logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: გააგრძელეთ ჭერში ბუზების თვლა და წუწუნი - „რა გვეშველება...“
- +

28 სექტემბერი. 2016. 13:10




პუბლიცისტი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„გუშინ მომხდარი აქციის და ნაციონალიზმის ხელაღებით გმობას სანამ დავიწყებდეთ, მოდით, მის მიზეზებზეც ვილაპარაკოთ. პრაქტიკულად ბოლო ორი ათეული წელია ქართველი (არ მაქვს საუბარი ერთ მუჭა სუბიექტებზე) და ზოგადად - საქართველოს მოქალაქე, ყველაზე უუფლებო და დაუცველია ამ ქვეყანაში. ეს რადიკალური და მიუღებელი გამოვლინება სწორედ იმ დაგროვილი პროტესტის გრძნობის შედეგია, რაც სხვადასხვა ხელისუფლების დანაშაულებრივმა უგუნურებამ და ღალატმა მოიტანა.

 

გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია თურქების მიერ აჭარაში სკოლის უნებართვოდ აშენების შესახებ... ჯერ კიდევ სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ათასობით რადიკალურად განწყობილ თურქს მიანიჭა მოქალაქეობა, ხოლო თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა ბათუმის, აჭარის თურქეთის წიაღში მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ!

 

გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალის, ხშირად - რუსულის, ხელშია საქართველოს ენერგოსისტემა, მდინარეები ზედ აგებული ჰესებით. სააკაშვილმა 1500(!) ჰექტარი ტერიტორია სვანეთში ერთ დოლარად გადასცა გაურკვეველ, ოფშორულ ინვესტორს, რომელსაც დღესაც სასათბურე პირობები აქვს, მიუხედავად ხელშეკრულების პირობების მრავალგზის დარღვევისა!

 

საქართველოს მდინარეები ფაქტობრივად გაყიდულია: - ჰესის აშენება, მით უფრო იმ ზომით და სტანდარტით, როგორც აქ ხდება, სწორედ მდინარის გაყიდვას ნიშნავს! უახლოეს მომავალში ცხენისწყლის და რიონის ირანში გადაგდებაც იგეგმება, რაზეც ირანის ელჩმა უკვე ღიად ისაუბრა. იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, ობიექტები, ადამიანები. იყიდება რეალურად დათვლილი ეკონომიკური სარგებლის გარეშე, მუქთად, ჩუმად, ხალხის ზურგსუკან, ყოველგვარი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების დარღვევით. იხ. მაგალითად, ორჰუსის კონვენცია...

 

დაინტერესდით, რა ხდება ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, კასპში. რა გაუსაძლის პირობებში უწევს მოსახლეობას მუშაობა და ცხოვრება მოწამლულ გარემოში. რეალურად, ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მუშაობს წარმოება ამ ქვეყანაში, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე უუფლებო და უუნაროა, ხოლო ხელისუფლება - ყოველთვის უცხოელი ინვესტორის მხარესაა. ამ ყველაფრის შემდეგ ნაციონალიზმი გიკვირთ?

 

დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი! გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვა და არა მონათმფლობელური „მდიდარი უცხოელების კულტი", რომელნიც ხან იარაღით და ხან - ფულით, გვაცლიან საარსებო სივრცეს.

 

არადა, გააგრძელეთ ჭერში ბუზების თვლა და წუწუნი - „რა გვეშველება..." - წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner