„პატრიოთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება და ამბობს, რომ მეტი სარწმუნოებისათვის კარგი იქნება, თუ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
„ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველი მხოლოდ დღეს გავრცელებული ჩანაწერი არ არის. ეს საფუძველი მათი მმართველობის 9 წელია. სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" არავის ეშინია, მაგრამ პროვოკაციების მოწყობით მათ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ. მთავარმა პროკურორმა უნდა მიმართოს პარლამენტს, სასწრაფოდ იქნას მოწვეული სესია და ამ პარლამენტარებისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგეს. მეორე მხრივ, ყველა ის პირი, რომელიც დიალოგში მონაწილეობს, არჩევნებიდან უნდა ჩაიხსნას", - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი ჩანაწერი აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან ამით დანაშაულის პრევენცია მოხდა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა საზოგადოების განწყობა უნდა გაითვალისწინოს და საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაზე სარჩელი უნდა შეიტანოს.
„არ მესმის, ასეთი ჩანაწერები რატომ არ უნდა გასაჯაროვდეს?! ამით დანაშაულის პრევენცია მოხდა. აბა, როგორ უნდა მოხდეს, ჯერ დანაშაული უნდა ჩაიდინონ და ასეთი ჩანაწერები მერე უნდა განხორციელდეს?! ვიღაცები დღეს ფარული ჩანაწერების თემას აცოცხლებენ, მათ შორის - ბატონი პრეზიდენტიც, რომელმაც აბსოლუტურად ბუნდოვანი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სამარცხვინოა. ეს განცხადება არ იყო არც კვალიფიციური, არც სახელმწიფოებრივი და არც კომპეტენტური. ის მაინცდამაინც ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და არა იმ საშიშროებაზე, რაც ამ მასალიდან ჩანს. როცა საქმე სახელმწიფო გადატრიალებას ეხება, პრეზიდენტი წინდების ქსოვით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ კონსტიტუციის დაცვის გარანტი უნდა იყოს. როცა ასეთი მასალა ვრცელდება, პრეზიდენტი წინდის ქსოვაზე კი არ უნდა ფიქრობდე, ჯაჭვის პერანგი უნდა მოქსოვო და ქვეყანას შემოახვიო. მთელი ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტი აცხადებდა, რომ წარსული უნდა დავივიწყოთ. რა წარსული უნდა დავივიწყოთ, როცა ხალხს ატყავებდნენ და აწამებდნენ?! ია მეტრეველს, ვაზაგაშვილების ან ხარძიანების ოჯახს უთხრას აბა მარგველაშვილმა, რომ მათ წარსული დაივიწყონ. პრეზიდენტი ქერუბიმივით არის. ზევიდან ისე იყურება, თითქოს, აქ არაფერი მიწიერი არ ხდება. მე მას მოვუწოდებ, საზოგადოების განწყობა გაითვალისწინოს და საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაზე სარჩელი შეიტანოს, რადგან მას ამის ბერკეტი აქვს. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება იმისა, თუ სად დგას, ქართული საზოგადოების მხარეს თუ „ნაციონალური მოძრაობის" მხარეს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.