„ზიმოს" იურისტის გვანცა ფოცხვერაშვილის განცხადებით, ხეების გადატანის სამუშაოები სრულიად კანონიერია. გთავაზობთ ინტერვიუს იურისტთან.
- თქვენი კომპანია აწარმოებს სკანდალური ხეების გადატანის სამუშაოებს, რომლებსაც მოჰყვა უკმაყოფილება საზოგადოების სხვადასხვა წრეებიდან. რამდენად კანონიერად აწარმოებთ სამუშაოებს?
- კომპანია „ზიმოს" დადებული აქვს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კანონიერად ახორციელებს სამუშაოებს. მას აქვს შესაბამისი ნებართვები თითოეული შესრულებული და შესასრულებელი მოქმედების განსახორციელებლად და სამართლებრივად მის მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება (შესრულებული სამუშაო) სრულიად კანონიერია. არ არსებობს მსგავსი უკმაყოფილებისა და პრეტენზიის არსებობის კანონიერი საფუძველი.
- თქვენ აპირებთ ხეების ზღვამდე მიტანას იმ მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის მეპატრონისგანაც არ გაქვთ მიღებული უფლება, ანუ უკანონოდ შეიჭერით მიწაზე, რასაც აპროტესტებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია...
- არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, მათ არ აქვთ უფლება, გამოთქვან მსგავსი სახის პრეტენზია. არსებულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ შპს „ზიმო" სამუშაოების დაწყებამდე და მის შემდეგაც (დღემდე) ცდილობს, ყველანაირი კანონიერი გზის გამოყენებით მიაგნოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ჩვენს მიერ გაგზავნილია წერილები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ასევე მესაკუთრის იმ მისამართზე, რომელიც ჩვენთვის იყო ცნობილი, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა, ვინც კანონიერად წარმოადგენდა მესაკუთრის ინტერესებს.
- რატომ გადაწყვიტეთ ხეების ტრანსპორტირება მაინცდამაინც იმ ნაკვეთზე, რომლის მეპატრონისაგანაც არ გქონდათ ნებართვა?
- აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ შპს „ზიმოს" არ ჰქონდა არჩევანის საშუალება, რადგან არ არსებობს ალტერნატიული მისასვლელი, რომლითაც ის შეძლებდა ხეების ტრანსპორტირებას. შესაბამისად, ეს ერთადერთი, უალტერნატივო მისასვლელია, რომლის გამოყენებითაც შპს „ზიმო" შეძლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
- საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია, რომ ხდება ხეების ამოთხრა და ბუნების დაზიანება მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად შესაძლებელია ამგვარი ოპერაციების ჩატარება. არ ფიქრობთ, რომ აზარალებთ გარემოს და ამახინჯებთ ბუნებას?
- როგორც თავად აღნიშნეთ, კანონის თანახმად აკრძალული არ არის ამგვარი მოქმედებების განხორციელება. „ხე" არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი, ანუ შპს „ზიმო" არ ასრულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. რაც შეეხება ბუნების დაზიანებას, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოხდება ტერიტორიის აღდგენა-რეკულტივაცია და თითოეული ხის სანაცვლოდ დაირგვება 10 ახალი ხის ნერგი.
- ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ტრანსპორტირების შემდეგ ან ახალ ადგილზე ხეები არ გახმება?
- რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ჩვენ არ გვაქვს აღებული მსგავსი ვალდებულება. მოცემულთან დაკავშირებით უნდა იზრუნოს შემკვეთმა.
- თქვენი კომპანიისა და ბუნების დამცველების დაპირისპირებაში ჩაერია პოლიცია და დააპატიმრეს რამდენიმე აქტივისტი, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ თქვენ პოლიცია გამოიყენეთ თქვენი ინტერესების გასატარებლად.
- შპს „ზიმო" კანონიერად ასრულებდა სამუშაოებს იმ ტერიტორიაზე, სადაც მას გააჩნდა მუშაობის ნებართვა, შესაბამისი პირების მიერ განხორციელდა ხელშეშლა და შესაბამისად, პოლიციის მხრიდან მოხდა ხელშეშლის აღკვეთა.
- საპროტესტო აქციაში ჩართული არიან „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებიც. არ ფიქრობთ, რომ ხეების გადატანა პოლიტიკურ ელფერს იძენს?
- მოგახსენებთ, რომ ვინც არ უნდა იდგეს აღნიშნული ქმედებების უკან ცალსახაა, რომ შპს „ზიმოს" ხელი ეშლება სამუშაოების განხორციელებაში, რაც უკანონოა.
- რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციაზე მისული იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შეაჩერა თქვენი კომპანიის მუშაობა, სანამ არ მოაწესრიგებდით ყველა დოკუმენტს, დღეს რატომღა დაიწყეთ მუშაობა, ყველა დოკუმენტი წესრიგშია?
- ჩვენ აღნიშნულ დღესაც, როდესაც მოხდა სამუშაოების შეჩერება, გვქონდა ყველა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სრულიად კანონიერად მიმდინარეობდა სამუშაოები. ჩვენ კიდევ ერთხელ წერილობით მივმართეთ აჭარის ხელისუფლებას. შესაბამისად, დღეს გავაგრძელეთ მუშაობა.