logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი რულოვსის, სააკშვილის, კალმახელიძის, შაშკინისა და ლომაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს
- +

28 სექტემბერი. 2016. 14:27




ყოფილი პატიმარი  ალექსანდრე ახალკაცი სანდრა რულოვსის, მიხეილ სააკშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინისა და კახა ლომაიას წინააღმდეგ პროკურატურაში ჩვენების მიცემას აპირებს. მისი თქმით, ეს ადამიანები მონაწილეობდნენ მის წამებაში.  

 

„წიგნი, რომელიც მე ციხეში ყოფნის დროს დავწერე,  არის ერთ-ერთი მხილების ფორმა. სისტემური დანაშაული, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, მიხეილ საკაშვილიდან დაწყებული, კალმახელიძით,  ლომაიასა და შაშკინით დამთავრებული. ბუნებრივია, პრეზიდენტი იყო ამ ყველაფრის თავი და თავი, რომლის დაკვეთითაც უნდა მომხდარიყო ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მივცემ ჩვენებებს. პრინციპში, ჩემი წიგნიც, რომელიც ციხეში დავწერე 2010 წელს, თავად არის  ჩვენება. ეს დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწერილი. გარდა ამისა, ალბათ ეს იქნება პირველი ფაქტი, როდესაც სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი სქემის შესახებ ჩვენებას მივცემ.  ეს  ქალბატონი თანხებს შოულობდა „წითელი ჯვრის" საშუალებით. ეს ეხება ტუბერკულოზის მედიკამენტების სქემას, რომლის შესახებ მე დადასტურებული ინფორმაცია მაქვს. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა მყისიერ რეაგირებას მოახდენს", - განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.


ახალკაცის თქმით, ეს არის  სქემა, როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა პატიმრებისთვის ტუბდისპანსერში წამლების შეწყვეტა. მისივე თქმით, ამ ყველაფერს სანდრა რულოვსი კურირებდა და შოულობდა დიდ თანხებს.



„ეს იყო ხშირი წყვეტა ამ წამლების, რათა ეს ადამიანები გამხდარიყვნენ რეზისტენტულები. მერე სვამდნენ „დოცი +" პროგრამაში, ეს არის უკვე ე.წ. ქრონიკული ტუბერკულოზის პროგრამა, სადაც თანხები იყო გაცილებით დიდი მედიკამენტებისთვის გამოყოფილი, მაგრამ წამლები რჩებოდა იგივე. წამლები საერთოდ არ შემოდიოდა ტუბდაწესებულებაში. მთელ ამ სქემას კურირებდა სანდრა რულოვსი, როგორც „წითელი ჯვრის" წარმომადგენელი. „წითელმა ჯვარმა" ამის შესახებ არც არაფერი იცოდა. ამ სქემით სანდრა რულოვსი შოულობდა ძალიან დიდ თანხებს. გარდა ამისა, ციხეში გარდაცვლილი პატიმრები გამოყავდათ ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერში და იქ აფორმებდნენ როგორც გარეთ გარდაცვლილს. სინამდვილეში ეს ადამიანები იღუპებოდნენ ციხეებშივე. ტუბდისპანსერში მამყოფეს 2 წელიწადზე მეტხანს. აქედან გამომდინარე, ვიყავი ყველა იმ ფაქტის მომსწრე. ასევე, არიან ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან, მისცენ ჩვენებები.  მე დღესვე  მოვყვები ყველა იქ ნანახ დანაშაულზე. მაგალითად, ხათუნა კალმახელიძეზე,  ორჯერ პირადად დაესწრო ჩემს წამებას. იმედი მაქვს, ყველა მათგანი სათანადოდ დაისჯება", -აღნიშნა ახალკაცმა. 


ალექსანდრე ახალკაცი სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა, რეალურად სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო მის  წინააღმდეგ პროვოკაციები, რის გამოც იგი დააკავეს.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner