხშირად არ გამომდის ჩემი პროფესიის გამო. მე ამ ჩემი წერილით არ მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ ამა თუ იმ პარტიას, ეს ყველა თქვენგანის გადასაწყვეტია, მაგრამ დღეს საჭიროდ ჩავთვალე, მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამ ადამიანზე.

 

არავინ იფიქროს, რომ ის ფულს ან რაიმე სხვა, ბევრისთვის ასე მიმზიდველ მატერიალურ ფუფუნებებს მოგახვევთ, ის არ მოისვენებს და არც თქვენ მოგასვენებთ არც ქარში, წვიმაში, თოვლსა თუ ყინვაში, მანამ, სანამ იმ ყველა პრობლემას და საკითხს არ მიიყვანს იქამდე, სადამდეც თქვენი მოთხოვნილება გაწვდება.

 

ის არ დაგირიგებთ თევზს, არამედ შთაგაგონებთ და აგიხსნით, ჯერ:

- ანკესის შეძენის სურვილს;

- მისი ყიდვის საშუალების გამონახვას;

- ანკესის სწორ გამოყენებას;

- სწორი სათევზაო ადგილის შერჩევას;

- შესაბამისი სატყუარას შერჩევა-გამოყენებას;

- დაჭერილი თევზის რეალიზებას;

- დაწყებული საქმის(თევზაობის) დახვეწა-პროფესიონალიზაციას;

 

რაც ზემოთ დავწერე, ეს უბრალოდ მოფიქრებული და გაზვიადებული სიტყვები არ არის, მე, და არა მხოლოდ მე, არამედ უამრავმა ჩვენმა თანამებრძოლმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ მასთან ერთად ეს ეკლიანი და რთული გზა.

 

იმ ბნელ და მშიერ 1990-იან წლებში, იმ მძიმე და ტრაგიკული დანაკარგების მიუხედავად, იმ მძიმე მორალურ-ფსიქოლოგიურ ვითარების და გარემოებების ფონზე, როცა თითქმის ამოწურული და დაკარგული იყო მრავალი იმედი, სუფევდა სასოწარკვეთა და ურწმუნოება მომავლისა, ამ ადამიანმა სწორედ ამ დროს დარაზმა და სხვადსხვა ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებში დააგზავნა ის სამხედროთა ძირითადი ბირთვი, დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს (და არამარტო) ოფიცერთა შემადგენლობა. მას ახასიათებს თვისება, რომელიც არ არის გათვლილი მხოლოდ უახლოეს პერსპექტივებზე, არამედ შესწევს უნარი, გათვალოს, სწორად შეაფასოს და შეარჩიოს შესაბამისი კადრი ხანგრძლივ პერსპექტივებზე.

 

ვინც მის მოწოდებებს აჰყვა, და ეს მცირე რიცხვი ნამდვილად არ არის, ყველა დაეუფლა იმ სათაყვანებელ პროფესიას, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია. არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედრო პროფესიას.

 

მე, როგორც რიგითიმა ჯარისკაცმა 1992-1994 წლებში, შემიძლია ვთქვა, რომ მას არასდროს, არასდროს დაუტოვებია ჯარისკაცი სანგარში მარტო, მიუხედავად სხვადასხვა მიმართულებისა თუ თავდაცვის რაიონებისა, ის თითეულ ჯარისკაცის გვერდში ახერხებდა ყოფნას, როგორ? არ ვიცი, ეს მისი მოწოდებაა.

 

მას არასდროს მიუტოვებია დაჭრილი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე (ამიტომაც აქვს ცხრა ნატყვიარები სხეულზე) თუ ჰოსპიტალში. ჰოსპიტალი შეგნებულად ვახსენე, ვინაიდან ყველას ახსოვს, თუ როგორ ჭირდა იმ დროს სამედიცინო უზრუნველყოფა დაჭრილი ჯარისკაცებისთვის, ის ამასაც ახერხებდა თავისი კონტაქტებით. არავის დაავიწყდება, თუ როგორ გაგზავნა გაგრიდან, ამ დროს თვითონ დაჭრილმა, მძიმედ ყელში დაჭრილი ჯარისკაცი ჯაბა იოსელიანის ვერტმფრენით (ჯაბა გაგრაში დატოვა) უახლოეს ჰოსპიტალში. რაღა შორს წავიდე და, როცა „არამიანცის" საავადმყოფოში სამედიცინო კოლეგიის შეკრების შემდეგ გადაწყდა, რომ ჩემთვის მარჯვენა ფეხი უნდა მოეკვეთათ, მხოლოდ მისი (ის მაშინაც მძიმე დაჭრილი იწვა იმავე ჰოსპიტალის სხვა პალატაში) ძალისხმევით იქნა ჩამოყვანილი ისრაელიდან კვალიფიციური ქირურგები, რამაც საბოლოოდ თავისი ნაყოფი გამოიღო და ფეხი შემინარჩუნეს, ისე, რომ დღეს არც მახსენებს ეგ პრობლემა თავს.

 

რა თქმა უნდა, უამრავი მაგალითის და ისტორიის მოყოლა შეიძლება ამ ადამიანის ირგვლივ ვაჟკაცობასა და თავდადებაზე, რისიც ჩვენი უამრავი თანამებრძოლების იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტს გაიხსენებენ და გვერდში დავუდგეთ, არა კობა კობალაძეს, არამედ იმ მომავალს, რისი გავლის შემდეგ უნდა ხვდებოდნენ ხალხი საკანონმდებლო ორგანოებში თუ ხელმძღვანელ-პოლიტიკურ თანამდებობებზე.

 

ჩვენ ხომ ეგრე შურით შევცქერით ისრაელის მაგალითს, აი, ცოცხალი მაგალითი.

 

უფალი იყოს ჩვენი შემწე, ორთავ სოფელსა შინა.

პატივისცემით და მუდამ საქართველოს სადარაჯოზე,

ედუარდ ჯიშკარიანი.

ერაყი, ბაღდადი, 27.09.2016", - წერს ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner