მომღერალმა ნუგზარ ერგემლიძემ „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ 2007 წელს ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სიაში მისი მეხუთე ნომრად ჩასმის სანაცვლოდ შალვა ნათელაშვილმა დიდი თანხა აიღო.
დასახელდა კონკრეტული გვარიც - მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლება პირველ ლეიბორისტს 800 ათასის ლარის სანაცვლოდ გაურიგდა.
ჯერ კიდევ 2007 წელს ვრცელდებოდა ცნობა, რომ მომღერალი სიაში ნათესავის დახმარებით მოხვდა და მის კანდიდატურას კუდ-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო თოფურიძე ლობირებდა.
„ჩემს ზურგს უკან მოხდა გარიგება, ეს ძალიან ცუდია ადამიანისთვის და ეს არ მომწონდა, რადგან მე ძალიან მჯეროდა, ჩამსვეს სიაში, რატომაც არა. მაგრამ მართლაც მოხდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის", - განაცხადა ნუგზარ ერგემლიძემ.
ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრის, „მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის სოსო შტაბერაშვილის განცხადებით, მოგვიანებით გახდა ცნობილი, თუ რა მასშტაბის კანტორად და ქარვასლად გადააქცია თავისი პარტია ნათელაშვილმა.
„უბრალოდ დახლში დადგა და უბრალოდ ვაჭრობდა სიის გამსვლელი ადგილებით. მან პარტიულ ლიდერებზე წინ ჩაწერა ნუგზარ ერგემლიძე. უბრალოდ, ჩვენ მაშინ ძალიან გავიკვირვეთ, მაგრამ არ ვიცოდით, რაში იყო საქმე. როგორც შემდეგ გაირკვა, ნუგზარ ერგემლიძეც გარიგების ობიექტი ყოფილა სააკაშვილსა და ნათელაშვილს შორის. გარდა ამისა, საარჩვენო სიაში მეოთხე ნომრად ჩაწერა პიროვნება, ბიზნესმენი. პირდაპირ განგვიცხადა, რომ მე ვწერ ბიზნესმენს, რომელიც დააფინანსებს საარჩევნო კამპანიასო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ბატონი თედორაძე ყოფილა ვანო მერაბიშვილის ნათესავი. ეს ფინანსები, რომელიც შემოვიდა პარტიაში და უნდა მოხმარებოდა საარჩევნო კამპანიას, მიითვისა ნათელაშვილმა და დაიწყო ამ ფულის გავახშება. ცოლს გადააბრალა ეს ყველაფერი, ნაცვლად იმისა, რომ თავის თავზე აეღო", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.